ეკონომიკა

ევროზონაში შესაძლოა, კრიზისი გამწვავდეს

24 მარტი, 2011 • 1106
ევროზონაში შესაძლოა, კრიზისი გამწვავდეს

პორტუგალიის პრემიერ–მინისტრის, ხოსე სოკრატესის გადადგომით, რომელიც ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკის გამკაცრების პროექტის განხორციელებას ცდილობდა, ევროზონაში ფინანსური კრიზისის ახალი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას ამის თაობაზე The Wall Street Journal აქვეყნებს. როგორც გამოცემა იუწყება, ამიერიდან პორტუგალიას, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის სახელმწიფო ვალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ფინანსური დახმარების თხოვნით ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი მიმართვა მოუწევს.

პორტუგალიაში შექმნილი სიტუაცია კრიზისის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი გახდება. ის, თუ როგორ გაუმკლავდება პორტუგალია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს, აჩვენებს, რამდენად ძლიერია ევროზონაზე ვალების კრიზისის გავლენა. როგორც The Wall Street Journal იუწყება, ამჯერად შედარებით მცირე ქვეყნები (როგორებიცაა– საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია) ან მოახერხებენ კრიზისის შემცირებას, ან ეს პროცესი დარტყმას მიაყენებს მსხვილი და ევროკავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნების ეკონომიკას.

ანალიტიკოსები არანაკლებ საფრთხეს ხედავენ ესპანეთთან დაკავშირებით. ქვეყანა, რომლის ეკონომიკას მეოთხე ადგილი უჭირავს ევროკავშირის ქვეყნებს შორის, უკვე განიცდის საბანკო კრიზისს, პორტუგალიის კრიზისმა კი შესაძლოა მის ფინანსურ მდგომარეობას მეტი პრობლემები შეუქმნას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ (Moody’s Investor Service) რამდენიმე კვირის წინ ქვემოთ დაწია ესპანეთის სახელმწიფო ობლიგაციების რეიტინგი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც ბანკების კაპიტალიზაციის აღდგენაზე იხარჯება, შესაძლოა იმაზე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ხელისუფლება მოელოდა, რაც სახელმწიფო ვალის ზრდას გამოიწვევს.

Moody’s–ის გათვლებით, ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 40 მილიარდი ევრო, ხოლო უარეს შემთხვევაში – 110–120 მილიარდი ევრო. ესპანეთის ხელისუფლებაში ადრე აცხადებდნენ, რომ ამ მიზნით საჭირო იქნება მაქსიმუმ 20 მილიარდი ევრო წელიწადში.

ესპანეთამდე Moody’s–მა საბერძნეთისა და პორტუგალიის რეიტინგები დაწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი