Interviews

ენერგეტიკის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რაც თავისი საქმე არაა – ინტერვიუ დავით ჭიპაშვილთან

28 ივნისი, 2017 •
ენერგეტიკის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რაც თავისი საქმე არაა – ინტერვიუ დავით ჭიპაშვილთან

ნენსკრა ჰესისა და ქსანი–სტეფანწმინდის 500 კვ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” 27 ივნისს მორიგი კონფერენცია გამართა, რომელსაც სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოში დაგეგმილ მიმდინარე ენერგოპროექტებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ნეტგაზეთი “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს, დათო ჭიპაშვილს ესაუბრა.


 

  • პირველ რიგში, გვაინტერესებს, შეიცვალა თუ არა რაიმე ნენსკრა ჰესის ან ქსანი–სტეფანწმინდის ხაზების პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან გამოხატული პროტესტის შედეგად?

დავიწყოთ ნენსკრა ჰესით – მოგეხსენებათ, 24 აპრილს იყო დამატებითი კვლევების საჯარო განხილვა, რომელიც გამოაქვეყნა კომპანიამ. ბოლო ვადად ამ დოკუმენტებზე შენიშვნების წარდგენისთვის განისაზღვრა 12 ივლისი. პირადად მე ველოდი, რომ გაცილებით კვალიფიციური კვლევები იქნებოდა წარმოდგენილი და კვალიფიციურად იქნებოდა დასაბუთებული. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადდა, რეალურად, ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის: პროექტის საჭიროების დასაბუთება, სოციალური ზემოქმედება, კომპენსაციების საკითხი, ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე, მათ შორის, ბერნის კონვენციით დაცული გეგმარების ზურმუხტოვანი ქსელის სვანეთი 1–ის ზემოქმედებაზე და აქ არსებული ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციის აუცილებლობაზე და ა.შ. ამ საკითხებზე, სამწუხაროდ, დოკუმენტებმა პასუხი ვერ გასცა. უფრო მეტიც, არაფერია ფაქტობრივად დასაბუთებული ამ პროექტში, რომლის საფუძველზეც ადამიანი იტყოდა, რომ აუცილებელია ეს პროექტი, ან მისი საჭიროება არის დადგენილი. უახლოეს მომავალში გავუგზავნით კომპანიას ამ შენიშვნებს.

  • ნენსკრა ჰესის საჭიროების დასაბუთებაში კომპანია წერს, რომ მისი მიზანია ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის მოცულობის გაზრდა და დამოკიდებულების შემცირება. რამდენად დამაჯერებელია ეს ჩანაწერი თქვენთვის?

აქ საინტერესოა ის, რომ თვითონ ეს ჩანაწერი, როგორც მინიმუმ, არის არასრული; სინამდვილეში ეს არის ის ტრადიციული და სტანდარტული განცხადებები, რასაც ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო აკეთებს ხოლმე.  გენერაციის გაზრდა ენერგეტიკული თვალსაზრისით ფიზიკურად  არაფერს ნიშნავს, თუ არ გვეცოდინება, რა ეღირება ეს გაზრდილი გენერაცია და რა ზემოქმედებას იქონიებს ეს გაზრდილი გენერაცია, თუნდაც ეკონომიკაზე, ადამიანებზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე. სიტყვაზე, 1 კვ საათი თუ დაგვიჯდა 1 ლარი, ეს არ ნიშნავს, რომ ენერგოდამოუკიდებელი ვართ.

მეორე საკითხი ეხებოდა ვალუტის გადინებას: თურმე ჩვენ ჩვენი ჰესი გვექნება და თანხას, რომელსაც ჩვენ იმპორტში ვიხდით, აღარ გავა ეს თანხა და გარკვეულწილად გაამყარებს ჩვენს სავალუტო კურსს. ესეც არის ტყუილი… ამ პროექტს, ისევე როგორც სხვა პროექტებს, ახორციელებს უცხოელი ინვესტორი. შესაბამისად, მისგან იყიდი ამ შემთხვევაში ელექტროენერგიას, თუ იმპორტით შემოიტან, მაინცდამაინც დიდ განსხვავებას არ იძლევა.

  • ენერგოპროექტების დიდი ნაწილი ხშირად ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიებს ეკუთვნით, თუმცა სახელმწიფო ამბობს, რომ ამ პროექტებით ქვეყანა უნდა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. სწორია თუ არა ეს მიდგომა და რეალურად რა სარგებელს ნახავს ქვეყანა ჰესებით? რა შეიძლება მოვიგოთ და რა წავაგოთ?

მოგებით, ვერ გეტყვით, რა შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ ზიანით კი – ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი იქნება, თუნდაც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რადგანაც, კვლავ ვიმეორებ, ეს არის 280 მეგავატის ჰიდროელექტროსადგური, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 1.1 მილიარდით. 1 მეგავატზე რომ დავიანგარიშოთ, ეს არის პრაქტიკულად ყველაზე ძვირი ობიექტი საქართველოში და არა მგონია, მსოფლიოშიც თმობდეს ლიდერობას ამ კუთხით. გარდა ამისა, ეს დამატებით გაზრდის სახელმწიფო ვალებს, მათ შორის, საგარეო ვალს იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ის ააშენებს გადამცემ ხაზს ამ ჰიდროელექტროსადგურისთვის, ის გააკეთებს მისასვლელ გზებს და სხვა დანარჩენ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, საიდან დაფინანსდება ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობა? ალბათ, სესხიდან, რომელსაც ავიღებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რომელიც ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება.

  • გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ, რომ არ არის დაანგარიშებული, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამა თუ იმ პროექტმა გარემოს, ადგილობრივ მოსახლეობას, კულტურულ მემკვიდრეობას და ა.შ. არის თუ არა ეს კომპეტენციის პრობლემაა? რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?

ერთ–ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ხოლმე, არის ის, რომ ვითხოვთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომ ვიცოდეთ, საერთოდ რა გვინდა. ეს გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის საჭიროების შეფასებას – ვგულისხმობ ენერგეტიკულ საჭიროებებს როგორც დღეს, ისევე მომავალში. უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით მომავალში, სიტყვაზე, 10 წლის შემდეგ, ან რა ალტერნატივები გვაქვს, რომ თუ ვთვლით, მოხმარება იზრდება, როგორ უნდა შევამციროთ მისი ზრდის ტემპი ან მთლიანად მოხმარება და ა.შ.

ჩვენ ვითხოვთ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის გაკეთებას ქვეყნისთვის. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვითხოვთ; ასეთი რეკომენდაცია ჰქონდა ჯერ კიდევ ხუდონის დროს ჰოლანდიურ გარემოზე ზემოქმედების კომისიას, რომელიც, სხვათა შორის, დაიქირავა იმავე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და დაავალა, გადაეხედა “ტრანსელექტრიკა ლიმითედის” მიერ წარმოებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (გზშ). თუ დანახარჯებში და სარგებლობლის ანალიზი ქვეყნისთვის არ დაიანგარიშეს, სხვანაირად შეუძლებელია საუბარი, რომ ამ პროექტს სარგებელი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. უნდა დავინახოთ, ფურცელზე მაინც უნდა ეწეროს ერთ მხარეს, რა სარგებელი მოაქვს და მეორე მხარეს – რა ზიანი მოაქვს.

  • წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა არაფერი იცვლება. ხშირად ისმის ბრალდებები კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომლებსაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ახმიანებს. ისინი ამბობენ, რომ ამ ენერგოპროექტებში თანამდებობის პირების, მათი ბიზნესკლანების ინტერესებია და არა ქვეყნის. რამდენად აქვს საფუძველი ამ ბრალდებებს?

საერთოდ, ძალიან ძნელია, როდესაც კონკრეტული საბუთი არ გიჭირავს ხელში, კორუფციაზე ისაუბრო, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროექტში ყველაფერი გასაიდუმლოებულია: გასაიდუმლოებულია არა მარტო, ვთქვათ, განხორციელების საიმპლემენტაციო ხელშეკრულება, ასევე ისეთი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ალტერნატივების ანალიზი, რა თქმა უნდა, გონივრული ეჭვი იბადება. ფაქტია, რომ 280 მეგავატი ჯდება 1.1 მილიარდი, ხოლო 700-მეგავატიან ხუდონზე გამოცხადებული იყო, რომ ჯდებოდა 1.2 მილიარდი. აქ იბადება ძალიან მარტივი კითხვა: რად გვინდა ასეთი ძვირიანი ელექტროსადგური? რა ფასად უნდა ვიყიდოთ? ხუდონზე ჩადებული ტარიფით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ 1 კილოვატი საათში 10.5 ცენტი ღირს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნენსკრაზე ადგილზე შესასყიდი ტარიფი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს. როდესაც ეს კითხვები ისმება საზოგადოებაში და შესაბამისი პასუხები არ ეცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაქვს გონივრული ეჭვის გამოთქმის შესაძლებლობა და უფლება, რომ ვივარაუდო, პროექტში რაღაც ისე ვერ არის.  საქმეც ეს არის, თორემ ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს კორუფციის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტები. ძალიან ძნელია ბრალდებები, ამაზე ცალკე სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მუშაობდეს. ფაქტია, რომ ყველაფერი არის დამალული და დაფარული. შესაბამისად, გონივრული ეჭვის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

  • როდესაც ტარიფებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრს სემეკი გაახსენდეს, რომელიც ამ პროექტებთან მიმართებაში საერთოდ არ ჩანს. თქვენ როგორ და სად წარმოგიდგენიათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩართულობა ამ პროცესებში?

მემორანდუმების დადების პრაქტიკა არის უკვე მანკიერი.  აქ ახლა სემეკის ჩართვაზე არ არის საუბარი. ზოგადად, ეს პროცესი ასე არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ტარიფი ისაზღვრება ენერგეტიკის მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დიალოგის საფუძველზე, ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა. ჩვენ გავწევრიანდით ენერგოთანამეგობრობაში, რატიფიკაციაც მოვახდინეთ. მართალია, ახლა მოხდა, აპრილში, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს გავაფორმეთ. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროს, წესით, უკვე უნდა დაეწყო მუშაობა სწორედ ამ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებისკენ. არ შეიძლება ყველას ჰქონდეს ინდივიდუალურული პირობები განსაზღვრული და ერთი უფრო უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე მეორე.

ენერგოპოლიტიკის განსაზღვრის ვალდებულება აქვს ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ არა პროექტების განხორციელების და მოლაპარაკებების წარმოების. ისედაც, ჩვენი კანონმდებლობითაც, ნებართვის გამცემია ეკონომიკის სამინისტრო და არა ენერგეტიკის სამინისტრო. სემეკი, რომელიც რეალურად უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო და რომელმაც უნდა იზრუნოს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებაზე, ის საერთოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში. ჩნდება ასეთი შეკითხვა: როდესაც შენ პრიორიტეტულად ყიდულობ, ვთქვათ, ნენსკრა ჰესს და სემეკი 3-5 წლის შემდეგ შექმნის ამ კონკურენტულ ბაზარს ენერგეტიკის სფეროში, მოახდენს თუ არა ეს ამ ბაზრის მოდელის დამახინჯებას იმიტომ, რომ აქ, ერთი მხრივ, ვცდილობთ კონკურენტულ პირობებში ჩამოყალიბდეს ფასი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ უპირატესი და პრივილეგირებული მდგომარეობა იმ გაფორმებული ხელშეკრულებების თუ მემორანდუმების ხარჯზე, რაც მათ აქვთ გაფორმებული [ენერგეტიკის სამინისტროსთან]. ეს აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით სიარულია იმისკენ, რისი მიმართულებით სიარულისთვისაც ავიღეთ ჩვენ ვალდებულება.

  • შემდეგი საკითხია სოციალური ზემოქმედება და ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ადგილობრივები აპროტესტებენ დიდ ენერგოპროექტებს. ისინი ხედავენ საფრთხეს, ხოლო ჩვენ ვისმენთ მინისტრის განცხადებას, რომ თურმე თქვენი ორგანიზაცია აბუნტებს ხალხს და ა.შ. თქვენი აზრით, მათ არ უნდათ რეალური პრობლემის დანახვა, თუ რა არის ამის მიზეზი? შესაძლოა თუ არა კონსენსუსის შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველა მხარისთვის შეიძლება მისაღები იყოს?

ალბათ, ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ, თუ რატომ არ უნდათ, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრსაც იმიტომ, რომ საერთოდ ეს მარტო ამ პროექტებზე არ არის; საზოგადოების მონაწილეობის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხები ძალიან პრობლემურია არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაინცდამაინც მაღალი არ არის და ხშირად იმიზეზებენ ხოლმე, რომ საზოგადოების მონაწილეობა აღიქმება როგორც ინვესტიციებისადმი ხელის შემშლელ ფაქტორად და შეფერხებად, რომ ინვესტორი თურმე დროულად ვერ დებს ინვესტიციებს და თურმე სად აქვს ინვესტორს იმის დრო, რომ ელაპარაკოს მოსახლეობას და გაითვალისწინოს მათი აზრი. ეს არის მიუღებელი და, სხვათა შორის, ერთ-ერთი სტატია იყო შვეიცარიაზე, როდესაც ოქროს მოპოვებას ეხებოდა საქმე და როდესაც ერთ სოფელში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც უთხრეს, რომ არ აგაშინებინებთ და მორჩა – არ ააშენებინეს. ამ შემთხვევაში, შვეიცარიას ვერ შევედრებით ვერც დემოკრატიის ხარისხით და ვერც ეკონომიკის მდგომარეობით. არ შეიძლება საზოგადოების ჩართულობას თავი ავარიდოთ იმიტომ, რომ ინვესტორებს ხელი არ შეეშალოთ რამეში.

  • მთავრობამ რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა სოფლის განვითარების გეგმის დიდი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის ფრანგული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობით ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ეს უნდა იყოს კომპეტენციის ფარგლებში. ანუ, თუ მოსახლეობას არ ესმის საკითხი, შესაძლოა მაინც განახორციელონ ესა თუ ის პროექტი. თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია მთავრობა ამ შემთხვევაში? როგორი დამოკიდებულება აქვს მას ადგილობრივებისა და საკუთარი მოსახლეობის მიმართ?

მე ამ დოკუმენტს არ ვიცნობ, სამწუხაროდ. უბრალოდ, ფაქტია, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არ დარჩა არც ერთი ენერგოობიექტი, რომლის მშენებლობასაც თან არ სდევს საპროტესტო აქციები. ასეთი მიდგომა რომ ეფექტური იყოს, იდეაში, ახლა, როგორც მინიმუმ, უნდა ვხედავდეთ მოგვარებულ კონფლიქტებს მაინც, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ და რას გულისხმობს ეს – მაგალითად, იმავე მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით… არ მინდა ახლა ამ თემას ჩავუღრმავდე. უბრალოდ, იქ არის ერთი ასეთი ჩანაწერი, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ გამონაკლისების სახით შეიძლება, თუ სახელმწიფო ამას ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იგულისხმება ენერგოპროექტები. ანუ თითქოს ეს არის, უბრალოდ, იმის ნათელი დადასტურება, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს საკუთარი მოსახლეობისადმი და მათი მოსაზრებებისადმი; თუ რაღაცისთვის არ შეიძლება მიწის გაყიდვა, არ მინდა ამ თემაზე დებატებში შესვლა, მაგრამ, ვთქვათ, არ შეიძლება. მაშინ ჰესისთვის რატომ შეიძლება?

დათო ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივას წევრი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

დათო ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივას წევრი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

  • საქართველოს მრავალი წელია რატიფიცირებული აქვს ორჰუსის კონვენცია, რომელიც ასევე ავალდებულებს ქვეყანას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე არ შეიძლება დიდი პროექტების განხორციელება. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ საერთაშორისო დოკუმენტზე აქვს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ხელი მოწერილი, მოქმედ თუ წინა ხელისუფლებას ყოველთვის მაინც თავისი გაჰქონდა. ვინ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს?

პრინციპში, სასამართლო პროცესები, რაც ჩვენ გვქონია, გამომდინარეობდა ამ ორჰუსის კონვენციიდან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საჩივარი ბერნის კონვენციაში, რომელიც ამ შემთხვევაში ეხება ბიომრაველფეროვნების საკითხს. სწორედ ნენსკრას პროექტი იგეგმებოდა ბიომრავალფეროვნების ზონაში. 2016 წლის თებერვალში ეს ზონა ამოიღეს და ჩაითვალა, რომ იქ არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ჰაბიტატი და სახეობები გავრცელებული, რომ საჭირო ყოფილიყო დაცული ტერიტორიის შექმნა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვიჩივლეთ ჩვენ ბერნის კონვენციაში და ძალიან საინტერესოა, რომ ბერნის კონვენციამ მოსთხოვა ჩვენს გარემოს დაცვის სამინისტროს საკონსერვაციო გეგმის წარმოდგენა და ვადა მისცა ამისთვის ამ წლის 31 ივნისამდე. ძალიან საინტერესოა, როგორ დამთავრდება ეს პროცესი.

ჩვენ სასამართლოსაც ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ მაინც არ იცი, რა მოხდება. ამიტომ ვცდილობთ სხვა მექანიზმების გამოყენებას. მაგალითად, თუ საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობაზე ამა თუ იმ პროექტში, ვცდილობთ მანდ შევიტანოთ საჩივრები. პრინციპში, ვიმარჯვებთ კიდეც. უბრალოდ, აქ მეორე საკითხი დგას – რა არის შედეგი? მაგალითად, ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდა ფარავანი ჰესთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა დარიალი ჰესზე; EBRD-ის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა აღიარა, რომ არ იყო შესწავლილი ბანკის მიერ, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა ის რისკები, რაც იყო დაკავშირებული დევდორაკთან. თუმცა, როდესაც ის დასკვნა დაიდო, ამ შემთხვევაში დარიალი ჰესი უკვე აშენდა. ამიტომ ახლა რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ შემდეგი პროექტის დაფინანსების დროს გარკვეულწილად გაიზიარონ გამოცდილება.

რა თქმა უნდა, არის მექანიზმები და ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ამ მექანიზმების გამოყენება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროექტს გააჩერებ ან შეცვლი. რა თქმა უნდა, არის გავლენა, მაგრამ ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იმ დონეზე, როგორც, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, რომ თავისუფლად შევძლოთ საჩივრის შეტანა და სასამართლომ ძალიან კვალიფიციურად განიხილოს ეს საკითხი. ახლა ჩვენ გვაქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში იმავე სტეფანწმინდის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით.

  • სხვა პროექტებთან შედარებით, მოსახლეობის პროტესტმა მთიულეთში თითქოს რაღაც შედეგი მაინც გამოიღო. ადგილობრივებს თვითონ აქვთ იმედი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უკან დაიხევს და ამის ნიშნებიც შეიმჩნევა. თქვენი აზრით, მთავრობა იმას აკვირდება, თუ რამდენად მეტი ადამიანი გამოვა აქციაზე?

სამწუხაროდ, დაახლოებით მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, ვინ უფრო მყარად დგას და, როგორც იტყვიან, ვინ იყიდება და ვინ არა. თავად ეს პროექტი არის ძალიან უაზრო, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. რისთვის ვაშენებთ ამ გადამცემ ხაზს და რას ვუერთებთ, არ ვიცით. ეს არის ხაზი, რომელსაც ვერაფერს მიუერთებ იმიტომ, რომ არც რუსეთიდან მოდის ხაზი და არც საქართველოს მხარეს არის მზაობა – ეს არის პროექტი არაფერზე.

როდესაც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტი გათვლილია 35-40 -წლიან პერსპექტივაზე, უკაცრავად, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან დიდი სისულელე. 35-40 წლის შემდეგ თუ დაგჭირდება გადამცემი ხაზი, ახლა რატომ აშენებ? 25 და 30 წლის შემდეგ ააშენე. ამ ხაზის გაყვანას მაინცდამაინც დიდი დრო არ სჭირდება, ამას უნდა მაქსიმუმ 2-3 წელიწადი. ეს არ არის ის ობიექტი, რომელზეც ამხელა პერსპექტივაში უნდა იფიქრო. მეორე, რას ნიშნავს, რომ დაგვჭირდება? სად წერია, რომ, სიტყვაზე, 35 წლის შემდეგ ეს ხაზი იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის? იდეაში, ამ ხაზით ვუერთებთ საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთს.

  • რადგან ამხელა პერსპექტივისკენ ვიყურებით, განვავრცოთ ეს თემა. უცხოურ მედიაში ხშირად ვხედავთ სასიამოვნო სიახლეებს და ვთარგმნით მზის ან ქარის სადგურებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს, ხოლო ამ ამბავს მკითხველი გამუდმებით იწონებს. რამდენად სერიოზულად უყურებენ ჩვენი თანამდებობის პირები ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიულ საშუალებებს? თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ქარის ან მზის სადგურებზე გადასვლა საქართველოსთვის უახლოეს პერიოდში?

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ პრეზენტაცია მიკროსადგურებთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ქსელში ჩართვის შესაძლებლობა უკვე დიდი ხანია ძალაშია. რატომღაც წინასაარჩევნო პერიოდში წამოწიეს ეს თემა იმიტომ, რომ აქამდე რაც პიარდებოდა ენერგეტიკის სამინისტოს მხრიდან, ეს იყო ჰესები. არავინ სიტყვას არ ძრავდა არც ქარის და არც მზის სადგურებზე. ერთი ქარის სადგური ააშენეს და იძახიან, მეტს ვერ ჩავრთავთ, დაბალანსების პრობლემა გვაქვსო. ეს არის უკვე სერიოზული პრობლემა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო მდიდარია მხოლოდ ჰიდრორესურსებით, თითქოს მზე და ქარი მეზობლის არის. ჯერ ერთი, არის თუ არა მდიდარი ჰიდრორესურსებით, ეს ცალკე თემაა და შესაფასებელია იმიტომ, რომ არავის დაუთვლია, თუ როგორ შეიცვალა მდინარეების ხარჯები და როგორ შეიცვლება მომავალში კლიმატის ცვლილების გამო. თუმცა, მეორე მხრივ, თითქოს არც ქარია საქართველოში და არც მზე… რეალურად, ამ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ და ციფრებით ვისაუბროთ, ხელვაჩაური N1 ჰესზე მეტი ენერგია ამ ზამთარს გამოიმუშავა გორის ქარის სადგურმა – 30 მილიონი კილოვატი საათი. 6 ბოძზე დაყენებულმა ტურბინებმა გამოიმუშავა უფრო მეტი დენი, ვიდრე ჭოროხის დატბორვით მიღებულმა ჰიდროელექტროსადგურმა.

გარდა ამისა, როდესაც დაბალანსების პრობლემას ახსენებენ ხოლმე, რატომღაც იქვე ავიწყდებათ, რომ ახლა არა ვართ იმ ეპოქაში, სადაც ამ ბატარეების ახალი ტექნოლოგიები არსებობს. მშვენივრად არსებობს ეს ტექნოლოგიები უკვე. ოფიციალურადაც იყიდება; მაგალითად, თუ ქარისა და მზის მთავარი პრობლემა იყო, რომ მუდმივად არ გვქონდა და ეს პრობლემას უქმნიდა საქართველოს ენერგოსისტემას, ამ ბატარეების განვითარებამ (და ამ პროცესის განვითარება მიმდინარეობს), თავისუფლად შეიძლება ამან მოგვცეს ის შედეგი, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. ამ მიმართულებით წასვლას რატომღაც არავინ ფიქრობს…

  • ანუ საქართველოსაც შეუძლია უკვე ამ მიმართულებით წასვლა?

თუ 2013 წელს ჩვენ ამაზე თეორიულად ვსაუბრობდით, დღეს ეს უკვე რეალობაა და ბაზარზე იყიდება. აქ არ არის მაინცდამაინც აუცილებელი ტესლაზე საუბარი, ჩინელები და იაპონელებიც იმავეს აკეთებენ. შეიძლება არ ჰქვიათ ისეთი ხმაურიანი სახელი, როგორიც ტესლა, თუმცა აქტიურად გამოიყენება.

კალიფორნიაში ზუსტად ტესლას ამ ბატერეების გამო გააუქმეს გაცემული ნებართვა 400- მეგავატიან სატუმბ ჰიდროელექტროსადგურს. ანუ ეს ხომ არ არის რაღაც ზღაპრები. ეს არის რეალობა. ვინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ საქართველოში გამოჩნდებოდა არათუ ჰიბრიდები, არამედ ელექტრომობილები? ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს პრობლემა არის ის, რომ ჩაკეტილია თავის სივრცეში და არ ცდილობს გარეთ გახედვას; ჰგონია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი არის 2 ფურცელზე დაწერილი რაღაც, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა უყურო და არა ის, რომ ეს არის პროცესი, სადაც მუდმივად აფასებ იმ ტენდენციებს, რაც ხდება მსოფლიოს გარშემო.

განახლებად ენერგიაზე საუბრისას პირველი ჰიდროელექტოსადგურზე რომ ფიქრობ, ეს არის პრობლემა. განახლებად ენერგიაზე საუბრისას უნდა ფიქრობდე მზის და ქარის ენერგოეფექტურობაზე, რომლის კანონიც დღემდე არ გვაქვს. ენერგოეფექტურობის შესახებ ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც შარშან მარტში უნდა გამოქვეყნებულიყო, დღემდე არ გამოუქვეყნებიათ.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე საქართველოში ენერგომოხმარება იზრდება და რა ვქნათ, ახალი ჰესები გვჭირდება… დღეს რომ დაიწყებ მშენებლობას, ხვალვე ხომ არ დასრულდება? მანამდე რას აპირებ? ეს ისეთი საკითხება, ოპერატიულიც და გრძელვადიანიც, რომ ამაზე უნდა მუშაობდეს ენერგეტიკის სამინისტრო და არა იმაზე, თუ რომელ ჰიდროელექტოსადგურის გახსნაზე წახვალ საკუთარი მანქანით, როგორც ეს კალაძემ გააკეთა შუახევი ჰესის პრეზენტაციაზე, და მივა თუ არა კანცელარიასთან საკუთარი მანქანით, ან გააღებს თუ არა საკუთარი მანქანის კარს თავისი ხელით. ეს არ არის ის თემები, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო უნდა აკეთებდეს. ისინი [ენერგეტიკის სამინისტრო] აკეთებენ ყველაფერს, რაც მათი საქმე არ არის და არ აკეთებს იმას, რაც მათი საქმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი