ეკონომიკა

დასაქმება ბილბორდზე

22 მარტი, 2011 • 1721
დასაქმება ბილბორდზე

“დასაქმებულია 250 ადამიანი“ – ამ შინაარსის ბილბორდი ბათუმში ყველა მშენებარე სახლზე ბოლო არჩევნების წინ ჰქონდათ გაკრული. ერთი შეხედვით “დასაქმებული აჭარა” სინამდვილეში ბოლო ოთხი წელია, უმუშევრობის დონის მიხედვით რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა. წელს პირველად უმუშევართა თუ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისთვის სახელმწიფო ფულს აღარ დახარჯავს.

გია ხაზური გურჯაანიდან ბათუმში სამუშაოდ ოჯახთან ერთად გადმოვიდა. 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და 130 ლარს იხდის. მისი ნახვა ყოველ დღე შეიძლება პუშკინის ქუჩაზე, სადაც სამუშაოს მაძიებელთა ერთგვარი ბირჟაა. კონკრეტული სპეციალობა არ აქვს, მაგრამ აქ მუშაობით აგვისტოს ომამდე იმდენი მოაგროვა, რომ სანგრევი აპარატების სპეციალური ჩემოდანი იყიდა 1500 დოლარად. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამუშაოს შოვნა ძალიან გაჭირდა: “დენი ფულიო, შუქი ფულიო,მე კიდე10 დღე ისე გავა, ფულ ვერა ვშოულობ,  ჩემუკან არავინ დგაა”.

პუშკინის ქუჩაზე, ყოფილი უნივერსამის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხაზურის მსგავსად 50-მდე ადამიანი ეძებს ყოველდღიურ სამუშაოს. აქ ვარაუდობენ, რომ აპრილისთვის მათი რიცხვი 400-500-მდე გაიზრდება.

53 წლის ნუგზარ კაციტაძე გვირაბგამყვანია. ის ამბობს, რომ გვირაბების მშენებლობაზე ახლა მხოლოდ 40-წლამდე ადამიანებს ასაქმებენ. უარს არც ერთ  მძიმე სამუშაოს შესრულებაზე არ ამბობს, ხან 10 ლარი აქვს, ხან – 20, ან სულ არ აქვს. წუხს, რომ მშენებლობაზე სამუშაოდ აღარ იღებენ –  უცხოელ ინვესტორებს მუშახელი, ძირითადად, შემოჰყავთ. კითხვაზე, თუ რატომ, პასუხი არ აქვს.

ყოველთვიურად მიღებული შემოსავლის მიუხედავად, პუშკინის ქუჩის ბირჟაზე ყველა ფიქრობს, რომ დაუსაქმებელია. ბოლო წლებში მიმართე თუ არა რომელიმე სამთავრობო ან კერძო სტრუქტურას დასაქმების თხოვნით? – ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხობს დადებითად. მალხაზ შანიძე ამბობს, რომ თამარის დასახლებაში კულტურის სახლის მშენებლობაზე მუშაობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უარი უთხრეს როგორც მას, ისე მის მიერ შექმნილ სამუშაო ბრიგადას. სულ ადრე კი ის გაზეთ “აჭარას” ფოტოკორესპონდენტი იყო.

ერთი საათის განმავლობაში ბირჟაზე მუშახელის დაქირავების მიზნით მხოლოდ ერთი პირი მოვიდა – ბაღის დამბარავი სჭირდებოდა. ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

 

რა ხდება მშენებლობებზე

გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ყველა მშენებარე ობიექტზე გაჩნდა წარწერები – “დასაქმებულია 150 ადამიანი”, “დასაქმებულია 250” და ა.შ. დღეს ეს ბილბორდები თუ აბრები არსად ჩანს.

რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს თურქული კომპანია “ნუროლი” აშენებს. ამ ობიექტზე გვეუბნებიან, რომ 200-მდე პირი ჰყავთ დასაქმებული. მათი უმრავლესობა თურქეთიდან ჩამოიყვანეს. მიზეზი – საქართველოში სპეციალისტებს შენობებზე მრგვალი დეტალების გაკეთება არ შესძლებიათ. გარდა ამისა, ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის აქაური დასაქმებული 450-700 ლარს იღებს, ანკარიდან ჩამოსული კი – 2000 ლარს და უფრო მეტსაც (დამსაქმებელს ამის უფლებას ქართული შრომის კოდექსი აძლევს).

“ბათუმელები” აბაშიძის ქუჩაზე კიდევ ერთი მშენებლობით დაინტერესდა. “იალჩინ ჯგუფი” აქ საცხოვრებელ სახლს აშენებს. მენეჯერი ხათუნა ფუტკარაძე ამბობს, რომ შრომის ბირჟიდან გამოუცდელ კადრებს ვერ დაასაქმებენ, ურჩევნიათ გამოცდილ სამშენებლო ბრიგადებთან დაიჭირონ საქმე.

 

რა ხდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

დილის 8 საათიდან სარფის საბაჟოზე საზღვრის გადამკვეთთა რიგები დგას. ორი ქალბატონი ურიგოდ ცდილობს გასვლას. “თუ ჩვენ არ გავხსენით მაღაზია, რას იყიდით, დაგინახავთ.” ქალბატონი ამბობს, რომ ქემალფაშაში მუშაობს – “აბა, აქ სამუშაო ვერ ვიშოვე”.

სარფის საზღვრიდან ქემალფაშა პირველი თურქული სოფელია. აქ მაღაზიებში გამყიდველებად, ძირითადად, ქართველები არიან დასაქმებული, დილის 9 საათიდან 8-მდე მუშაობენ და დღეში 15-20 ლარს იღებენ. მათი შემოსავალი გაყიდვების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მეხბულე ზოიძე:  “თურქეთში სეზონური სამუშაოებია, წელს გამიმართლა _ კარგ ოჯახში მოვხვდი. 15-მდე ქალი ვიყავით. საუზმე, სადილი გვქონდა და ერთ თვეში 1300 ლარი ჩამოვიტანე, ახლა უმუშევარი ვარ. ბანკიდან კრედიტის აღება და ჯიშიანი ძროხის ყიდვა მინდოდა – რძეს და მაწონს გავყიდდი, მაგრამ ბანკმა უარი მითხრა. ახლა ჩაის კრეფის სეზონს ველოდები”.

 

არ(არ)სებული სტატისტიკა

ქვეყანაში უმუშევრობის რაოდენობას ადრე სოციალური მომსახურების სააგენტო ითვლიდა. 2007 წლის ივლისში მას ეს ფუნქცია ჩამოერთვა. 2007 წლამდე თუ პირი სამსახურს კარგავდა, მას სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 20 ლარს უხდიდა.

შემდეგ უმუშევართა აღრიცხვა სტატისტიკის დეპარტამენტს დაევალა. 2011 წლიდან კი ეს ფუნქცია არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას აღარ აქვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული  სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელს ქვეყანაში მოსახლეობის 16,9% უმუშევარია. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონებს შორის აჭარა უმუშევრობის დონით ნომერ პირველი რეგიონია –  უმუშევარია 22,1 პროცენტი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდ – იმერეთის რეგიონში უმუშევარი 13,2 პროცენტია.

ბოლო წლებში დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად პრეზიდენტის სახელმწიფო პროგრამები მოქმედებდა. ამ პროგრამების ფარგლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა, როგორც ჩანს, პროგრამებმა შედეგი ვერ გამოიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარის მაგალითზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს – 25,6 პროცენტს 2007-2008 წლებში მიაღწია, რაც 2006 წელთან შედარებით  შვიდი პროცენტით მეტია.

დასაქმებულთა რაოდენობის დადგენის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან “ბათუმელებმა” 2010 წელსაც გამოითხოვა ინფორმაცია. სამინისტროს ინფორმაციით, შარშან აჭარაში ახალი ინვესტიციების შედეგად 4698 ადამიანი დასაქმდა. “ბათუმელების” გამოძიებით, რაც “გახსნილი” ობიექტების ადგილებზე მონახულებას ითვალისწინებდა, დადგინდა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 2040 იყო. პრეზიდენტის მიერ გახსნილი 42 საწარმოდან კი, ძირითადად, ყველა დაკეტილი დაგვხვდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰერითიჯის” ფონდის მიერ შემუშავებული “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”-ის თანახმად, საქართველოში უმუშევარია მოსახლეობის 16.4 პროცენტი. მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, უმუშევრობა რუსეთში შეადგენს 8.4 პროცენტს, სომხეთში – 6.9 -ს, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 6 პროცენტს უტოლდება, ხოლო თურქეთში 12.5 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი