სამართალი

შსს ხობის გამგებლის კორუფციის ბრალდებით დააკავების ფაქტს ადასტურებს

11 ნოემბერი, 2011 • • 1196
შსს ხობის გამგებლის კორუფციის ბრალდებით დააკავების ფაქტს ადასტურებს

დღეს, 11 ნოემბერს,  ცნობილი გახდა 28 ოქტომბერს ხობის რაიონის გამგებლის, იგორ ტყებუჩავას დაკავების მიზეზი. ამ დროის მანძილზე შსს მისი დაკავების დეტალებს არ ახმაურებდა.

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო თოფურიძის თქმით, კუდ-მა ხობის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ქრთამის – 5 ათასი ლარის, გამოძალვის სანაცვლოდ დააკავა. როგორც თოფურიძე აცხადებს, იგორ ტყებუჩავამ მოქალაქეს ქრთამის სანაცვლოდ ტენდერში გამარჯვება შესთავაზა. საქმეს კუდ-ი იძიებს.

იგორ ტყებუჩავას დაკავების შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი მისი დაკავებიდან მალევე გახდა. თითმხილველის თქმით, ხობის რაიონის გამგებელი სამართალდამცავებმა 28 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამგეობის შენობის წინ დააკავეს. მის დაკავებას ხობის მცოხვრებთა ნაწილიც შეესწრო.

ხობის რაიონის გამგებლის ორივე მოადგილე – რალა ჩემია და გიორგი გაწერელია – გასული დღეების მანძილზე გამგებლის დაკავების ფაქტს არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ იგორ ტყებუჩავა სამსახურში 28 ოქტომბრის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამსახურში არ უნახავთ და მის მოვალეობას მოადგილე გიორგი გაწერელია ასრულებს.

იგორ ტყებუჩავას დაკავებიდან მხოლოდ 1 კვირაში, 4 ნოემბერს, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ტყებუჩავა კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა დეტალები არ გაუმღავნებია.

წყარომ, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხობის გამგეობის თანამშრომლები გამგებლის დაკავების დეტალებისა და მიზეზის  გაგებას მისი ოჯახიდან ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა მათ ზარებს გამგებლის ოჯახში არავინ პასუხობს. ტყებუჩავას დაკავების ოფიციალური მიზეზის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ ხობელებსა და გამგებლის ახლობლებს.

ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, წლების განმავლობაში ხობის რაიონის გამგებლებს სამსახურებრივი საქმიანობის გამო პრობლემები სამართალდამცავებთან არაერთხელ შექმნიათ. მაგალითად, სამართალდამცავები იძიებდნენ იგორ ტყებუჩავას წინამორბედის – რობერტ გვიჩიას საქმეს, რომელიც დაკითხვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისულეს. ოფიციალურად მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გვიჩია თანამდებობაზე 2006-2009 წლებში მუშაობდა. იგორ ტყებუჩავა კი ხობის რაიონის გამგებლის პოსტს სწორედ 2009 წლიდან იკავებს.

წლების წინ დააკავეს უკვე ყოფილი გამგებელი – ანგული მიქავა, რომელმაც სასჯელიც კი მოიხადა. კანონთან შექმნილი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ”ვარდების რევოლუციამდე” დააკავეს ხობის ერთ-ერთი გამგებელი თემური გერგაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი