ეკონომიკა

ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადადის

14 მარტი, 2011 • • 1112
ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადადის

დღეს პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს რეორგანიზაციის და  მისი უფლებამოსილების სხვადასხვა უწყებებს შორის  გადანაწილების საფუძველზე, “საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

მთავრობის სტრუქტურაში გატარებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადადის.  ცვლილებები, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებშიც შედის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით,  ბიუჯეტის ფინანსური პარამეტრები არ იცვლება, თუმცა  იმ თანხის შესაბამის სამინისტროებს შორის გადანაწილება ხდება, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტით  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკუთვნოდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს  27 მლნ. ლარი რჩება, ხოლო 15 მლნ. ლარი დანარჩენ სტრუქტურებს შორის ნაწილდება. კერძოდ, 12 მლნ. ლარი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცემა, 118 ათასი ლარი –  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო 112 ათასი ლარი –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

აღნიშნული ცვლილების გარდა,  კანონს ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს პარლამენტს უფლებას აძლევს, დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში და ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დააფინანსოს.

დღესვე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი