სამართალი

პატიმრების ცემის ისტორიები ახალ ანგარიშში

13 დეკემბერი, 2011 • • 1206
პატიმრების ცემის ისტორიები ახალ ანგარიშში

“იმის გამო, რომ მსჯავრდებულის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, საქართველოს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა ის დასაჯეს – არ აძლევდნენ მედიკამენტებს და უზღუდავდნენ ტელეფონით,  გასეირნების და აბანოთი სარგებლობის უფლებას” – ეს არის მძიმე  ისტორია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშიდან, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და  იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა ბოლომდე არ მოუსმინა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მორიგი ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა  13 დეკემბერს გამოაქვეყნა და მისი პრეზენტაცია “ქორთიარდ მერიოტში” შედგა.

სპეციალური ანგარიშში ასახულია 2011 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. შედეგად, გამოვლენილია პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. დოკუმენტში  დეტალურად არის აღწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული სიტუაცია. თითოეულ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შსს–ს, მთავარ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს და მათ პრობლემებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც სახალხო დამცველი წერს, 2011 წლის 30 მაისს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18  სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ილია მ.–ს.  მისი განმარტებით, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით.  აღნიშნულის მიზეზად მსჯავრდებული ასახელებდა მის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილ სარჩელს.  მისი განცხადებით,  მას უწოდებენ ,,ინტრიგანს“  და ,,საქართველოს მოღალატეს“.  მსჯავრდებული აღნიშნავდა,  რომ იგი დასაჯეს,  კერძოდ,  არ აძლევდნენ მედიკამენტებს და უზღუდავდნენ ტელეფონით,  გასეირნების და აბანოთი სარგებლობის უფლებას.

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა  აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულის დამხარების საკითხთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას. შესაბამისად, დაიწყო გამოძიებაც, თუმცა, 2011 წლის 13 ივლისს მსჯავრდებული კვლავ დაუკავშირდა ომბუდსმენის ოფისს და განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა გრძელდებოდა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2011 წლის პირველი ნახევრის ანალიზში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ფაქტებს შორის ერთ–ერთია გაიოზ ზ.–ს საქმე.

2011  წლის 18  მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.თბილისის N7 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გაიოზ ზ.,  რომლის განმარტებითაც,  იგი 2011  წლის 16  მარტს ჩამოიყვანეს რუსეთის ფედერაციიდან.  მისივე თქმით,  თბილისში ჩამოფრენის შემდეგ მოათავსეს ქ.თბილისის N7  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  მსჯავრდებულის გადმოცემით,  დაწესებულებაში განთავსების შემდეგ იგი შეიყვანეს ადვოკატებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ ერთ–ერთ ოთახში,  სადაც დახვდა უცნობი პირი.  რამდენიმე თანამშრომელი იდგა კართან.  პიროვნებამ,  რომელიც აღნიშნულ ოთახში დახვდა პატიმარს,  ჰკითხა სახელი,  მამის სახელი და გვარი,  რაზედაც პატიმარმა უპასუხა. მსჯავრდებული აღნიშნავს,  რომ ამის შემდეგ მას მოსთხოვეს, ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტზე, რაზეც პატიმარმა უარი განაცხადა. ამის გამო რამდენიმე თანამშრომელმა დაუწყო ცემა.  პატიმრის განმარტებით,  მას სცემდა დაახლოებით 7-8  პირი,  რომელთა ვინაობა არ იცის, თუმცა რამდენიმე მათგანის სახეზე ამოცნობა შეუძლია.  ცემის შემდეგ იგი მოათავსეს დაწესებულების პირველ სართულზე მდებარე N3 საკანში.  პატიმრის გადმოცემით,  იგი მეორე დღეს მოინახულა დაწესებულების ექიმმა,  რომელმაც გააკეთა ჩანაწერები მისი დაზიანებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,  ხოლო იმავე დღეს იგი კიდევ რამდენიმეჯერ მოინახულეს ექიმებმა, რომელთაც გაიოზ ზ.–მ აცნობა მისი სამედიცინო ხასიათის ჩივილების თაობაზე.

ანგარიშის მიხედვით, მსჯავრდებულის დაზიანებების შესახებ გაკეთებულ ყველა ჩანაწერში აღნიშნულია, რომ დაზიანებები მიღებული აქვს დაკავებამდე, თუმცა, “როგორც ცნობილია,  გაიოზ ზ.–ს დაკავება მოხდა რუსეთის ფედერაციაში,  რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ  დაახლოებით ერთი წლის წინ,  ხოლო მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები აშკარად არ შეესაბამება დროის ამ მონაკვეთს”.  ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველივე ეს გაურკვეველს ხდიდა გაკეთებული ჩანაწერების შინაარსს, თუ როდის ჰქონდა რეალურად მიღებული გაიოზ ზ.–ს დაზიანებები.

აღნიშნული ორი ფაქტის გარდა, გამოქვეყნებულ ანგარიშში კიდევ არაერთი კონკრეტული ფაქტია აღწერილი, საიდანაც დასტურდება მსჯავრდებულებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტები. როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, ქართულ ციხეებში დასჯის გავრცელებული ფორმაა –მსჯავრდებულის ცემა, განმარტოებით, კარცერში საცვლების ამარა რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით ჩაკეტვაც.

ომბუდსმენის თქმით, პატიმართა მიმართ უკანონო მოპყრობის ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია,  თუმცა,  როგორც წესი,  საჩივრის, ან ოფიციალური  შეტყობინების გარეშე გამოძიება არ იწყება. გარდა ამისა, საჩივრის დაწერის შემდერგ პატიმრები უარეს დღეში ვარდებიან, რადგან იგივე თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან, ვისაც უჩივიან. ეს ფაქტი მათ აიძულებს, არ გაამჟღავნონ საკუთარი ცემის ფაქტი, რადგან შემდგომში უფრო მასშტაბური ზეწოლის მსხვერპლნი არ გახდნენ.

გიორგი ტუღუში განსაკუთრებით რთულად აფასებს ქუთაისის მეორე და გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას. ქუთაისი ციხეში არსებული ვითარების შესასწავლად ომბუდსმენმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ იქნა გაცემული თბილისის N1, ბათუმის N3,  ზუგდიდის N4  და ხონის N13   დაწესებულებების დახურვის რეკომენდაცია – აღნიშნულ დაწესებულებებში არსებულ პირობებში პატიმრის მოთავსება, გიორგი ტუღუშის შეფასებით, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.  ლიკვიდაციის რეკომენდაციები გაიცემა დაწესებულებებზე,  რომლებიც არც თითოეულ პატიმარზე გამოყოფილი ფართის მხრივ,  არც განათების,  ვენტილაციის,  გათბობის,  ჰიგიენის თვალსაზრისით არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს,  ხოლო ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებულია,  რომ გარემონტებას არ ექვემდებარება.  მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული დაწესებულებები უკანასკნელი მონიტორინგის დროსაც ფუნქციონირებდა.

გამოვლენილი დარღვევებისა საფუძველზე ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, პირადი  კონტროლის  ქვეშ  აიყვანოს  დაკავებისას

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე

და  სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში  მომხდარი  ყველა  არასათანადო  მოპყრობის  ფაქტის  გამოძიება, რათა  უზრუნველყოფილი  იყოს  სწრაფი  და  ეფექტური  გამოძიების ჩატარება; ასევე, უზრუნველყოფილი  იქნას  საჯარო  მოხელეთა  მიერ  განხორციელებული არასათანადო  მოპყრობის  ფაქტების  დეტალური  სტატისტიკის  წარმოება, რომლითაც  შესაძლებელი  იქნება  წამების  წინააღმდეგ  ბრძოლის  სფეროში  არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;  უზრუნველყოს  სახალხო  დამცველისთვის  ამომწურავი  და  დროული ინფორმაციის მიწოდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ.

გარდა პროკურატურისა, გიორგი ტუღუშმა მიმართა საქართველოს  სასჯელაღსრულების,  პრობაციისა  და  იურიდიული დახმარების  საკითხთა  მინისტრსაც, რათა  პირად  კონტროლზე  აიყვანოს  პატიმართა  მიმართ არასათანადო  მოპყრობის  ყველა  ფაქტის  ჯეროვნად  დაფიქსირებისა  და  მათზე ადეკვატური რეაგირების საკითხი.

გარდა არასათანადო მოპყრობისა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ჯანდაცვის პობლემებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, გამოკვეთილია ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მსჯავრდებულებს ხელი არ მიუწვდებათ ადეკვატურ მკურნალობაზე და ამის გამო ხშირად იღუპებიან კიდეც. პატიმართა გარდაცვალების მთავარ მიზეზად კი კვლავ რჩება ტუბერკულოზი და ვირუსული ინფექციები(ძირითადად, ჰეპატიტი).

სახალხო დამცველს ანგარიშში ასევე შეფასებული აქვს შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა და ის ფატქორები, რის გამოც დროებით და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2011 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და  იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.

პრეზენტაციის დაწყებამდე მინისტრმა ჟრნალისტებთან ზოგადი სახის კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მოხსენების მნიშვნელობაზე, თუმცა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს კონკრეტული პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფატქებზე. ხათუნა კალმახელიძემ „ქორთიარდ მერიოტი“ ანგარიშს პრეზენტაციის დასრულებამდე დატოვა, რასაც სახალხო დმაცველმა გიორგი ტუღშმა „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი