ეკონომიკა

20 მილიონის დაკვეთა ელმავალმშენებელ ქარხანას

15 მარტი, 2011 • • 1361
20 მილიონის დაკვეთა ელმავალმშენებელ ქარხანას

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სს ”ელმავალმშენებელ ქარხანას” ეწვია. მინისტრმა შპს ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორ ირაკლი ეზუგბაიასთან ერთად დაათვალიერა ქარხნის საამქროები, სადაც, შპს ”საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით, მოხდება 9 ელმავალის სრული მოდერნიზება. სულ დაკვეთის ღირებულება 13 383 936 შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 20 მილიონი ლარი) შეადგენს.

ქარხანამ დაკვეთაზე მუშაობა უკვე დაიწყო, დღეს მინისტრმა პირადად დაათვალიერა ქარხანაში მიმდინარე სამუშაოები. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ “საქართველოს რკინიგზამ” შეკვეთა არა რომელიმე უცხოურ საწარმოს, არამედ სწორედ სს “ელმავალმშენებელ ქარხანას” მისცა, რადგან ეს ქარხნის განვითარებისთვის სტიმული იქნება, ამასთან, ხელს შეუწყობს დამატებით ადგილობრივი კადრების დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში. ის მე-20 საუკუნის 30–იან წლებშია დაარსებული, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. პირველი ელმავალი კი მან 1957 წელს გამოუშვა და და მას შემდეგ ამ საქმეს ემსახურება. დღეს ქარხანა მუშაობს ახალი თაობის ელმავლების პროექტზე, რომლებიც იწარმოება ევროპულ ლიანდაგებზე სამოძრაოდ.

ელმავალმშენებელი ქარხანა საკავშირო შეკვეთებზე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ შეკვეთებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ძირითადად კი, უკრაინიდან, საშუალებას მისცა, შეენარჩუნებინა საწარმოო ბაზა და კვალიფიციური მუშახელი. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ქარხანას სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგან გაუქმდა შეკვეთების დიდი ნაწილი. ამ დროისათვის ქარხნის ყველაზე დიდი დამკვეთი შპს ”საქართველოს რკინიგზაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი