ხელოვნება

გამოფენა “Main C” – გიო ცინცაძის ორი სამყარო

22 იანვარი, 2013 • • 2132
გამოფენა “Main C” – გიო ცინცაძის ორი სამყარო

 

გიო ცინცაძის გამოფენა – Main C
გიო ცინცაძის გამოფენა – Main C

საბჭოთა კავშირის დროინდელ გაყვითლებულ ფურცელზე ჯერ კიდევ ამოიკითხავთ, композитором ссср, автобиография გიო ცინცაძესი, რომელსაც ხელმოწერად კალმით შემოხაზული მთელი ხელის მტევანი აქვს. ზედ 5 ფოტოც აკრავს, უჩვეულო ინტერპრეტაციით: ტანითა და მზერით ჩვენკენ, ხოლო შუბლით და ნიკაპით ზემოთ. ისედაც მოყვითალო ფურცელს საბჭოთა ეპოქიდან ზედ საღებავის ტონებიც ადევს. გაკრული ხელით კი მიწერილი აქვს: – „გიო+გიო“.

 

პირველი გიო, როგორც კინოკომპოზიტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში, 44–მდე ფილმის მუსიკის ავტორია. მათ შორის: „დაბადებულები საქართველოში” (რეჟისორი: თაკო შავგულიძე) “სამი სახლი” (რეჟისორი: ზაზა ურუშაძე), “მედიატორი” (რეჟისორი: დიტო ცინცაძე) “მარილივით თეთრი” (რეჟისორი: ქეთი მაჭავარიანი) “ყაზბეგელი მფრინავი” (ინეკე სმიტი). ეს ის ფილმები და ის თაობაა, რომლსაც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, გიო ცინცაძის მუსიკა აერთიანებს.

 

მეორე გიო – მხატვარი, თანაც იმდენად საინტერესო, რომ „პირველ გიოს“ არ ჩამორჩება. მისი ნახატებით მოგზაურობ სივრცეში, დროში, პირამიდებში, კუბებში, სამკუთხედებსა და წრეებში, გალაქტიკასა და დედამიწაზე. ყველგან ორი სამყაროს არსებობა იგრძნობა, აქაურის და იქაურის, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს, თუმცა განსხვავდებიან ფერებით. თუ მათ შორის ზღვარი არსებობს,   ეს ზღვარი ადამიანია, სამ–სამი წყვილი თვალითა და განსხვავებული მზერით.

 

გიო ცინცაძის გამოფენა – Main C
გიო ცინცაძის გამოფენა – Main C

სწორედ ორივე ამ კუთხით გიო ცინცაძის საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“, სათაურით „Main C”, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.

 

„თანამედროვე ხელოვნების ცენტრის“ სივრცის ორ დარბაზში ერთი შემოქმედის ორი ხელოვნების სფეროს ნიმუშების ექსპოზიციაა. ერთ დარბაზში აუდიო-ნამუშევრები, გიო ცინცაძის მუსიკით გაფორმებული ფილმები, მეორეში კი ფერწერული ტილოებია გამოფენილი. ამავე დარბაზის ცენტრშია განთავსებული უცნაური გიტარა – 3 სიმით, მიმაგრებული თიხის ქოთნითა და მოხატული დაფით. გამოფენა თანამდროვე ხელოვნების ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტია, რომელიც ერთი იდეის ქვეშ სრულიად განსხვავებული საგნებისა თუ ნაწარმოებების გაერთიანებას გულისხმობს. მიზანი კი ერთია, მისი ნახატების დამთვალიერებლებმა და მუსიკის მსმენელებმა გიო ცინცაძის შემოქმედება აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი, რომელსაც 3 წყვილი თვალი და 3 მზერა შეიძლება ჰქონდეს.

 

გიო ცინცაძე შარშან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. 

გიო ცინცაძის გამოფენა – Main C
გიო ცინცაძის გამოფენა – Main C

მასალების გადაბეჭდვის წესი