სამართალი

პროკურატურა: ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება ინტერნეტში კადრების ატვირთვას არ უკავშირდება

15 მარტი, 2016 •
პროკურატურა: ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება ინტერნეტში კადრების ატვირთვას არ უკავშირდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, “ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებული არიან ბრალდებულის სახით პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა – გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს”.

ეს ინფორმაცია პროკურატურამ 15 მარტს მას შემდეგ გაავრცელა, რაც გავრცელდა ინფორმაცია ჯამარაშვილისა და ფხალაძის დაკავებაზე.

“მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის 15 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისთვის ნათელი არ არის, ედავებიან თუ არა დაკავებულებს მიმდინარე დღეების განმავლობაში Youtube-ს მეშვეობით გავრცელებული ვიდეოების ატვირთვას. ფოფხაძის თქმით, მისი აზრით, ბრალი ისეა ფორმულირებული, რომ დაკავებულებს მხოლოდ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, გაზეთ “ქრონიკა პლუსის” ოფისში მიტანილ მასალებზე ედავებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურტაურაში საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ ადევს.

“ბრალი წაუყენეს გუშინ. შესაბამისად, გუშინ მოხდა მისი დაკავება. ჩემთვის მათ დოკუმენტები არ გაუცვლიათ, ასე რომ, ინფორმაციას არ ვფლობ თავიდან ბოლომდე. ბრალი წაუყენეს სისხლი სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისმხობს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება/გავრცელებას. ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა ზურაბ ჯამარაშვილის ადვოკატმა 15 მარტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი