სამართალი

ვესაუბროთ თუ არა უცხოელებს?

9 აგვისტო, 2011 • 1480
ვესაუბროთ თუ არა უცხოელებს?

სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სუსხი საზოგადოებამ `ფოტოგრაფების საქმით~ იწვნია. იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ამ მუხლით ჯაშუშად ნებისმიერ მოქალაქეს გამოაცხადებ. გასულ კვირას 314-ე მუხლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ერთ-ერთი ავტორი ამ მუხლში არსებული `ნაღმების~ შესახებ საზოგადოებას `პრესკაფეში~ ესაუბრა:

314-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურია. რატომ? ამ მუხლის პირველი კომპონენტი დანაშაულად აცხადებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპოვება-გადაცემას და ა.შ. ამ კომპონენტთან მიმართებით პრობლემა არ გვაქვს _ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონით განსაზღვრულია რა არის საიდუმლოება, რატომ უნდა გასაიდუმლოვდეს ესა თუ ის ინფორმაცია, ვინ და რა ვადით უნდა გაასაიდუმლოოს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე. ანუ 314-ე მუხლის პირველი ქვეკომპონენტი მიკრძალავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, ანუ ჩემი ქცევის პროგნოზირება შემიძლია _ თუ არ მინდა ჩავიდინო დანაშაული, თავს შევიკავებ. მაგრამ 314-ე მუხლის მეორე ქვეკომპონენტთან დაკავშირებით მსგავს გარკვეულობას არ აქვს ადგილი. ამ კომპონენტში წერია: `დანაშაულია აგრეთვე საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა”.

თუ ამ ნორმას დავშლით ელემენტებად, მივიღებთ 1. სხვა ინფორმაცია. 2 უცხო ქვეყნის დაზვერვა; ამ ორგანიზაციის დავალებით. 3. შეგროვება და გადაცემა. 4. საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

რა არის სხვა ინფორმაცია _ ინფორმაცია არის რაიმე მონაცემი თუ ამაში იგულისხმება მოსაზრებაც. რადგან კანონი ამის შესახებ არაფერს გვეუბნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსაზრებაც მიიჩნევა ინფორმაციად. გამოდის, დანაშაულია ისეთი რამის შეგროვება-გადაცემა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონით გარანტირებულია და აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული.

გასაგებია, სახელმწიფო საიდუმლოების მქონე ინფორმაციის გადაცემა არ შეიძლება, მაგრამ სხვა ინფორმაციის გადაცემა რატომ არ შეიძლება? ჩვენ ხომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა, რომლის მთავარი კომპონენტი ინფორმაციის მოძიება-გადაცემაა?

2. ვისი დავალებით. როდესაც ჩემთან მოდის გრუ-ს აგენტი და თანამშრომლობას მთავაზობს, შემიძლია დავფიქრდე. მაგრამ 314-ე მუხლში არამარტო დაზვერვაზე, არამედ უცხოეთის ორგანიზაციაზეცაა საუბარი. უცხოეთის ორგანიზაციაში შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. გამოდის, თუ უცხოეთის ორგანიზაცია შემომთავაზებს თანამშრომლობას, წინდახედულობის მოქცევა, რომელიც ჩემ თავს უნდა წავუყენო, იქნება ის, რომ არ დავამყარო კავშირი არც ერთ უცხოურ ორგანიზაციასთან?

3. საზიანო საქართველოს ინტერესისთვის. კანონში წერია, რომ ზიანი არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ მდგრადობას მიაყენებს ზიანს. ასეთი ზიანი თეორიულად შეიძლება მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისას, მაგრამ სხვა ინფორმაციის გამჟღავნებით როგორ შეიძლება მიადგეს ზიანი სახელმწიფო ინტერესებს და რატომ? თუ ზიანი მიადგებოდა რაღაც ინფორმაციის გამჟღავნებით, მაშინ სახელმწიფოს უნდა გაესაიდუმლოებინა ეს ინფორმაცია და თუ არ გაასაიდუმლოა, ცხადია არ გაასაიდუმლოა იმიტომ, რომ მიიჩნია _ ამ ინფორმაციის გამჟღავნება საზიანო არ არის. სხვა ინფორმაცია საზიანო ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმი მოქმედებს.

ფაქტობრივად, ეს ნორმა მისი ყველა ელემენტით არის ბუნდოვანი, ჩვენ არ ვიცით რა არის სხვა ინფორმაცია, რა არის უცხოეთის ორგანიზაცია და რა საზიანო. ესე იგი, ყველაფერი შეიძლება იყოს სახელმწიფო მოხელის თვითნებობაზე დამოკიდებული. ის რასაც ჩათვლის საზიანოდ, იქედან გამომდინარე წამიყენებს ბრალდებას.

თეორიული მაგალითი მოვიყვანოთ. ვთქვათ, პროფესიით ადვოკატთან, ანუ ჩემთან ხელშეკრულება დადო რომელიღაც უცხო ფირმამ. სხვათა შორის, კლიენტსა და მარწმუნებელს შორის ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა დავალების ხელშეკრულება. აქედან ელემენტი _ `დავალება~ სახეზეა, `უცხოეთის ორგანიზაციაც~ გვაქვს. ვთქვათ, ჩემს დამკვეთი ედავება სახელმწიფო ადმინისტრაციული წესით ან არის სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი. მეუბნება ეს უცხოეთის ორგანიზაცია, რომ დავიცვა. მე თუ დავთანხმდები მას, ინფორმაციის `შეგროვება~ მომიწევს? ცხადია მომიწევს. უნდა `გადავცე~? ცხადია უნდა გადავცე _ ის ჩემი კლიენტია. თუ მოვიგე ეს საქმე, `ქვეყნისთვის საზიანო~ იქნება? _ იქნება, მას მოუწევს კომპენსაციის გადახდა, ამიტომ ბიუჯეტი დაზარალდება. შესაბამისად, შეიძლება მე გავსამართლდე იმისთვის, რომ კარგად შევასრულე საადვოკატო მოვალეობა.

აშკარაა, რომ ამ ნორმის არსებობა არის ანაქრონიზმი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გადმოტანილია საბჭოური კოდექსიდან. ეს იმ ქვეყნისთვის სრულიად ბუნებრივი იყო, ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც უცხოელთან დალაპარაკებაც კი სახიფათო იყო. მაგრამ ახლა თუ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნის საქართველოში, ძალიან კარგი, თუ არ ვცხოვრობთ… უნდა ვიცოდეთ, რომ უცხოელს სათოფეზე არ გავეკაროთ, რადგან ეს შეიძლება ჩვენთვის პრობლემა გახდეს.

ეს კანონი არ იმსახურებს იმას, რომ მას ერქვას კანონი ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობს სამართლის უზენაესობის პრინციპებით; იმ პრინციპით, რომ ჩვენს ქვეყანაში უზენაესები არიან არა პირები, რომლებიც სახელმწიფოს სათავეში დგანან, არამედ კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანასწორია. ჩვენი აზრით, ამ კანონის თითოეული ელემენტის მთლიანობა არ მაძლევს საშუალებას, განვსაზღვრო რას მიკრძალავს, რადგან ის მეტისმეტად ფართოა.

რაც შეეხება სასჯელის არაპროპორციულობას. 314-ე მუხლის პირველი ნაწილი 8-დან 12 წლამდე და მეორე ნაწილი 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღ¬ავნების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები ძალზე იშვიათია ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების უმრავლესობაში და, საზოგადოდ, მსუბუქი სასჯელით ისჯება, თუ ისჯება.

შეილერს, ბრიტანეთის ყოფილ საიდუმლო აგენტს, რომელმაც თავისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ისიც სასჯელის ნაწილობრივი გადავადებით. ხოლო გერმანულმა სასამართლომ საერთოდ შეწყვიტა დევნა ჟურნალისტის მიმართ, რომელმაც გერმანიის საიდუმლო სამსახურის არქივებიდან გაჟონილი ინფორმაცია გამოამჟღავნა.

დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა ასეთია _ ისჯება, მაგრამ მსუბუქი სასჯელით. ევროპულმა სასამართლომ განმარტა კიდეც რატომ. ასეთმა სასჯელმა არ უნდა იქონიოს მსუსხავი, გამაჟრიალებელი ეფექტი სხვა ჟურნალისტებზე, რადგან აღარ ილაპარაკებ ისეთ რაიმეზე, რომლისთვისაც შეიძლება 15 წლით ჩაგაყუდონ. და თუ არ ილაპარაკებ, გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი ძალიან გაჭირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი