რეკლამა

აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა

30 აგვისტო, 2016 •
აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა

თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის „ცხრაწყარო – ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მუსიკოსმა დიმიტრი დადიანმა და ვენაში მოღვაწე ქართველმა ვიდეოარტისტმა თათია სხირტლაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს“ ინსპირაციით ერთობლივად შექმნეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია. თანამედროვე ხელოვანების ნამუშევარი ონის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

ბენო გორდეზიანი ქართული მოდერნიზმის წარმომადგენელია. ამ პერიოდში აღმოცენდა კუბისტურ-დადაისტური მიმდინარეობა ევროპაში და მის ერთ-ერთ ძლიერ კერას სწორედ თბილისი და აქ მოღვაწე ხელოვანები წარმოადგენდნენ. ბენო გორდეზიანის შემოქმედება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის. მის სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვრის კოლექცია განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ნამუშევარი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

დღესდღეობით საქართველოს რეგიონალური მუზეუმები განახლებას საჭიროებს. მათ რიცხვშია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შენობა რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ომყოფება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე ახალ შენობაში განთავსდება. ბანკის ინიციატივით, ქართველმა არქიტექტორებმა (კომპანიამ architects.ge) უკვე შექმნეს თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმის პროექტი. მშენებლობა სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექცია ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში განთავსდება.

მუზეუმის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სხვადასხვა ეფექტური აქტივობის დაგეგვმა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მის გამოცოცხლებასთან პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, რეგიონალური მუზეუმები მოწყვეტილია თანამედროვე ხელოვნებას: მათი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და უმეტესწილად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების კოლექციების გვერდით არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნებასა თუ ახალ სახელოვნებო ტექნოლოგიებში შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, რეგიონალურ მუზეუმებთან ნაკლებად თანამშრომლობენ თანამედროვე არტისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი