სამართალი

ბიწაძის სასამართლო ბიწაძის გარეშე

30 ივლისი, 2011 • • 2798
ბიწაძის სასამართლო ბიწაძის გარეშე

ბადრი ბიწაძის სასამართლო საქმის განხილვა დაიწყო 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. მის ინტერესებს ორი დაქირავებული, ერთი კი სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

ბადრი ბიწაძის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმა, ლევან სამუშიამ და იოსებ ბარათაშვილმა, სასამართლო პროცესზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, მერაბ ბეროშვილის  აცილების საკითხი დააყენეს. მათ მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა პროკურომა პროკოფი ჭანკოტაძემ. აღნიშნულ მოსაზრებას მოსამართლე დალი მეტრეველიც დაეთანხმა და ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. მერაბ ბეროშვილის აცილების საფუძვლად ბიწაძის სხვა ადვოკატებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ იგი ბადრი ბიწაძეს სახაზინო წესით, ოჯახის თანხმობის გარეშე 30 მაისს დაუნიშნეს. გარდა ამისა,  ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სახაზინო ადვოკატს არაფერი გაუკეთებია ბიწაძის ინტერესების დასაცავად, არ მოუძიებია მტკიცებულებები მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და ამ ხნის განმავლობაში არ შეხვედრია ბადრი ბიწაძის ოჯახს.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბადრი ბიწაძის ოჯახის ნათესავი ქალი და უმცროსი შვილი, რეზო ბიწაძე. ცოლი – ნინო ბურჯანაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არ გამოჩენილა. მოსამართლე დალი მეტრეველმა ნეტგაზეთის თხოვნაზე, განგვეხორციელებინა პროცესის აუდიო ჩაწერა, გვიპასუხა, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების უფლება მხოლოდ პროცესის მხარეებს აქვთ. შესაბამისად, ჩვენ არ მოგვეცა სასამართლო პროცესის აუდიო ჩაწერის საშუალება.

ბადრი ბიწაძის პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას ორი პროკურორი – პროკოფი ჭანკოტაძე და ირაკლი გოგოლაძე წარმოადგენენ. პროცესის დაწყებისას პროკოფი ჭანკოტაძემ წაიკითხა ბრალდება, რომლის მიხედვითაც, „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ქმარს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული. ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.

პროკურორების თქმით, ბრალდება ბადრი ბიწაძისადმი გამყარებულია „შეფიცულთა რაზმის“ კოორდინატორის, გია უჩავას და სხვა ათეულობით მოწმის ჩვენებით არის გამყარებული. გია უჩავას აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ბადრი ბიწაძე „შეფიცულების“ მეშვეობით გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას პოლიციის სამმართველოებთან, შეჭრას თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოლოტოვის კოქტეილებისა და ხელკეტების გამოყენებას, რა დროსაც, შესაძლოა, მსხვერპლიც ყოფილიყო. ეს მსხვერპლი კი საზოგადოების პასიურ ნაწილს საპროტეტსო აქციებზე გამოიყვანდა. ხალხის დიდი რაოდენობა კი „სახალხო კრებას“ ხელისუფლების შეცვლის საშუალებას მისცემდა.

განსასჯელის ადვოკატებმა, ლევან სამუშიამ და იოსებ ბარათაშვილმა განაცხადეს, რომ ბადრი ბიწაძე უდანაშაულოა, რადგან მას არც „შეფიცულთა რაზმში“ და არც „სახალხო კრებაში“ არ ეკავა რაიმე სახის თანამდებობა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებდა.  გარდა ამისა, ადვოკატები პროკურატურის ბრალდების უსაფუძვლობას იმითაც ადასტურებენ, რომ არეულობა მართლა დაგეგმილი რომ ყოფილიყო, ეს 21-26 მაისის აქციებისას მოხდებოდა. მათ აღნიშნეს, რომ „სახალხო კრების“ აქციებისას  აქტივისტებს არ გამოუყენებიათ ცივი იარაღი და მოლოტოვის კოქტეილები.  ადვოკატებისვე მტკიცებით, 26 მაისს, აქციის დაშლისას გადაღებულ კადრებშიც არ ჩანს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ფაქტები, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ბიწაძის ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ „შეფიცულთა რაზმის“ დაკავებულმა წევრებმა აღიარებითი ჩვენებები საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მისცეს გამოძიებას.

ლევან სამუშიას თქმით,  „შეფიცულებს“ ძალადობრივი გეგმები რომ ჰქონოდათ, მათ ამის განხორციელებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა, თუმცა, მისი აზრით,  ასეთი იდეები ბუნებაში არც არსებობდა. ადვოკატისთვის ასევე გაუგებარი აღმოჩნდა პროკურატურის მიერ შეფიცულებისთვის „ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის“ სტატუსის მინიჭება.

ყოფილი გენერალი – გია უჩავა –  ბიწაძის პროცესზე ერთადერთი მოწმე იყო, რომელიც დაიკითხა. ის სასამართლო დარბაზში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა შემოიყვანა, რომელთაგან ორი ნიღბითა და ავტომატით იყო, ორი კი ჩვეულებრივ, იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

„ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს“ – ასე დაიწყო „შეფიცულთა რაზმის“ კურატორმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. მან სამოქალაქო ფიცის დადებას  რელიგიური ფიცი არჩია. ამის შემდეგ ის ჯერ პროკურორებმა დაკითხეს,  მოგვიანებით კი – ბადრი ბიწაძის ადვოკატებმა.

უჩავას თქმით, მას 4 იანვარს  დაუკავშირდა „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც ყოფილ გენერალს ორგანიზებული ჯგუფის შექმნა სთხოვა. ამ ჯგუფის მიზანი მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო და მას „სახალხო კრების“ აქციები პროვოკაციებისგან უნდა დაეცვა. გია უჩავას ინფორმაციით, ამ ჯგუფში თავდაპირველად 300 ადამიანი გაწევრიანდა და მას „ქომაგი“ დაერქვა, სათავეში კი ეკა ბესელია და გია ბურჯანაძე ჩაუდგნენ. ბესელიას წასვლის შემდეგ კი, ჯგუფს „შეფიცულები“ უწოდეს. აღნიშნული ჯგუფის კურატორი კი პირველივე დღიდან გია უჩავა იყო. ოფიციალურ ხელმძრვანელად გამოცხადებული გია ბურჯანაძე კი, უჩავას თქმით, “შეფიცულთა სახეს” წარმოადგენდა და გადაწყვეტილებებს ის არ იღებდა.

სასამართლოზე უჩავამ ასევე განაცხადა, რომ მან ბადრი ბიწაძე, პირადად, აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში გაიცნო, თუმცა, ზუსტი თარიღი ვერ გაიხსენა. მისი თქმით, ბიწაძემ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასთან ძალადობრივ გეგმაზე საუბარი, რაც სხვადასხვა დაწესებულებებში შეჭრას, მსხვერპლის გამოწვევასა და ამ გზით ხალხის საპროტესტოდ მობილიზებას გულისხმობდა.

უჩავას ინფორმაციით, მსგავს ძალადობრივ გეგმას ეწინააღმდეგებოდა როგორც თვითონ, ისე ირაკლი ბათიაშვილი, გია ბურჯანაძე და „სახალხო კრების“ სხვა ლიდერები. მისი თქმით, სხვა ლიდერებმა ბიწაძის გეგმების შესახებ არაფერი არ იცოდნენ. როგორც უჩავა ამბობს, ეს ძალადობრივი გეგმა ბიწაძემ მას დახურულ კარს მიღმა, პირისპირ შეხვედრისას გააცნო და ამ შეხვედრას არავინ არ ესწრებოდა.

როგორც უჩავამ დაკითხვისას განაცხადა, ბიწაძეს თავდაპირველად „შეფიცულებთან“ კავშირი არ ჰქონია და მან მხოლოდ გვიან აღმოაჩინა, რომ „შეფიცულთა“ უკან ნინო ბურჯანაძის იდგა.

ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა მოწმეს ჰკითხა, თუ შექმნის დღიდან მაისის შუა რიცხვებამდე ბიწაძეს კავშირი არ ჰქონდა „შეფიცულებთან“ და ყველა გადაწყვეტილებას თავად გია უჩავა იღებდა, რატომ ჩათვალა გია უჩავამ, რომ „შეფიცულთა“ უკან ბურჯანაძის ქმარი იდგა?

მოწმემ ადვოკატს უპასუხა, რომ ამის შესახებ მან მაისის დასაწყისში იმ დროს იეჭვა, როცა ბიწაძემ მოლოტოვის კოქტეილებისა და ძალადობრივი გეგმის შესახებ დაუწყო საუბარი.

„ჩემი ინტუიციით დავასკვენი, მე ვივარაუდე, არავის არ უთქვამს, რომ ის[ბადრი ბიწაძე] ჩემი უფროსი იყო,“ – განაცხადა „შეფიცულთა“ ყოფილმა კურატორმა.

ბიწაძის ადვოკატებმა მოწმეს ასევე ჰკითხეს, თუ ვის, სად, როდის და რამდენი მოლოტოვის კოქტეილი უნდა დაემზადებინა, რაზეც უჩავამ უპასუხა, რომ ეს დეტალები მან არ იცოდა და ის მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ფლობდა.

ამის შემდეგ ყოფილმა გენერალმა განაცხადა, რომ ბადრი ბიწაძემ შეფიცულთა რაზმის თბილისის რაიონული ოფისების კოორდინატორებთან ერთად მას გაუმხილა გეგმა, რომლის მიხედვითაც ბიწაძე მათ დაურიგებდა პოლიციის ფორმებს და იარაღს, რის შემდეგაც პოლიციის ფორმაში გადაცმულ რამდენიმე შეფიცულს „სახალხო კრების“ აქტივისტებისთვის პროვოკაცია უნდა მოეწყო. შედეგად კი ხალხის აგრესია რეალურ პოლიციელებზე უნდა გადასულიყო. მან  აღნიშნა, რომ არ უნახავს „შეფიცულებისთვის“ გამზადებული პოლიციის ფორმები და იარაღი.    მისივე თქმით, განიხილებოდა მოლოტოვის კოქტეილების დამზადება კვერცხის შიგთავსში, ან ბოთლში. უჩავას ინფორმაციით,  ბადრი ბიწაძემ მოლოტოვის კოქტეილის ბოთლში დამზადება არჩია, რადგან კვერცხი შეიძლება, აქტივისტებს სროლამდე ხელში გაუტყდეთო.

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად,  გია უჩავამ ვერ გაიხსენა „შეფიცულთა“  ვერც ერთი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი.

„მე ყველაფერი მავიწყდება, დიდი დრო გავიდა,“ – განაცხა ჯვარედინი დაკითხვისას “შეფიცულთა რაზმის” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა.

პროკურორებმა გაიხსენეს გია უჩავას 22 მაისს დაკავების ფაქტი . პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძის თქმით, 22 მაისს, გამთენიისას, კოსტავას გამზირზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები – გიორგი კუნდუხაშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი და ირაკლი სახოკია – „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ იმყოფებოდნენ.  მათთან მივიდა „შეფიცულთა“ ლიდერი გია უჩავა, მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ის დაკაავეს და მანქანაში ჩასვეს. ამ დროს პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ დროშის ტარიანი „შეფიცულები“ და ავტომობილი მნიშვნელოვნად დააზინაეს, გარდა ამისა, ისინი პოლიციელთა ავტომობილიდან გადმოთრევასაც შეეცადნენ. პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთ პოლიციელს ამ დროს ხელიც კი მოტყდა. თავად გია უჩავამ აღნიშნა, რომ დაკავებისას მან დაზიანებები სწორედ აქტივისტების მხრიდან იმ დროს მიიღო, როცა მათ ავტომობილს ხელკეტები დაუშინეს. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციას აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით, იმ დროს მისცა, როცა „26 მაისის სისხლისღვრის შესახებ“ ციხეში რადიოში მოისმინა.

ბიწაძის ადვოკატის კითხვაზე, თუ ვისი ინიციატივით დაკითხეს ის 24 მაისს, შუაღამეს, 02:00 საათზე, უჩავამ უპასუხა, რომ მან დაკითხვა თავად მოითხოვა და არ იცოდა, იმ დროს რა დრო იყო. მისი თქმით, იმ ოთახს, სადაც ის იმყოფებოდა, ფანჯრები არ ჰქონდა და არ შეეძლო გაეგო, დღე იყო თუ ღამე.

დაკითხვის დასრულებამდე  გია უჩავამ პროკურორის კითხვაზე თავის პირველ ადვოკატებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ის უკმაყოფილო იყო ადვოკატების – ნათია კრიკიტაძისა და მანანა კობახიძის საქციელით. როგორც უჩავამ აღნიშნა, ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი იმ დროს განაცხადეს, როცა უჩავამ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტა.

„მე მათ ვუთხარი, რომ სიმართლეს ვიტყოდი და ყველაფერ ვაღიარებდი. მათ მითხრეს, რომ „თავს დავიღუპავდი“ და ამის შემდეგ ჩემს დაცვაზე უარი განაცხადეს,“ – თქვა „შეფიცულთა რაზმის“ ყოფილმა ლიდერმა. მან კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმას, რომ ძალადობრივი გეგმა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მას „სახალხო კრების“ ლიდერები არ იცნობდნენ. პირიქით, როგორც უჩავა ამტკიცებს, ის ეწინააღდმეგებოდა კიდეც ბიწაძის გეგემებს, რათა არ სურდა ძალადობის ესკალაცია.

„- საპროცესო შეთანხმებას ხომ არ ელოდებით და იმიტომ ხომ არ საუბრობთ ასე?“ – ბოლო კითხვა დაუსვა ლევან სამუშიამ გია უჩავას.

უჩავას თქმით, მას არანაირი შეთავაზება არ მიუღია და სიმართლეს ამბობს.

„შეფიცულების“ კურატორის დაკითხვაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია ბადრი ბიწაძის სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ სრულად ეთანხმებოდა იოსებ ბარათაშვილსა და ლევან სამუშიას.

ბადრი ბიწაძის პროცესი მომავალ კვირას გაგრძელდება. აღნიშნული პროცესის განმავლობაში ჯამში დაგეგმილია 60-ზე მეტი მოწმის დაკითხვა, რომელთა შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.

შეფიცულები რუსთაველს ბარიკადებით კეტავენ, 25 მაისი, 2011
შეფიცულები რუსთაველს ბარიკადებით კეტავენ, 25 მაისი, 2011

მასალების გადაბეჭდვის წესი