საქართველოს ფინანასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანასთა სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი მოგებს გადასახადის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და მალე იგი პარლამენტს წარედგინება.
კანონპროექტი ითვალისწინებს მოგების გადასახადის შეცვლას განაწილებული მოგების გადასახადით:
“საუბარი შეეხება იმას, რომ კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიტანა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში, კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის,”– განმარტა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 11 თებერვალს.
ამასთანავე, ხადურის განცხადებით, დაბეგვრის რეჟიმი არ შეიცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს. მაგალითად, მათ შორის იქნებიან მეწარმე ფიზიკურ პირები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანოზაციები, ბანკები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს არის არასამთავრობო სექტორი.
“საწარმოს მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე, აღარ იქნება 1–წლიანი. შესაბამისად, კომპანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს, მოგების გადასახადით დაიბტერგება დივიდენდის, ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, და ის გადახდები, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან,”– აცხადებს ხადური.
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%–იანი განაკვეთი.
ხადური ვარაუდობს, რომ ეს ცვლილებები ძალაში 2016 წლის პირველ ივლისს შევა, ამიტომაც, 1 ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად სავარაუდოდ, 1 ნოემბრამდე პერიოდი განისაზღვრება.
ნოდარ ხადურის განცხადებით, მოგების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში განსახორციელებელი რეფორმები წლებანდელი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს დაახლოებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს, შემცირება კი ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება:
“ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რათა ბიუჯეტში ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს აღნიშნული თანხით, შემცირება არ შეეხება სოციალურ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, შემცირება არავითარ შემთხვევაში, სოციალურ ხარჯთან ერთად არ შეეხება ინფრაქტრუქტურულ პროექტებს.”