ეკონომიკა

სახელისუფლებო მონოპოლისტები

11 მარტი, 2011 • • 3814
სახელისუფლებო მონოპოლისტები

პარლამენტარი არჩილ გეგენავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კულტურის მინისტრის ძმა გიორგი რურუა – რა კავშირი აქვთ ამ ადამიანებს თბილისში მოქმედ სავაჭრო ჯიხურებთან. ამის თაობაზე დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ისაუბრა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, სახელისუფლებო მონოპოლისტებისთვის ბიზნეს-სივრცის გათავისუფლების მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში,მცირე ბიზნესის საწინააღმდეგო სახელისუფლებო კამპანია გახშირდა. სამარშრუტო  ტაქსების ბიზნესიდან ათასობით მცირე მეწარმის გაძევების შემდეგ, ხელისუფლებამ მცირე სავაჭრო ობიექტების დაწიოკება დაიწყო.

თინა ხიდაშელის განმარტებით, თბილისში, რამოდენიმე რაიონში,  ჯიხურები უკვე აიღეს, აგრეთვე, ათეულობით მოქალაქემ უარი მიიღო საკუთარი ბიზნესის გაგრძელებისათვის საჭირო ნებართვის მიღებაზე. ხელისუფლება ნებართვის გაცემაზე უარს სამი მიზეზით ასაბუთებს. ეს მიზეზებია: 1 აკრძალულია გამზირებზე, ქუჩებზე, ძველი თბილისის რაიონში, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე დროებითი ჯიხურების დადგმა; ჯიხურების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი რაიონების შიდაკვარტლურ ტერიტორიებზე. თუმცა ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი ფოტო-მასალა ეწინააღმდეგება აღნიშნულ აკრძალვას.

ხელისუფლების მეორე აკრძალვა ჯიხურების რიგის გაჩენას ეხება. როგორც თინა ხიდაშელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ აკრძალვაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს ჯიხურების რიგი, ანუ რამდენი მეტრი უნდა იყოს დაშორება მათ შორის. ქალაქში კი, მისი თქმით, ხშირად ვაწყდებით ერთი მეორის მიყოლებით ჩამწკრივებულ რამოდენიმე სხვადასხვა ჯიხურს.

მესამე აკრძალვა გულისხმობს იმას, რომ ჯიხურების მხატვრული იერსახე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურულ გარემოს. “რესპუბლიკელებმა” წარმოადგინეს ფოტო-მასალა, რომელზეც ჩანს, რომ 2 ჯიხურიდან სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტი მიენიჭა იმ ჯიხურს, რომელიც საერთოდ ვერ  აკმაყოფილებდა ქალაქის იერსახესათან შესაბამისობას  და ზოგად სტანდარტებს.

თინათინ ხიდაშელი დოკუმენტებსა და ფოტო-მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული მასალები აბსოლუტურ მტკიცებულებებს ქმნის იმის დასადასტურებლად, რომ ამგვარი მოთხოვნები შერჩევითი ხასიათისაა და მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეეხება და არავითარ შემთხვევაში არ ვრცელდება ხელისუფლებაში მყოფ მონოპოლისტებზე.

1. რუსთაველის გამზირი: ათეულობით ჯიხური და დროებითი სავაჭრო ობიექტი. მაგალითად, პრესის გავრცელების ჯიხურები და ლატარიის კომპანიის სავაჭრო ობიექტები, ორივე ეკუთვნის დავით კეზერაშვილს.

2. მეტროს ამოსასვლელები: მრავლობითი „2 წუთის“ კვების ობიექტები, რომლებიც თანაბარი წილით ეკუთვნით კულტურის მინისტრის ძმას, გიორგი რურუას და პარლამენტის წევრს, არჩილ გეგენავას.

3. მთელ თბილისში, მიუხედავად ტერიტორიის მიკრო გარემოსი და არქიტექტურული იერსახისა, შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, პრესის გავრცელების და მეორე მხრივ, „ნუგეშის“ ჯიხურების მეპატრონეთა მიერ ერთიანი ესკიზითა და დიზაინით ნებართვის მიღება ყველგან.

4. მთელ თბილისში, სახელისუფლებო მონოპოლიებისთვის ნებადართულია ერთიან რიგში დგომა სრულიად სხვადასხვა დიზაინის, ზომის, ფერის ჯიხურებით, მაგალითად, არქიტექტურის სამსახურის მიერ ბოლოს გაცემული ნებართვები ბახტრიონის 18, 20, 22 და 24 –ში ამის დასტურია. ეს ჯიხურები არის „ნუგეში“, „ეკოფუდი“, პრესის გავრცელება, ლატარიის კომპანია და შირაქის პროდუქტები.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სავაჭრო ქსელ „ნუგეშის“ 100– პროცენტიანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც შპს „მზიურის“ დისტრიბუტორია. იგი არის ყველაზე დიდი წილის მფლობელი TBT ჯგუფში, აღნიშნულ კომპანიას კი საქართველოში ხორბალი შემოაქვს. ხიდაშელის განმარტებით, ყველაფერი დაკავშირებულია ხორბალთან, ნუგეშის ქსელში პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე – სხვაგან.

თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ყველა დანარჩენი პროდუქტის დისტრიბუციას, რაც ნუგეშის ქსელში შემოდის, ახდენენ კომპანიები, რომლებიც ეკუთვნის არჩილ გეგენავას. “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა წარმოადგინა ფოტოები,  სადაც ჩანს, რომ “ნუგეშის” ქსელთან მდგარი მანქანა, საიდანაც პროდუქტს ტვირთავენ და იმ დისტრიბუტორებს, რომლებსაც “ნუგეშის” ქსელში პროდუქტი შეაქვთ, აცვიათ „კოლხის“ ფორმები და აღნიშნული კომპანიის მფლობელი არჩილ გეგენავაა, რაც ცნობილი ფაქტია და ამას დოკუმენტებიც ამტკიცებს. მეორე კომპანია, რომელიც “ნუგეშის” დისტრიბუტორია,  არის „ფუდსერვისი“, რომელიც, აგრეთვე, გეგენავას ეკუთვნის,  თვითონ “ნუგეშის” ქსელი, ხიდაშელის განმარტებით, ფიზიკურად მისი არ არის, მისი მეპატრონე აკაკი ახვლედიანია, რომელიც სახელისუფლებო ბიზნესმენია და სერიოზული ბიზნეს-ინტერესები  აქვს საქართველოში, რომელსაც ხელისუფლება ლობირებს.

თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკელები” თბილისის საკრებულოში ოფიციალურ წინადადებას გაგზავნიან, სადაც მოითხოვენ, საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურად მოიწვიონ ქალაქის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსები, აგრეთვე, ზედამხედველობის ინსპექციის ხელმძღვანელი, რათა საკრებულოს და ხალხს მოახსენონ მცირე ბიზნესის დაწიოკების მიზეზები, ნებართვის გაცემის ოფიციალური საფუძვლები, მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა მიმართ განსხვავებული მიდგომების მიზეზები.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” თბილისის თითქმის ყველა უბანში 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა თავიდან მხოლოდ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეეძლოთ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი. თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 7 თებერვალს „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მონახულებისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც „ნუგეშში“ განგვიცხადეს, აღნიშნული ქსელით სარგებლობა ნებისმიერი მოქალაქისათვის თებერვლის დასაწყისიდან გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ „ნუგეშში“ პროდუქტები სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს.

მას შემდეგ, რაც ქალაქის მერი „ნუგეშის“ ერთ-ერთ ობიექტს ეწვია და აქცენტი მის დადებით მხარეებზე გააკეთა, როგორც იარაღზე „შიდა სპეკულაციის“ აღმოსაფხვრელად,  საზოგადოებაში აღნიშნული სავაჭრო ქსელის მიმართ კითხვები მაშინვე გაჩნდა, კერძოდ, მის შესაძლო კავშირზე მერიასთან.

პროექტის მენეჯერმა, დავით ჟღენტმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სავაჭრო ქსელ „ნუგეშს“ მერიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და იგი დამოუკიდებელი კომპანიაა.  კომპანია 2010 წლის 18 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მისი იურიდული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აღნიშნული სავაჭრო ქსელის მფლობელი აკაკი ახვლედიანი გახლავთ. დავით ჟღენტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქტის გაყიდვას იმით ხსნის, რომ ეს ბიზნესი გაყიდვების მოცულობაზეა გათვლილი-„რაოდენობა უნდა გაიყიდოს მეტი, და შესაბამისად, ფასი უნდა იყოს დაბალი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინარჩუნებთ და ვახერხებთ იაფი ვიყოთ სხვა კონკურენტ კომპანიებთან შეადარებით“ –  განუცხადა პროექტის მენეჯერმა “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი