Interviews

კაცმა მეორადი დივანი იყიდა, შიგ $43000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

27 იანვარი, 2020 •
კაცმა მეორადი დივანი იყიდა, შიგ $43000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

აშშ-ში, მიჩიგანელმა კაცმა 35 დოლარად მეორადი დივანი შეიძინა, თუმცა მოუხერხებელი მოეჩვენა, რის შემდეგაც მისმა შვილმა დივანი დაშალა და აღმოაჩინა, რომ მასში 43 000 დოლარი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, დივანის პატრონს დაუბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი WNEM ავრცელებს.

როგორც WNEM-ის სიუჟეტშია მოთხრობილი, მიჩიგანის მაცხოვრებელმა ჰოვარდ კირბიმ 2019 წლის დეკემბერში საკომისიო მაღაზიაში დივანი შეიძინა. იგი ნივთს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა და მუდმივად ფიქრობდა, რომ დივანი მოუხერხებელია. შემდეგ დივანი მისმა შვილმა დაშალა და აღმოჩნდა, რომ მასში 40 000 დოლარზე მეტი იყო ჩამალული.

ჰოვარდ კირბიმ მომხდარის შესახებ კონსულტაცია გაიარა ადვოკატთან, რომელმაც უთხრა, რომ არ ჰქონდა ვალდებულება, ფულის პატრონი მოეძებნა და შეეძლო თანხა თავისთვის დაეტოვებინა, თუმცა კირბი სხვაგვარად მოიქცა – იგი მივიდა საკომისიო მაღაზიაში, აღმოჩენის შესახებ განაცხადა და სთხოვა, რომ პატრონი მოეძებნათ.

საბოლოო ჯამში, დივნის პატრონი იპოვეს, რომელსაც კირბიმ მთელი ფული დაუბრუნა. „ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ მოვიქცეოდი, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი. ახლა ვიცი – და ამიტომაც თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ“, – აცხადებს კირბი.


გარეკანის ფოტო: სკრინშოტი ტელესიუჟეტიდან. გარეკანის ფოტოზე: ჰოვარდ კირბი და დივანის მეპატრონე.

მასალების გადაბეჭდვის წესი