ეკონომიკა

ელექტრონული შესყიდვები მწვანე და ყვითელ ფურცლებზე

17 მარტი, 2011 • 1242
ელექტრონული შესყიდვები მწვანე და ყვითელ ფურცლებზე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციების ტოპ ხუთეული გამოავლინა, რომლებმაც  2011 წელს ყველაზე მეტი ტენდერი გამოაცხადეს, ესენია: თბილისის მერია (143 ტენდერი), სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო (136), ფინანსთა სამინისტრო (114), შემოსავლების სამსახური (99), ქუთაისის მერია (85).

კანონში “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” შეტანლი ცვლილებების მიხედვით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ყველა სახელმწიფო ტენდერი ელექტრონული ფორმით განხორციელდება. შემსყიდველმა სისტემაში უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია და დაელოდოს მიმწოდებელთა წინადადებებს.

სწორედ ამ პროექტის ერთგვარი განხილვა გაიმართა დღეს გერმანულ სახლში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 2011 წელს ყველაზე მეტი ელექტრონული ტენდერი გამოცხადეს.

ელექტრონული ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზე გადასვლა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან (procurement.gov.ge). შემსყიდველმა სისტემაში უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია და დაელოდოს მიმწოდებელთა წინადადებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ამავე სისტემაში.

გარდა ამისა, ნებისმიერი ინფორმაცია ტენდერის შინაარსის, მონაწილეებისა და სტატუსის შესახებ ღიაა უბრალო ვიზიტორისთვისაც, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას არ შეუძლია რაიმე იყიდოს ან გაყიდოს. სისტემაში დარეგისტრირება კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

პროგრამის მთავარ პლუსად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ტატო ურჯუმელაშვილი სწორედ ღიაობას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ინფორმაციის ღიაობამ გამოიწვია ადმინისტრაციული საჩივრების რიცხვის შემცირებაც. გარდა ამისა, თუ ადრე მექანიკური შეცდომების გამო შეიძლებოდა პრობლემა შექმნილიყო, ახლა უკვე სისტემა აღარ გაძლევს საშუალებას, დაუშვა შეცდომა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მომგებიანია ეს სისტემა სახელმწიფოსთვის, ტატო ურჯუმელაშვილის თქმით, მიუხედავად ტენდერების ჩაშლის შემთხვევებისა, სწორედ ამ პროგრამის საშუალებით სახელმწiფომ შესყიდვებზე დახარჯა დაახლოებით 36 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი შესყიდვებისას.

შეხვედრაზე ელექტრონული ტენდერების მონაწილეებს დაურიგდათ მწვანე და ყვითელი ფურცლები, რომლებზეც სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა ჩამოეწერათ, მწვანეზე– დადებითი, ყვითელზე – უარყოფითი. მიუხედავად მანამდე ჩამოთვლილი დადებითი მხარეებისა, ყვითელი ფურცლები უფრო მეტი იყო – ფასი არ უნდა წარმოადგენდეს შეფასების ერთადერთ კრიტერიუმს და ყურადღება უნდა გამახვილდეს ხარისხზეც, შავ სიაში არსებულმა კომპანიებმა საერთოდ ვერ უნდა წარმოადგინონ წინადადება, მოგვარდეს ბანკებთან არსებული პრობლემა (დაგვიანება, თანხის დაბრუნება), საკონკურსო განაცხადისთვის უფრო მსუბუქი ფორმა მომზადდეს, არშემდგარი ტენდერები რამდენჯერმე ჩაშლის შემდეგ გამარტივებული წესით ჩატარდეს, არაერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტებზე ერთი ტენდერის გამოცხადება გახდეს შესაძლებელი, მკაფოდ დაფიქსირდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან საკვალიფიკაციო ცნობების მოტანა სავალდებულო არ არის და ა.შ. დადებითი შეფასება კი ძირითადად სისტემის ღიაობამ და გამჭვირვალობამ მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდნენ, რომლებიც გათვლისწინებულ იქნება სისტემაში. მანამდე კი ვებ-გვერდს დაემატება ფორუმი, რომელიც ონლაინ კონსულტაციის ფუნქციას შეასრულებს, ამუშავდება ცხელი ხაზიც და საიტზე დაიდება მომხმარებლის სახელმძღვანელოს ახალი ვერსიაც. გარდა ამისა, ვებ-გვერდს დაემატება დავების განხილვის ექვსკაციანი საბჭო, სადაც სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის და არასამთავრობო სექტორის სამ-სამი წარმომადგენელი იქნება. დავების განხილვების საბჭოც ასევე ელექტრონული იქნება, საკმარისია მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის შევსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი