ომბუდსმენი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, 4 ოქტომბერს, ავრცელებს განცხადებას, რომ მან 20 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა.

საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, 4 ოქტომბერს, ავრცელებს განცხადებას, რომ მან 20 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, საკითხის შესწავლის მიზნით 2011 წლის 21 ოქტომბერს  საქართველოს სახალხო დამცველმა წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს. სახალხო დამცველმა ასევე გამოითხოვა ბიზნესმენისა და მისი ცოლის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმის წარმოებების მასალები და ზემოაღნიშნული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულებების ასლები.

2011 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიიღო გამოთხოვილი ინფორმაცია და ამჟამად აწარმოებს მათ შესწავლას. ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 3 ნოემბერს სახალხო დამცველს დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, რომელსაც ეცნობა, რომ  სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს  მოქალაქეების ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის  საკითხს.

საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ბიზნესმენმა 7 ოქტომბერს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო 2010 წელს. ის მოქალაქეობის შეწყვეტას ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ბიზნესმენის ადვოკატმა ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ის სასამართლოსგან საქართველოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. წარმოდგენილ სარჩელზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო შესაგებელს სასამართლოში ორშაბათს, 7 ნოემბერს, შეიტანს.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი