ეკონომიკა

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს სარევიზიო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა

15 მარტი, 2011 • • 1096
ზურაბ აბაშიძე საკრებულოს სარევიზიო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია “ჩვენი თბილისის” წევრმა, ზურაბ აბაშიძემ 15 მარტს საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობისა და საკრებულოს სარევიზიო კომისიის მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით ბრიფინგი გამართა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თავისუფალმა დემოკრატებმა  თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში 2008-2009 წლებში საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები რამდენჯერმე საჯარო გახადეს. მათ ქალაქის მერს შესაბამისი ზომების მიღებისკენ, საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი ამ და სხვა მიმართულებებით მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდეს. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ მიმართვაზე არც მერიის და არც საკრებულოს სარევიზიო კომისიის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

“ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოს სარევიზიო კომისიას არა თუ არ გაუგრძელებია მუშაობა, არამედ ახალ საკრებულოში ჩატარებული აქვს მხოლოდ ერთი გაცნობითი ხასიათის სხდომა და  დღეს, როგორც იქნა, ჩვენი 9– თვიანი ბრძოლოს შედეგად წარმოადგინეს 2011 წლის სამუშაო პროგრამა, რომელშიც  ასახულია, თუ რა შემოწმებები უნდა განხორციელდეს მიმდინარე წელს კონკრეტულად გამგეობების მიმართ, ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან დაკავშირებით” – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით,  თავისუფალი დემოკრატებისთვის  ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატა მერიის ცალკეული სამსახურების საქმიანობის შესწავლას იწყებს. ზურაბ აბაშიძე  იმედოვნებს, რომ  შედეგები ფართო საზოგადოებისათვის საჯარო გახდება.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ბაჩილავა  ზურაბ აბაშიძის მიერ  კომისიის  უმოქმედობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას  არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სარევიზიო კომისია მუშაობს და სხდომებს ჩვეულებრივ რეჟიმში ატარებს. მისივე თქმით, კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართა, რომელსაც თავად ზურაბ აბაშიძეც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი