ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, სხვა გლობალურ საკითხებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს რუსეთის საერთაშორისო როლზე მომდევნო წლების განმავლობაში.
ანგარიშის თანახმად, “სავარაუდოა, რომ რუსეთი დარჩება პრობლემების გამომწვევ ძალად მომდევნო ორი ათწლეულის უმეტესი ან სრული დროის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ მისი შესაძლებლობები შემცირდება სხვა ძირითად მოთამაშეებთან შედარებით”.
“რუსეთის უპირატესობები, მათ შორის, მნიშვნელოვანი მოცულობის სამხედრო ძალა, მასობრივი განადგურების იარაღი, ენერგეტიკული და წიაღისეული რესურსები, ვრცელი გეოგრაფიული განფენილობა და საზღვრებს მიღმა საკუთარი ძალის გამოყენების მზაობა, მისცემს მას შესაძლებლობას, რომ გააგრძელოს ვითარების გამაუარესებელი როლის თამაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და ზოგჯერ, უფრო შორსაც კი”, — ნათქვამია აშშ-ის სადაზვერვო დოკუმენტში.
“უმეტესად მოსალოდნელია, რომ მოსკოვი გააგრძელებს განხეთქილების შექმნის მცდელობას დასავლეთში და გააღრმავებს საკუთარ ურთიერთობებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან.
ალბათ, რუსეთი შეეცდება ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებასა და დომინანტური სამხედრო პოზიციების მოპოვებას არქტიკის რეგიონში იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებიც შეეცდებიან წარმოდგენილნი იყვნენ ამ რეგიონში”, — წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად მოლოდინისა, რომ რუსეთი კვლავ შეინარჩუნებს მის ამჟამინდელ პოზიციებს რეგიონში, არსებობს რიგი საფრთხეები, რომელთაც რუსეთის რეგიონალური გავლენების შემცირება შეუძლიათ.
“სუსტი საინვესტიციო კლიმატით, რესურსების ცვალებად ფასებზე ძლიერი დამოკიდებულებითა და მცირე ეკონომიკით, რუსეთს შესაძლოა, გაუჭირდეს საკუთარი გლობალური გავლენების შენარჩუნება.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებიდან წასვლა, ან მისი ამჟამინდელი ვადის ამოწურვის დროს, 2024 წელს, ან მოგვიანებით, შესაძლოა, უფრო სწრაფად შეცვალოს რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციები, განსაკუთრებით, თუ ამას შიდა არასტაბილურობა მოჰყვება.
მსგავსად ამისა, განახლებადი ენერგიის გამოყენებით, ან ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირებით ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირება რუსეთზე შეამცირებს კრემლის შემოსავლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შემცირება ვერ დაბალანსდება ექსპორტით აზიაში”, — წერია ანგარიშის ტექსტში.
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.
ანგარიში მოიცავს გლობალურ ტენდენციებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ამერიკის კონტექსტში, არამედ სხვა გლობალური აქტორების მიმართაც.
დოკუმენტში ასევე შესულია გლობალური დათბობის, პლანეტის ეკონომიკური უთანასწორობის, სიღარიბისა და სხვა გლობალური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია.