სამართალი

საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

18 იანვარი, 2012 • 1735
საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

კონცერტი საჩხერეში
კონცერტი საჩხერეში

„რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ინგა ზაბახიძე საჩხერელი ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას აპირებს.

ზაბახიძის თქმით, ახალგაზრდები 13 იანვრის ღამეს სასტიკად სცემეს, როდესაც ძველით ახალი წლის აღსანიშნავად რაიონში „მგზავრების“ და „ჯეოსტარი 2011“–ის, მარიტა როხვაძის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც ესწრებოდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდები ბიძინა ივანიშვილისთვის მხარდაჭერის გამოხატვის გამო სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა ცემეს, რომლებიც რაიონში იმერეთის გუბერნატორს ჩაყვნენ ქუთაისიდან.

„კონცერტის დროს ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეს „ქართული ოცნების“ თეთრი კაშნე ეკეთა და როგორც ამბობს, პირდაპირ მომადგნენ სპეცრაზმელები და მცემესო. ამ დროს ერთ ბიჭს დაუძახია – „გაუმარჯოს ბიძინასო!“ მერე სხვებიც აყვნენ თურმე და ამის გამო დაერივნენ ყველას და ცემეს“, – ამბობს ინგა ზაბახიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ნაცემია 10–მდე ახალგაზრდა, თუმცა სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება ორ მათგანს აქვს მიღებული.

„ერთი ფეხმოტეხილია – სპეცრაზმელებმა ბოთლით დაუმტვრიეს ფეხის ძვლები იმის გამო, რომ თხოვდნენ, ბიძინას შეაგინეო და არ შეაგინა. მეორე ახალგაზრდას ცემისგან ნეკნები აქვს ჩამტვრეული. გვაქვს ინფორმაცია კიდევ ერთ ასაკოვან ადამიანზე, რომ თავი გაუტეხესო, მაგრამ ჯერ მისი ვინაობა ვერ დავადგინეთ,“ – ამბობს ინგა ზაბახიძე.

მისივე თქმით, დაზარალებულებს მომხდარის გამო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის არ მიუმართავთ.

„საავადმყოფოშიც კი გატარებულები არიან ისე, რომ თითქოს კიბიდან გადმოვარდნენ. ძალიან შეშინებულები არიან და მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯერ არც ჩვენ ვამჟღავნებთ მათ სახელებსა და გვარებს“, – ამბობს ინგა ზაბახიძე.

“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2012 წელი იყოს უკეთესი ამ რაიონის თითოეული მკვიდრისთვის,” – ასეთი განცხადება გააკეთა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ნაციონალური მაუწყებლებისთვის 13 იანვრის ღამეს საჩხერეში.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 13 იანვარს საჩხერეში ახალგაზრდები მაქაცარიას თანმხლებმა სპეცრაზმელებმა ცემეს.

„პირველად მესმის მსგავსი ინფორმაცია, გაოგნებული ვარ და არც მჯერა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, მსგავსი რამ საჩხერეში არ მომხდარა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზეინაბ ხაჩიძემ.

ზაბახიძის თქმით, „მომხდარი ფაქტის სიმართლეში საზოგადოება რამდენიმე დღეში დარწმუნდება, როცა შესაბამისი მასალები გამოქვეყნდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი