15 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” ათასწლეულის ფონდმა და საქსტატმა სამწლიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ღონისძიებაზე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგები, სტატისტიკური პუბლიკაციები, მათ შორის, ქვეყნის ატლასი მუნიციპალიტეტების რუკებით და სხვა საინფორმაციო ბროშურები წარმოადგინეს. ღონისძიებაში ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრას, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ათასწლეულის ფონდსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის 2008 წლის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში,საქსტატმა 1,865,379 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებშიც ორი კვლევა განხორციელდა, მათ შორის, შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერა. ღონისძიებაზე აღნიშნული კვლევების შედეგები იქნა წარმოდგენილი. ამასთანავე, ათასწლეულის ფონდის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის გამოყოფილი 377,188 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარება საერთაშორისო ფასთა შედარების პროგრამაში (ICP) მოსამზადებელ სამუშაოებს, პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდა. ფონდმა საქსტატს საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა და ქსელური მოწყობილობები გადასცა, რაც აღნიშნული უწყების შიდა კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობას შეუწყობს ხელს. ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში საქსტატისათვის გამოყოფილმა მთლიანი დაფინანსების თანხამ 2,242,567 აშშ დოლარი შეადგინა.




