ეკონომიკა

იაშვილის კლინიკა აუქციონზე გაიყიდება

21 მაისი, 2011 • 1563
იაშვილის კლინიკა აუქციონზე გაიყიდება

ეკონომიკური განვითარების სამინსიტრო 25 მაისს აუქციონზე იაშვილის ბავშვთა კლინიკას გამოიტანს.

აუქციონის პირობების მიხედვით, ბავშვთა საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი ექვსი მილიონი ლარია.

ამავე პირობების მიხედვით, საპრივატიოზაციო ობიექტისთვის სამედიცინო პროფილი   შვიდი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თამარ ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკის ადმინისტრაცია პრივატიზაციის სხვა დეტალებთან დაკავშირებით და პრივატიზაციის შემდეგ შესაძლო ცვლილების შეახებ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ჯერჯერობით, არც ჩვენ გვაქვს რაიმე ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, –ამბობს ჩეჩელაშვილი.

იაშვილის კლინიკის თანამშრომელი, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეაიკავა, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მათ არაოფიციალურად აქვთ.

„ჯერ ჩვენ ვინ გვეტყვის რამეს, ის ვიცით, ჯერჯერობით, რომ მფლობელი ელგუჯა გოცირიძე იქნება. მან უნდა იყიდოსო, მაგრამ შეიძლება მან, უბრალოდ, ფორმალურად იყიდოს და სინამდვილეში სულ სხვა იდგეს მის უკან, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინათაც ამბობდნენ, რომ თურქ ინვესტორს უნდა ეყიდა კლინიკა, მაგრამ მაშინ ეს პროცესი შეჩერდა“,–ამბობს კლინიკის თანამშრომელი.

ელგუჯა გოცირიძე, რომელიც იაშვილის კლინიკის თანამშორმლის თქმით, მათი ახალი მფლობელი უნდა გახდეს,  კ.ვ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის (ჩაჩავას კლინიკის) 100%–იანი  წილის მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი