ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს

11 თებერვალი, 2016 • 1432
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, 150 მილიონამდე ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსური ხელშეკრულებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. მას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლაზლო ბარანიაიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობოს ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება.

49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს კი საქართველო „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II” პროექტის – ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი