რატომ დაუბრუნა პროკურატურამ მილიონები ”ქართუ ბანკს”

“ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიესალმება საქრთველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბანკისთვის 2011 წლის ოქტომბერში ჩამორთმეული მილიონების დაბრუნებას, თუმცა, მისთვის მიუღებელია პროკურატურის განცხადება და მას ”სისულელეს” უწოდებს.

ფოტო: რადიო ”თავისუფლება”
ფოტო: რადიო ”თავისუფლება”

“ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიესალმება საქრთველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბანკისთვის 2011 წლის ოქტომბერში ჩამორთმეული მილიონების დაბრუნებას, თუმცა, მისთვის მიუღებელია პროკურატურის განცხადება და მას ”სისულელეს” უწოდებს.

მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის 10 იანვარს განაცხადა, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა ბანკი “ქართუს” ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით, რაც გამორიცხავს მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს.

”უხერხულიც არის, როცა უკანონო თავდასხმით და დაყაჩაღებით ხდება ფულის წაღება, მერე კანონმდებლობის შესაბამისად როგორ დააბრუნეს, როცა სისხლის სამართლის საქმე დახურული არ არის. ამ განცხადებაში არის რაღაცნაირად თავის გამართლებისა და აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობა.  მათ შორის ისიც, რომ მიუთითებენ, ჩვენ უნაღდოდ გადავრიცხეთო. როგორც ვნახეთ, არაფერი უნაღდოდ არ გადაურიუცხავთ. ის ფული, რომელიც წაიღეს და უამრავჯერ აჩვენეს ტელევიზორში იატაკზე გაფენილი, ის ფულია სწორედ შეტანილი ჩვენს ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. რატომ უსვამენ ხაზს, რომ უნაღდოდ გადარიცხეს, როცა ეს არ გაუკეთებიათ? რაც მთავარია, ამას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეცდომაში შეყვანის მცდელობა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს”  ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ”- ბოლოს იქ მითითებულია, რომ თურმე უნაღდოდ იმიტომ გადარიცხეს თანხა, რომ ამით ფულის გათეთრების რაღაც საფრთხეებს ამცირებენ. ეს არის აბსურდული, წმინდა წყლის სისულელე. შევახსენებ პროკურატურასაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ საქართველოს ბანკში უნაღდოდ გადავრიცხეთ ფული. იქიდან გამოგვქონდა ის ფული, რომელსაც მათ დაარქვეს ”შავი ფული.” თუ ნაღდი ფული იყო “შავი,” ახლა როგორ შეიტანეს ეროვნულ ბანკში?”

”ნეტგაზეთმა” სთხოვა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა იოსავას, განემარტა, კონკრეტულად რის საფუძველზე გადაწყდა ”ქართუ ბანკისთვის” სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული თანხის დაბრუნება.

”ამ თანხის დაბრუნება მოხდა კანონის შესაბამისად და ის უკანონო რომ ყოფილიყო, დაბრუნება ნამდვილად არ მოხდებოდა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ხათუნა იოსავამ. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ახლაც გრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ  ზუსტ შეფასებას ამ საკითხთან დაგავშირებით ვერ გააკეთებს, რადგან მან არ იცის ეს ფული სისხლის სამართლის საქმეს რა ფორმით დაერთო და რა ფორმით მოხდა დაბრუნება.

”ალბათ, ამ ფულს ნივთმტკიცების ძალა ჰქონდა მინიჭებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ნიშნავს, რომ როცა ხდება მისი ამოღება, უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. ამ დათვალიერებისას უნდა აღიწეროს და გამოვლინდეს ობიექტის ინდივიდუალური ნიშნები. ჩემი მოსაზრებით, ამ ფულის შემთხვევაში, მნიშვნელობა ჰქონდა მის ნომერს და ნიშნებს – რა კუპიურები იყო და ა.შ. ასევე მნიშვნელვანია, ეს ფული დარჩა თუ არა მტკიცებულებად საქმეში. რადგან ეს არ ვიცი, ამ საკითხზე ზუსტი განმარტების გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს თანხა დაბრუნებულიყო გამოძიების დასრულებამდე, თუკი საჭირო აღარ იყო საქმეზე დართვა და შესწავლილ იქნა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ნივთიერ მტკიცებულებას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა საქმისათვის, დაბრუნება შესაძლებელია. იურისტს მიაჩნია, რომ გასული წლის ოქტომბერში ამოღებულ ფულს საქმეში ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.

”ეს საკითხი რაღაც ბუნდოვანებას ტოვებს. კანონში არ გვაქვს ისეთი განმარტება, რომელიც განსაზღვრავს, კუპიურების ამოღების შემთხვევაში რა სახით უნდა დაბრუნდეს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ნორმა დაირღვა, ეს გაგვიჭირდება,” – აცხადებს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი.

მთავარი პროკურატურის მიერ ”ქართუ ბანკისთვის” ფულის დაბრუნებას გუშინ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი.

პარლამენტარის თქმით, “ქართუ ბანკს” ამოღებული ფული იმიტომ დაუბრუნდა, რომ ბანკს პრობლემები არ შექმნოდა.  როგორც მან განაცხადა, დეტალური ინფორმაცია არა აქვს, თუმცა, შეუძლია იმის თქმა, რომ ფულის დაბრუნება გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

”ასე ძალიან ბევრს არ ფიქრობს, მე მგონი, საქართველოს ხელისუფლება ”ქართუ ბანკის” ფინანსებზე, თორემ 67 მილიონის ზარალზე გაგვიყვანა მათ მიერ ჩვენი კრედიტორებისთვის უკანონოდ ჩამორთმეულმა ქონებამ. ეს პროცესი ინტენსიურად გრძელდება. ამ ხელისუფლებიდან ამ განცხადების მოსმენა, რომ ჩვენს ფინანსებზე დარდობენ, ძალიან სასაცილოა, მეტი რომ არ ვთქვათ, ”- ასე პასუხობს ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი უმრავლესობის წევრის განცხადებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 18 ოქტომბერს თბილისში დააკავა ”საქართველოს ბანკიდან” გამოსული ”ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა და ამოიღო 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო. გამოძიება დაწყებულია   სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ანუ ფულის გათეთრებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაო კუპრეიშვილი