ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მსაჯულების შერჩევა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შაერჩია ნაფიცი მსაჯულობის 100 კანდიდატი, რომელთაგან საბოლოოდ 12 შეირჩევა. მათ 7 ნოემბრიდან უნდა განიხილონ მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შაერჩია ნაფიცი მსაჯულობის 100 კანდიდატი, რომელთაგან საბოლოოდ 12 შეირჩევა. მათ 7 ნოემბრიდან უნდა განიხილონ მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი  ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 31ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სიიდან  შეირჩა ნაფიცი მსაჯულობის 100 კანდიდატი. ამავე სხდომაზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ დაამტკიცა ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისათვის დასასმელი კითხვები, რომლებიც უახლოეს დღეებში გაეგზავნებათ შერჩეულ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს. აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება. 100 კანდიდატიდან 12 უნდა შეირჩეს, რომლებიც გადაწყვეტენ  მინასიანების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

კანონის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს  განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მინასიანების ოჯახში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ პირებს სწორედ ამ მუხლით გაასამართლებენ.

1994 წელს თბილისში მინასიანების ოჯახის რამდენიმე წევრის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. პროკურატურის ინფორმაციით, ”სამართალდამცავებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი დაჯგუფება – ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვახტანგ გვრიტიშვილი, მისი ძმა კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, რევაზ დემეტრაშვილი, ალექსანდრე რევაზიშვილი და ამჟამად გარდაცვლილი მალხაზ მოდებაძე.” სამართალდამცავებისვე ცნობით, დასახელებულმა პირებმა იცოდნენ, რომ ნეშან მინასიანის ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, 1994 წლის 18 იანვარს  მოიტაცეს 19 წლის ვაზგენ მინასიანი, ახლობლებს კი გამოსასყიდის სახით  150 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებს მსხვერპლი 10 დღის განმავლობაში ჰყვადათ დამალული ჯერ ორმოში, შემდეგ კი – დიღომში მდებარე ერთ-ერთ სახლში. 15 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ვაზგენ მინასიანი გაათავისუფლეს და ოჯახისაგან მიიღეს პირობა, რომ დარჩენილ თანხას უახლოეს დღეებში გადაუხდიდნენ. შემდგომში, იმ მიზნით, რომ გატაცების ფაქტი არ გახმაურებულიყო, ჯგუფის წევრებმა დახოცეს ნეშან მინასიანი, მისი მეუღლე – ფლორა მინასიანი და ვაჟი – ვაზგენ მინასიანი.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, თუმცა ერთი წლის მანძილე ნაფიც მსაჯულებს ჯერ არც ერთი საქმე არ განუხილავთ. ნაფიცი მსაჟულები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ და იმასაც იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მთელი საქართველოს მასშტაბით 2012 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, რომელიც საარჩევნო სიაშია დარეგისტრირებული. პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ მას შეზღუდული აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას პირი ვერ შეასრულებს, თუ ის არის  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, ირიცხება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირი, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულობისთვის თავის არიდება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე თუ პირი ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და არის 70 წელს გადაცილებული.

კანონით, ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანს ნაფიცი მსაჯულობის გამო გაცდენილი სამუშაოსთვის ანაზღაურება არ დაექვითება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი