პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს განახლებული შემადგენლობით ხვდება. ახალი სახეები გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიეს პრინციპით – ახალ გამოწვევებს პარტია ახალი მუხტით უნდა დახვდეს. ახალ გამოწვევებამდე მნიშვნელოვანი არჩევნებია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის შეფასებით, 2016 წლის 8 ოქტომბერი კიდევ ერთი, გადამწყვეტი ეტაპია – საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადია. ამ ფონზე, ვიცე–პრემიერი აცხადებს, რომ დღეს „ოცნების“ მთავარი საზრუნავი, კანონიერ გარემოში, დემოკრატიული არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა.
ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერისა და ლიდერის თვისებები, გამოცდილება – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძე დასახელდა. ვიცე–პრემიერი თავად განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე „ოცნების“ დამოუკიდებლად გასვლას, რატომ გადაწყდა პარტიის შემადგენლობის გადახალისება, როგორ აპირებს მმართველი ძალა მოსალოდნელი პროვოკაციების აღკვეთას და რა მოლოდინი აქვთ „ოცნებაში“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
ბატონო კახა, „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. კოალიციის დაშლამ არჩევნებზე როგორ შეიძლება იმოქმედოს?
კოალიციის დაშლა ტრაგედია ნამდვილად არ არის. ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ გაერთიანებაში გაწევრიანებული იყო სხვადასხვა მსოფლმხედველობის, იდეოლოგიის პარტიები. ამ ფონზე, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, დემოკრატიის განვითარებისთვის, პირიქით, დროული და საჭიროა. უპირველეს ყოვლისა, თვალსაჩინოდ გამოჩნდება, ხალხი რეალურად ვის უჭერს მხარს.
პარტია დღეს განახლებული შემადგენლობითაა. რატომ და რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი სახეები?
ახალი სახეები შერჩეულნი არიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში. ისინი პარტიაშიც ახალ მუხტს შემოიტანენ. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა პარტიის რიგების განახლების პროცესის დაწყების შესახებ. დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების, პერსპექტივების წინაშე ვდგავართ, რასაც ახალი სახეებით ვხვდებით. ეს, პარტიის მუშაობის ეფექტურობისთვის, არა მარტო საარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სტაბილური გარემოცაა. დარწმუნებული ხართ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება?
რა თქმა უნდა. „ქართული ოცნების“ დაარსებიდან პირველად ხდება, რომ საპარლამენტო არჩევნებს სტაბილურ გარემოში თავად ვატარებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის და როგორ ხედავს ჩვენს ერთობლივ მომავალს.
ანუ, პროვოკაციებს არ ელით? უახლოეს წარსულში „კორცხელის ინციდენტის“ მოწმენი გავხდით და გამორიცხული არაა, მსგავსი სცენარის განვითარებას საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია ისევ გეგმავდეს.
სამწუხაროდ, ნაცმოძრაობამ კორცხელში შეძლო პროვოკაციის მოწყობა, რისიც დიდი გამოცდილება და მრავალჯერადი პრაქტიკა აქვთ. პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოვუწოდებდი ყველას, აგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ, ცივილურ საფეხურზე – მორალი ყოფილიყო ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების მთავარი განმსაზღვრელი. წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით მოვედი პოლიტიკაში და ვერანაირი ამორალური, ლოგიკისა და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარსმიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად – უსაქციელობები, ჩემში განწყობას ვერ შეცვლის. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, იგივე ამორალურია ოპოზიციაშიც. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მათი „პოლიტიკური ბრძოლის“ მეთოდები. არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუესა და მოსახლეობის დეზინფორმაციით დაზაფვრას. ეს არის პარტია, რომელსაც არც არასდროს ჰქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია, რომელიც ქვებისა და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის „მეორედ მოსვლა“ იგივე მეთოდებით სურს. თუმცა დღეს სხვა რეალობაა – ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი – ბევრად გამოცდილი. მას ყველაფერი ახსოვს!
გპირდებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩაატარებს. არავის მივცემთ უფლებას, პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადია. „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. ეს არ არის ჩვენი მართვის სტილი და არც არავის მივცემთ უფლებას, წარსულში აპრობირებული სცენარებით საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენოს!
არჩევნების წინ, შიდაპროვოკაციებთან ერთად, რუსული პროპაგანდის მომძლავრებაც მოსალოდნელია… სხვათა შორის, ამაზე აშშ–ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლაპერმაც ისაუბრა, არც ისე დიდი ხნის წინ. მმართველი პარტია მზადაა, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს?
გეთანხმებით, როცა არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს. ხელისუფლება არ დაუშვებს, ამან ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ყველა დაწყებული და დაგეგმილი რეფორმა, რათა უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს ჩვენი პრიორიტეტია, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ ფორსმაჟორულ პოლიტიკურ ვითარებაში ხალხის სურვილითა და ხალხის სურვილების ასასრულებლად შეიქმნა. ჩვენ გადავლახეთ 2012 წლის ურთულესი არჩევნები, დაბრკოლებებით აღსავსე რამდენიმე წელი. არ გვიზრუნია პარტიულ კეთილდღეობაზე, რადგან ქვეყანაში ურთულესი სოციალური, ეკონომიკური ბარიერები იყო დასაძლევი, მოსახლეობა კი შიშისა და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. ჩვენ ახალი გზა ავირჩიეთ და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ხალხის გვერდით დგომითა და ნდობის მანდატით, ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას; ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება, თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია. ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით ან განუკითხაობით. ჩვენი ლიდერია ხალხი. სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე. ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი. იყო დრო, პარტიის თითოეული წევრი, რეჟიმისგან დაჩაგრული მოსახლეობა, დავირაზმეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნებით შევცვალეთ არასასურველი ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, „ოცნების“ ჯარისკაცებმა, თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორია ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ.
მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ისევ ბევრი პრობლემაა, ხელისუფლებაში „ოცნების“ 4-წლიან ეტაპს წარმატებულად აფასებთ?
ჯერ კიდევ ბევრი რამაა გამოსასწორებელი… ყველაფერს ერთბაშად ვერ ეშველება. მთავარია, ამ 4 წელში შევქმენით ახალი რეალობა. ეს იყო უაღრესად შრომატევადი და შორსმიმავალ შედეგებზე ორიენტირებული პერიოდი. დასაბამი მიეცა სოციალურ, ეკონომიკური ფონის მოწესრიგებას, დიდ თუ მცირე წამოწყებებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოების სამოქალაქო შეგნების ამაღლებასა და განვითარებას. „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ამ 4 წელში, შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. იმავდროულად, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით, მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი. ჩვენ მოსახლეობას წარვუდგენთ იმ გაკეთებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს, ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობასა და მხარდაჭერას. ყველაზე მთავარი, დაიგეგმა და დაიწყო მთელი რიგი რეფორმები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, მოქალაქეების დასაქმებასა და რაც მთავარია, ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე!
და როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, როგორი მოლოდინი გაქვთ, იმსახურებთ ხალხის ნდობის მანდატის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას?
დღეს პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა აქვს, არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგოს. ამისთვის ჩვენი პარტიული რესურსის სრულ მობილიზებას მოვახდენთ. უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის. დარწმუნებულები ვართ, ამომრჩევლის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ეს, მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი პარტიის ან მისი წევრების კი არა, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის, ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება.
ჩვენ შეგვწევს უნარი, შევქმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი პოლიტიკური სტანდარტი ქვეყანაში. ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ ხელისუფლების შტოების გაძლიერებას. სრულიად განახლებული პარტია, მოტივირებული, პროფესიონალი ადამიანების საშუალებით შეუდგება ჩვენი ოცნებების რეალიზებაზე მუშაობას. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და შეგვწევს ძალა, ყველა რესურსის მობილიზებით ამას მივაღწიოთ!