2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა, შესაძლოა, 14.5-დან 34,6 მილიარდ დოლარამდე შეადგინოს. ამის შესახებ Agence France-Presse კომპანია AIR Worldwide-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მოდელირებითაა დაკავებული. კომპანიის გათვლებით, აღნიშნული შეფასება მხოლოდ დაზღვეულ ქონებას შეეხება, თუმცა მთლიანმა ზარალმა, შესაძლოა, ბევრად მეტი შეადგინოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ AIR Worldwide-ის ანგარიშში ცუნამის შედეგები არ შედის.
მთავრობას მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შესახებ შეფასება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამ დროისათვის იაპონიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა, ნგრევის და ეკონომიკური ზარალის შედეგები მუდმივად იცვლება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მიწისძვრა, რომელიც კუნძულ ხონსიუს სანაპიროდან 130 კილომეტრის მოშორებით მოხდა, იაპონიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველია.
2011 წლის 14 მარტს იაპონიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას 900 ადამიანი ემსხვერპლა, ზოგიერთ ქალაქში ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად კი იაპონიაში 12.000-ზე მეტი შენობა განადგურდა.
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა ნავთობის ფასებზეც აისახა, Brent-ის მარკის ნავთობი განაგრძობს გაიფებას იმის შიშით, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. შედეგად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აპრილის ფიუჩერსების ფასი WTI-ის ტიპის ნავთობზე 100 დოლარზე დაბლა დაეცა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი მარკით Brent, 110 დოლარის მაჩვენებელს მიუახლოვდა.
იაპონიაში მიწისძვრამ და ცუნამმა ნაბთობგადამამუშავებელი და მთელი რიგი სხვა ქარხნების გაჩერებაც გამოიწვია, იაპონია კი მსოფლიოში ნავთობის რიგით მესამე უმსხვილესი მომხმარებელია.
როიტერი აღნიშნავს, რომ ზიანმა, რომელიც ინფრასტრუქტურას მიადგა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნავთობზე მოთხოვნა შეამციროს.