სამართალი

მასწავლებელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

27 სექტემბერი, 2011 • • 1977
მასწავლებელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

 

ბოლნისელი პედაგოგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასამართლოში უჩივის, ბოლნისის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელსა და სკოლის დირექტორს კი – პროკურატურაში.

 

მონაწილეობა საპრეზიდენტო პროგრამაში

ლიანა მამულაშვილმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამაში  ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში”. პროგრამის გამოცხადებისას განათლების სამინისტრო ამბობდა, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული სიმწვავით დგას სახელმწიფო ენის სწავლების და ამ ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. სამინისტროს ინფორმაციით, დასტურდება არაერთი ფაქტი, როდესაც ასეთი რეგიონების სკოლებში ქართულის მასწავლებლებიც კი არ ფლობენ საკომუნიკაციო ქართულს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია მამულაშვილი სამინისტრომ ტესტირების საფუძველზე, 50 მასწავლებელთან ერთად, 500 განმცხადებელს შორის შეარჩია. საგამოცდო ქულით ის რეიტინგში მეცხრამეტე იყო. 2009 წლის პირველი სექტემბრიდან მან მუშაობა დაიწყო ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში. მასწავლებელს ევალებოდა კვირაში 18 საათი ესწავლებინა სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო 12 საათი თემში, ქართული ენის შესწავლის მსურველი ადამიანებისთვის. სოფელ დარბაზში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯენელი მოსახლეობა ცხოვრობს.

ლიანა მამულაშვილი ამბობს, რომ სოფელი დარბაზი ბოლნისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და „საკმაოდ მიუდგომელი“, მთიანი სოფელია. ის იხსენებს, რომ ხანდახან „სიცოცხლის რისკის“ ფასადაც კი უხდებოდა სოფელში მისვლა, რადგან რამდენჯერმე მეცხვარის ძაღლები გამოეკიდნენ. მამულაშვილის თქმით, სკოლაში იყო გათბობის პრობლემა, მაგრამ ის მაინც მუდმივად დადიოდა სამსახურში. იგი ამტკიცებს, რომ გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა, დამატებით სამუშაოსაც ასრულებდა, რითაც ადგილობრივების კეთილგანწყობა და სიყვარული დაიმსახურა. როგორც ქართულის მასწავლებელი ამბობს, მას აზერბაიჯანელი ბავშვები ლექსებსაც  უძღვნიდნენ და მათთან ახლაც კარგი ურთიერთობა აქვს.

„ამ ბავშვებისთვის 12 წლის მანძილზე ქართული არავის უსწავლებია, არადა, სწავლას მოწყურებულნი არიან. ქართულის მასწავლებლებმა ქართულიც არ იციან და ამას სამინისტროც აღიარებს,“ – ამბობს ლია მამულაშვილი.

სამსახურიდან გათავისუფლება

სამსახურის დაწყებიდან 1 წლის თავზე, 2010 წლის 13 სექტემბერს, ლია მამულაშვილს სატელეფონი ზარით აცნობეს, რომ სამსახურიდანაა გათავისუფლებული. #17 ბრძანება 2010 წლის 1 სექტემბრითაა დათარიღებული და მას ხელს დარბაზის სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი აწერს.  ბრძანების მიხედვით, სკოლაში ქართულის მასწავლებლად ლიანა გიორგობიანი დაინიშნა. მამულაშვილის გათავისუფლების საფუძვლად კი მითითებულია: 1. სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, დაუმორჩილებლობა და უხეშობა და 2. სამინისტროს მიმართვა და სკოლის სამეურვეო საბჭოს 27 აგვისტოს სხდომის #2 გადაწყვეტილება.

თუმცა, ამავე ბრძანების 2 სექტემბრით დათარიღებულ ამონაწერში გათავისუფლების საფუძვლად სხვა მიზეზია დასახელებული: საფუძველი 1 – კოლექტივში კონფლიქტის შექმნის გამო შიდასასკოლო დისციპლინის დარღვევა და საფუძველი 2 – პირადი განცხადება და პროექტში მონაწილეობა.

ყველა განცხადება რუსულადაა შესრულებული და მას დარბაზის სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი აწერს ხელს. ლია მამულაშვილს კი აღნიშნული განცხადებები ნოტარიულად აქვს ნათარგმნი და დამოწმებული.

გათავისუფლების ბრძანება ლია მამულაშვილმა უკანონოდ მიიჩნია და განათლების სამინისტროს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და რესურსცენტრს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.  ამის შემდეგ კი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით, სარჩელი მოამზადა და საქალაქო სასამართლოში 2011 წლის მარტში შეიტანა. მასწავლებლის ინტერესებს ამჟამად დაქირავებული ადვოკატები იცავენ. ის სასამართლოსგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლო განხილვა ამჟამადაც გრძელდება.

დაპირისპირება სკოლის დირექტორთან

სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორის წერილობითი გაფრთხილება ლია მამულაშვილისადმი 2009 წლის 16 ნოემბრით არის დათარირებული, მიზეზი კი შიდა დისციპლინის დარღვევა გახდა (გაცდენა ხელფასის დაკავების გარეშე).

მეორე გაფრთხილება ლია მამულაშვილმა 2010 წლის 8 თებერვალს მიიღო. დირექტორის ბრძანების მიხედვით, მასწავლებელმა სკოლა 2-3 თებერვალს ავადმყოფობის მიზეზით გააცდინა, თუმცა, სკოლაში ბიულეტენი არ მიუტანია.

“ქალბატონო მაკო, ქალბატონი ლიანა მამულაშვილი ცდილობს ჩემზე ზეწოლას, მას სურს, სკოლის კადრები შევარჩიო მისი კარნახით, რის გამოც პედაგოგებში არ სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. გთხოვთ, მის ნაცვლად სხვა პედაგოგი გამოგვიგზავნოთ” – ეს წერილი სკოლის დირექტორმა მუსეიბ გამბაროვმა 2010 წლის 12 აგვისტოს მიწერა პროგრამა ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში” კოორდინატორს მაკო ჭილაშვილს.

გამბაროვმა სექტემბრის დასაწყისში მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს გია მამულაშვილს, სადაც წერია, რომ ლია მამულაშვილი აცდენდა გაკვეთილებს, კვირაში მხოლოდ სამჯერ დადიოდა, მიზეზად კი ხან ბავშვების ავადმყოფობას, ტრანსპორტის პრობლემასა და ცუდ ამინდს ასახელებდა, ხანდახან კი საერთოდ არ მოდიოდა. ხშირად თვე ისე გადიოდა, რომ საერთოდ არ მოდიოდა სკოლაში. გამბაროვის თქმით, დარბაზის საჯარო სკოლა 1936 წლიდან არსებობს, თავად კი 45 წელია ამ სკოლის დირექტორია და სკოლაში მსგავსი სიტუაცია „აქამდე არ ახსოვს.“

„ქალბატონ ლიას მოსვლის შემდეგ სკოლაში შეიცვალა მდგომარეობა. მან დაიწყო კოლექტივში ენის მიტან-მოტანა, ჭორაობა, დაიძაბა ურთიერთობა თანამშრომლებს შორის.

მოითხოვდა, რომ მისი შვილი ინფორმატიკის მასწავლებლად აგვეყვანა. სულ გვახსენებდა, რომ აკადემიკოსია, მაია (მაკო) ჭილაშვილის მიერ ჩამოტანილი საკანცელარიო ნივთები იმ დღესვე გაქრა, ეჭვი გვაქვს, რომ სახლში წაიღო. წებო ვთხოვეთ და არ გვათხოვა. ამიტომ გამოგვიგზავნეთ სხვა პედაგოგი,“- წერს მუსეიბ გამბაროვი. მის წერილს ხელს აწერენ კამბარ გაჯიევი – ქართული ენის მასწავლებელი და სულეიმან ორუძოვი – ბიოლოგიის მასწავლებელი.

ლია მამულაშვილი სკოლის დირექტორის ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს და ამბობს, რომ მისი ადგილი ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა გაბრიჭიძემ უბრალოდ გაყიდა. დირექტორს კი მისი გათავისუფლება იმიტომ აწყობდა, რომ მხარი არ აუბა „უკანონო სამქიანობაში.“ კერძოდ, როგორც ლია მამულაშვილი აცხადებს, სოფელ დარბაზის სკოლიდან დირექტორი უკანონო ატესტატებს გასცემდა, რაშიც სკოლის მასწავლებლის დახმარება სჭირდებოდა.

მამულაშვილი იხსენებს, რომ განათლების სამინისტროდან მას მოსთხოვეს მოსწავლეთა მკაცრი აღრიცხვა ეწარმოებინა. სოფელ დარბაზის 200-ბავშვიან სკოლაში კი მხოლოდ 60-70 ბავშვი დადიოდა.

„ამ სკოლაში ძალიან ცუდი დასწრება იყო. გარდა ამისა, პრობლემა იყო „არას“ დაწერა. თუ „არას“ ვწერდი, კონფლიქტი მექმნებოდა მოსწავლეების მშობლებთან,“ – იხსენებს ლია მამულაშვილი. მისი თქმით, ის ბავშვები, ვისაც ზღვრულ ნორმაზე მეტი გაცდენა ჰქონდა, ატესტატებს ვერ იღებდნენ, რის გამოც, ყალბი ატესტატის გაცემის შემთხვევაში, დირექტორს სჭირდებოდა მასწავლებელი, რომელიც „არას“ არ დაწერდა.

მამულაშვილი ამბობს, რომ მეთორმეტე კლასში 7 ბავშვი სწავლობდა, რომელთაგან ერთი – აითან გაჯიევა გათხოვდა. გაჯიევა სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის შვილი იყო. როგორც მასწავლებელი ამტკიცებს, მას სთხოვდნენ, რომ აითან გაჯიევას გაცდენები ჟურნალში არ აღერიცხა, რასაც ის არ დაეთანხმა.

„გაჯიევა ფეხმძიმედ იყო, ისე ვატარე, გაცდენილი გაკვეთილები აანაზღაურა ზაფხულში და შეფასებაც ასე დავუწერე,“- ამბობს ლია მამულაშილი. მისი თქმით, ამის გამო ის დირექტორმა აითვალწუნა.  მამულაშილს აქვს ჟურნალის ქსეროასლი, სადაც მეთორემეტე კლასის სიაში შვიდი ბავშვი წერია, თავად კი ამტკიცებს, რომ დირექტორმა 2010 წელს 8 დიპლომი გასცა. მერვე მოსწავლე იყო ვინმე ფარატ ალიევი. მასწავლებლის თქმით, მას ეს ბავშვი „თვალით არ უნახავს.“

„რადგან ყალბი ატესტატების გაცემაში არ მივიღე მონაწილეობა, დირექტორმა ამიტომ გამიშვა სამსახურიდან. ისეთს აიყვანს, ვინც მის თხოვნას შეასრულებს,“ – ამბობს ლია მამულაშილი. ის ამბობს, რომ დირექტორთან კონფლიქტი 2010 წლის ზაფხულში უფრო გამწვავდა. მიზეზი გახდა კომპიუტერების ოთახი, რომლის გამოყენებასაც ქართულის მასწავლებელი ბავშვებისთვის კომპიუტერების შესასწავლად ითხოვდა. მამულაშვილის თქმით, ეს ოთახი მუდმივად ჩაკეტილი იყო და ბავშვებს კომპიუტერებით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ.

დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ მამულაშვილმა დახმარებისთვის პროექტის კოორდინატორს მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. რამდენიმე თვეში ის გაათავისუფლეს.

რამდენად საფუძლიანი იყო ლია მამულაშილის სამსახურიდან გათავისუფლება და მართლა არღვევდა თუ არა ის სკოლის შინაგანაწესს, ამას სასამართლო გაარკვევს. შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 სექტემბერსაა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი