სამართალი

“ენვერის” საიდუმლო მასალებს ადვოკატები გაეცნობიან

18 იანვარი, 2012 • 2198
“ენვერის” საიდუმლო მასალებს ადვოკატები გაეცნობიან

17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპარეცია “ენვერის” შედეგად დაკავებული 9 პირის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო.

საჩივარს მოსამართლე მარინე იმერლიშვილი, მისივე გადაწყვეტილებით, პატიმრების დაუსწრებლად განიხილავს. კანონის შესაბამისად, სასამართლო თვითონ წყვეტს, სააპელაციო სხდომაზე დაასწროს თუ არა პატიმრები, თუმცა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში იმ გარემოებებზე მიუთითებს, რის გამოც უსამართლოდ მიიჩნევს მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას:

“ეს არის უსამართლობა იმიტომ, რომ სასამართლომ იცის, რომ ცხრავე პატიმარი ითხოვს გამართლებას და არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს. თან ზოგიერთს ჩვენებაც არა აქვს მიცემული პირველ ინსტანციაში და აქედან გამომდინარე, იმის ინტერესი მაინც უნდა გასჩენოდათ, რომ იქნებ აქ უნდათ ჩვენების მიცემა ამ პატიმრებს, მაგრამ, აი, ასე გაიმარტივეს საქმე.”

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, რომ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, რის გამოც პროცესი დახურულია. მათივე თქმით, ამის გამო სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ გაიცემა.

დახურულ რეჟიმში წარიმართა დაკავებულთა პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც, რომელმაც განაჩენი გასული წლის 6 ივლისს გამოუტანა ჯაშუშობასა (სსკ 314-ე მუხლი) და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლაში (სსკ 311-ე მუხლი) ბრალდებულებს.

უფრო მეტიც, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები, როგორც თავად პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე – ადვოკატებისთვის. ადვოკატებს, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი აქვთ მოწერილი საიდუმლო მასალების გაუმჟღავნელობის ვალდებულების დოკუმენტზე, ამ დრომდე არ აძლევდნენ საქმის მასალების გაცნობის უფლებას.

როგორც წესი, სააპელაციო საჩივარს, რომელიც მხარის მიერ სასამართლოში შედის, თან ერთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის ასლი, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს. ამ შემთხვევაში, ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან განაჩენების მოპოვებას, რაც ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ამიტომ სააპელაციო საჩივრის დაწერა არა განაჩენზე, არამედ მხოლოდ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით მოუხდათ:

“აი, ასე, ზეპირად, საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, გავასაჩივრეთ. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ბრალდება ყოველთვის ავტომატურად, კოპირებით გადადის ხოლმე განაჩენში, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკვე დადასტურებულია, სავარაუდოდ, ალბათ, გადაიტანდნენ იმ ბრალდებას და როგორც დადასტურებულს, ისე წარმოაჩენდნენ განაჩენშიც და აი, ის ბრალდება გავასაჩივრეთ.

ჩვენ არ მოგვცეს საშუალება, რომ ვადაში ჩავტეულიყავით. ერთი კი არა, რვა თვე გავიდა მის შემდეგ და დღემდე არ მოუციათ ეს განაჩენი და ამისთვის რომ გვეცადა, საერთოდ ვერ გავასაჩივრებდით. იძულებულნი ვიყავით, ასე ჰაერზე გაგვესაჩივრებინა”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს. პირველი შუამდგომლობით მოითხოევს საქმის მასალების, სხდომის ოქმისა და განაჩენის ასლები, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ მათ განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონი არ ავალდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცული დოკუმენტების ასლების გადაცემას მხარეებისთვის.

“მაშინ მე დავაყენე ასეთი შუამდგომლობა, რომ, კი, ბატონო, ვალდებულება არა გაქვთ, მაგრამ მაშინ გაგვაცანით და ჩვენ თვითონ გადავიღებთ ასლებს, მოგვეცით ამის საშუალება-მეთქი”, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

ადვოკატების თქმით, პროკურორის არგუმენტი, რომ მოსამართლეს არ დაეკმაყოფილებინა ადვოკატების შუამდგომლობები, იყო ის, რომ “ეს საიდუმლო საქმეა და საიდუმლო არ უნდა გამჟღავნდეს”.

“მოსამართლე მიხვდა, რომ სისულელე იყო ამისთანა არგუმენტაციით უარის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი საიდუმლო მასალების გაუმჟღავნებლობაზე და მან ასეთი შუალედური გადაწყვეტილება მიიღო: კი, ბატონო, გაეცანით, ამ ნაწილში გიკმაყოფილებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ასლების გადაღების ნაწილში არ გიკმაყოფილებთო. მოსამართლემ არგუმენტაციის გარეშე გვითხრა უარი ასლების გადაღებაზე”, – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

“ჩვენი ბიჭები ითხოვენ ერთადერთს – გაიგონ, რის გამო იხდიან სასჯელს ციხეში,” – აცხადებენ დაკავებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც სასამართლოს შენობის ფოიეში ელოდნენ ადვოკატებისგან რაიმე ინფორმაციის გამოტანას.

“მოვითხოვთ სამართლიან სასამართლოს. ესენი ცამდე უდანაშაულონი არიან, ჩემმა მეუღლემ პირდაპირ მითხრა – სამუდამო პატიმრობაზე წავალ და ამათთან არ ვითანამშრომლებ და ბრალს არ ვაღიარებო”, – ამბობს იამზე დოლიძე, გელა კაკაბაძის მეუღლე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი გელა კაკაბაძე, გამოძიების მასალების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ-ს) გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ჯაშუშობის მუხლით, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის და მას ჯამში 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპერაცია “ენვერის” შედეგად ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული კიდევ ერთი ქართველი მფრინავის, ტარიელ აბაშიძის მამა, ისმაილ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უდანაშაულოა:

პირველი ადვოკატი რომ გვყავდა,  ბოლო პროცესის დროს გარდაიცვალა და რაც ამ საქმეზე ვიცით, მხოლოდ მისგან. ის ამბობდა, რომ ამ ბიჭებს არავითარი დანაშაული არ მიუძღვისო. ეგენი არიან ყველანი მართლები და სამართლიანი სასამართლო უნდა ჩატარდესო. თუ არ ჩატარდა, ეგ ახლა სახელმწიფოს, მთავრობის საქმეა და ამაზე ჩვენ რას გავარკვევთ?!”

შსს-ს ინფორმაციით, აბაშიძე გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის, სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ.

“ჩემს სახლში რომ ჩაატარეს მაშინ ჩხრეკა, ამოიღეს რაღაც ჩიპი, მოიტანეს, თვითონ დადეს და წაიღეს ისევ თვითონ მათ, მეტი არაფერი. ის ჩიპი რად უნდოდა? არც კოპიუტერი მაქვს და არც რამე, არ იყო ის ჩიპი საჭირო.”

აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ისე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა მფრინავებს – დავით მესხიძესა და გოჩა დიასამიძეს, რომლებიც “ენვერის” ფარგლებში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს “ენვერის” სხვა “მონაწილეებთან” ერთად გლდანის საპყრობილეში რუსეთის მოქალაქეები – კომპანია “სეიბოლტის” საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი არმენ გევორქიანი და მისი მოადგილე რუბენ შიკოიანი (მათაც 11– წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი).

შსს-ს ინფორმაციით, გევორქიანი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, ხოლო შიკოიანი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებს საიდუმლო შესყიდვების შესახებ.

“რა საიდუმლო მასალების წვდომაზეა საუბარი?! მე მის სამსახურს სრულად ვიცნობდი – სადაც დადიოდა, ყველგან თან ვახლდი ხოლმე. საერთოდ, აზრზე არ ვარ, რა საიდუმლო მასალებზე შეიძლება იყოს საუბარი ამ საქმეში. ამიტომ ვდგავარ დღესაც აქ, სასამართლოში, რომ ვიცოდეთ, რა განაჩენი გამოუტანეს? რისთვის? ეს ბიჭები თვითონ კითხულობენ – რატომ ვზივართ ჩვენ ციხეში? ჩემი შვილი მხოლოდ ერთს ამბობს – მითხარით, რატომ და რისთვის ვიმყოფები მე აქ, ციხეში?” – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ლეონ შიკოიანი, რუბენ შიკოიანის მამა.

ჯაშუშობის ბრალდებით იხდის სასჯელს საქართველოს მოქალაქე ედუარდ აბდულაევიც (მასაც 11– წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი). შსს-ს მასალებში მითითებულია, რომ “მეზღვაური და რადიოსპეციალისტი ედუარ აბდულაევი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობისა და რადიოსახმისების შესახებ”.

“ჩემი ძმა არანაირი რადიოსპეციალისტი არ არის. ის ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საერთოდ, არსად არ მუშაობდა. ჩემთან, სახლში, გამიკეთა რემონტი და როცა დააკავეს, ჩვენი ნათესავის სახლში მუშაობდა, ასევე, რემონტზე,” – ამბობს აბდულაევის და.

საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში აჭარაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 11 პირი იქნა დაკავებული, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, იყვნენ: ბიზნესმენი რუსლან გალოგრე (ბრალად დაედო უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას) და რუსეთის მოქალაქე იური სკრილპრნიკოვი (მასაც ბრალად დაედო უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზებას უკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე გრუ-სთან ფარულ კავშირში მყოფ პირებთან შეხვედრებსა და საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას). ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“ენვერის” შედეგად დაკავებული ორი პირი – ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე (ბრალად ედებოდა უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, შსს-ს ინფორმაციით, გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას) და მფრინავი მერაბ უსტალიშვილი (ბრალად ედებოდა ჯაშუშობა, კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების შესახებ), აღიარებითი ჩვენებების მიცემის შემდეგ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებიდან რამდენიმე დღეში.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. როგორც მათი ახლობლები აცხადებენ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ “ენვერის” საქმეზე დაპატიმრებულთა სამართალიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო პროცესი 23 იანვარს გაიმართება. მანამდე დაკავებულთა ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, აქამდე გასაიდუმლოებული საქმის მასალებს გაეცნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი