Interviewsკომენტარისაზოგადოება

„მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონს… ძალიან კარგად ვართ გამჭვირვალებული“ – დათო ლიკლიკაძე რუსულ კანონზე

9 აპრილი, 2024 • 978
„მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონს… ძალიან კარგად ვართ გამჭვირვალებული“ – დათო ლიკლიკაძე რუსულ კანონზე

„მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონის მიღებას, იმიტომ, რომ  ნებისმიერი კონტროლი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუნდაც გადმორიცხული თანხების და თუნდაც ვინ რაში ხარჯავს, გაკონტროლებას ვამბობ, ხელისუფლების მხრიდან არ მგონია მართალი“, – ამბობს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„ინფორმაცია არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე ჩვენ ისედაც ვიცით. ეს არ არის დამალული – არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არცერთი გრანტი, არცერთი აქტივობა, არცერთი ტრენინგი… რაში რა იხარჯება, ძალიან კარგად იცის ყველა დონის მთავრობებმა, როცა ეს ფული შემოდის.

ამას არც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მალავენ, ვის აფინანსებენ, რამდენით აფინანსებენ და ამაზე მეტი მკაფიოდ რა უნდა გაიწეროს?!

პროექტს ან გრანტს ისე არავის არ მისცემენ, თუ დეტალურად არ არის ჩაშლილი ყველაფერი. ერთი ავტოკალამიც თუ უნდა იყიდონ, ამის თანხაც კი დეტალურადაა ჩაშლილი.

მერე გაცემული გრანტის აუდიტები დგება – ამ აუდიტს ატარებს როგორც დონორი, ასევე დამოუკიდებლად, თვითონ მიმღები ორგანიზაცია და ე.წ. რაპორტებით ყველამ ყველაფერი ვიცით, ვისაც წაკითხვა გვინდა, რაში რა იხარჯება.

თუ ამის გამო ვიღებთ ამ კანონს, მით უფრო აზრი არ აქვს მის  მიღებას.

რაც შეეხება იმას, რომ ევროპაშიც არის მსგავსი კანონი მიღებული, მე როგორც მითხრეს, საფრანგეთიც იღებს მსგავს კანონს და ის გულისხმობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვას.

მივესალმები, აქ რუსეთის საფრთხეები რომ გაკონტროლდეს, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს არასამთავრობოებში, მედიაში შემოსული თანხა. მე არანაირად არ დავუჭერ მხარს ამ კანონს.

ვფიქრობ, არც არის ამ კანონის მიღების აუცილებლობა.

ამ კანონის მიღება თუ შეგვაფერხებს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ზოგადად, ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაში, თორემ ხელს არანაირად არ შეგვიწყობს.

გამჭვირვალობის გამო თუ იღებენ, ძალიან კარგად ვართ გამჭვირვალებული“, – ამბობს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი