სამართალი | ,

მედია შსს-ს წინააღმდეგ

16 აგვისტო, 2011 | | 992
მედია შსს-ს წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

შესაბამისი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ უკვე გამოიტანა.

შსს-ს წინააღმდეგ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაორგანიზაციებმა – “გაზეთი ბათუმელები”, “გურია ნიუსი”, რადიო “პალიტრა”, შპს “ახალი ამბები”, ასევე, “ნეტგაზეთის” რეპორტიორებმა – კონსტანტინე სტალინსკიმ, თამაზ კუპრეიშვილმა და “გურია ნიუსის” ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მიმართეს.

მოსარჩელე ჟურნალისტებმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს შსს-ს თანამშრომლებისგან მიიღეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მედიაორგანიზაციებს კი მიადგათ მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა მათი რეპორტიორებისთვის ტექნიკის (კამერების და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის) წართმევით. წართმეული ტექნიკა, რომლითაც რეპორტიორები მიტინგის დარბევის კადრებს იღებდნენ, შსს-ს ამ დრომდე არ დაუბრუნებია მედიაორგანიზაციებისთვის.

სარჩელის შესაბამისად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყებს სასამართლო საქმის არსებით განხილვას.

პოლიციელების მიერ ჟურნალისტების ცემისა და მათთვის ტექნიკის ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მიზნით მოკვლევას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

პროკურატურამ მასალები რეაგირებისთვის შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის საფუძველზე კი, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა – ერთი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური – რვა თანამშრომელს.

დაზარალებული ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციები ამჯერად სასამართლოს მეშვეობით აწარმოებენ შსს-სთან დავას.

ამავე თემაზე:

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები დაზარალებულად არ სცნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი