ეკონომიკა

ტექნიკურ უნივერსიტეტს $39,977 ღირებულების მოწყობილობა გადასცეს

15 მარტი, 2011 • • 1004
ტექნიკურ უნივერსიტეტს $39,977 ღირებულების მოწყობილობა გადასცეს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VIII კორპუსში ენერგოეფექტური სატესტო მოწყობილობებით აღჭურვილი ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორიის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და პროექტის “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” (ნათელი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ვინროკ ინტერნეიშენალი” აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის თანადგომით პროექტს “ნათელი” ახორციელებს, რაც საქართველოში ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის გამოყენებას უწყობს ხელს.

სამინისტროს ცნობით, საქმიანობის ფარგლებში პროგრამამ “ნათელი” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  $39,977 აშშ დოლარის ღირებულების ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა გადასცა. ამასთანავე, აღნიშნული პროექტის, “ნათელის” დახმარებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა, საერთო ღირებულებით $5,307 აშშ დოლარი და პროგრამის, „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ ფარგლებში შეძენილი გაზის ანალიზატორი “ტესტო”, საერთო ღირებულებით $4,034 აშშ. დოლარი გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი