ნეტგაზეთი | “რუსეთი “ბორჯომს” დაუშვებს, თუ საქართველო “მის ხარისხს უზრუნველყოფს” “რუსეთი “ბორჯომს” დაუშვებს, თუ საქართველო “მის ხარისხს უზრუნველყოფს” – Netgazeti
Batumelebi | RU

“რუსეთი “ბორჯომს” დაუშვებს, თუ საქართველო “მის ხარისხს უზრუნველყოფს”

მინერალური წყალი “ბორჯომი” რუსეთის ბაზარზე იმ პირობით დაიშვება, თუკი საქართველო უზრუნველყოფს ამ პროდუქტის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.

მინერალური წყალი “ბორჯომი” რუსეთის ბაზარზე იმ პირობით დაიშვება, თუკი საქართველო უზრუნველყოფს ამ პროდუქტის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს. ამ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს, რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის გენადი ონიშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

“ჩვენ გვაქვს ერთი პოლიტიკური მოთხოვნა. ჩვენს პოლიტიკურ მოთხოვნას წარმოადგენს ამ პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუკი უზრუნველყოფენ ხარისხს, ჩვენ დავუშვებთ ამ პროდუქციას ბაზარზე,” – განაცხადა მან.

ონიშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობით ფიქსირდება ფალსიფიცირებული წყალი, რომელიც არალეგალურად იყიდება “ბორჯომის” ბრენდის სახელით.

“საბჭოთა კავშირში “ბორჯომის”, როგოც წამლის, რეალიზაცია ხდებოდა სააფთიაქო ქსელის მეშვეობით. დღეს კი ეს პროდუქცია, რაც ბაზრობებზე იყიდება, საიდან შემოდის? სად იწარმოება? დორომოგილოვსკის ბაზარზე რამდენიც გინდა, იმდენ “ბორჯომს” შემოგთავაზებენ. როგორ ახერხებენ ამას, რომ ამ რაოდენობით შემოიტანონ ეს მართლაც ღირებული წყალი ბაზარზე?” – კითხულობს ონიშენკო.

ამ დროისთვის რუსეთში მოქმედებს აკრძალვა საქართველოდან “ბორჯომისა” და ღვინის შეტანის თაობაზე. აკრძალვის მოტივი ოფიციალურად მაშინაც ამ პროდუქტების ხარისხისადმი გამოთქმული პრეტენზიები გახდა.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა დააპატიმრა “ბორჯომი”, რომელიც აღმოჩენილი იქნა დორომოგილევსკის და ჩერემუშკინსკის ბაზრობებზე. ონიშენკოს თქმით, არალეგალური “ბორჯომი” რუსეთის ტერიტორიაზე ბელორუსიდან ან შესაძლოა, აზერბაიჯანის გავლითაც შევიდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის სანიტარული სამსახური მოსკოვში იმ ბაზრობების საქმიანობის შეჩერების საკითხს განიხილავს, რომლებიც “ბორჯომით” არალეგალურ ვაჭრობას ეწევიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი