ეკონომიკა

ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ბრუნდება?

11 მარტი, 2011 • • 1349
ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ბრუნდება?

სააგენტო polit.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური საკითხია და რუსეთი აშშ-სგან დახმარებას ელის. აშშ, თავის მხრივ, ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნას მოითხოვს. რუსეთი აღნიშნულ პირობაზე თანახმაა, მაგრამ საქართველოს მეტი სურს და მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შვეიცარიის შუამავლობით ბერნში სტარტი აიღო ქართულ-რუსულმა მოლაპარაკებებმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მხრიდან მოსალოდნელია ზოგიერთი პოლიტიკური საკითხის წინ წამოწევა, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, რაც რუსეთის ხელისუფლებისათვის, ლუკაშევიჩის თქმით,  სრულიად მიუღებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების პოლიტიზირების დაუშვებლობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა.

სააგენტო polit.ru იტყობინება, რომ რუსეთში მხოლოდ მედვედევს არ მიაჩნია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ბლოკირება მსო-ში პოლიტიკური საკითხია. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა  აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დროს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების პრობლემა განიხილა და ხაზი მის პოლიტიკურ ხასიათს გაუსვა, ამის შესახებ მმართველი აპარატის უფროსმა, იური უშაკოვმა განაცხადა.

რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების  შესახებ საქართველოს პრეტენზია  2006 წელს გაუჩნდა, რაც ქართული წარმოების ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი რუსეთში აიკრძალა. 2008 წლის აპრილის ბოლოს საქართველო გამოვიდა მოლაპარაკებების პროცესიდან რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შესახებ, გააპროტესტა რა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ.

სააგენტო polit.ru-ს ცნობით, საქართველო ამტკიცებს, რომ მისი მოთხოვნები რუსეთის მიმართ არ არის პოლიტიკური, ეს მხოლოდ სურვილია, დაარწმუნოს რუსეთი, შეასრულოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები. ლაპარაკია „რუსულ-ქართულ“ საზღვრებზე რამოდენიმე საბაჟო პუნქტის რეალიზაციაზე, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ საზღვრებზე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მოლაპარაკებების დაწყებამდე ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს განუცხადა, ქართველების პოზიცია უცვლელია, საქართველო, ისევე როგორც ადრე, ახლაც ითხოვს საბაჟო -გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას მდინარე ფსოუზე- აფხაზურ საზღვარზე საქართველოსა და რუსეთს შორის, აგრეთვე, როკის გვირაბზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე.

სააგენტო იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ ჯოზეფ ბაიდენს, ფაქტობრივად, სთხოვა თბილისზე ზეწოლის მოხდენა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნის გამო.

polit.ru-ს განცხადებით, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს უკვე შეუძლია დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე აუცილებელი პროცედურების გავლის შემდგომ, თუმცა, ონიშენკოს თქმით, ქართული მწარმოებლები საკუთარი სურვილით არ მიდიან რუსულ ბაზარზე.

ონიშენკოს ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” რამდენიმე ქართულ ღვინის კომპანიასთან გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა საერთოდ არ არის ინფორმირებული რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების თაობაზე. „ქინძმარაულის მარანის“ წარმომადგენლის, ლაშა სულაძის განმარტებით, ემბარგომდე კომპანია რუსულ ბაზარზე არ ყოფილა, ვინაიდან იგი 2006 წელს დაარსდა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომპანიაში ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, დადასტურების შემთხვევაში, მზად არიან რუსულ ბაზარზე გავიდნენ.

„თბილღვინოს“ განმარტებით, ემბარგომდე ისინი რუსულ ბაზარზე იმყოფებოდნენ, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ღვინოს ყიდდნენ. მათი დიდი წარმოება საშუალებას იძლევა, რუსულ ბაზარზე კვლავ გავიდნენ და „თბილღვინო“ სრულ მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან ურთიერთობა აღადგინოს, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია ინფორმაციას არ ფლობს.

„თელავის ღვინის მარანს“ და „წინანდლის ძველ მარანს“ აღნიშნულ ფაქტზე არაფერი სმენიათ, რაც შეეხება „შუხმან ვაინს მარანს“, ემბარგომდე ისინი არ ყოფილან დაფუძნებული. აღნიშნული ინფორმაცია კი კომპანიას გერმანიდან თანამშრომელმა აცნობა, მათი თქმით, ცნობები ქართული ღვინის დაბრუნების შესახებ რუსულ ბაზარზე რუსეთის არხზე გადაიცა. ისინი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მზადყოფნასა და სურვილს გამოთქვამენ, რუსულ ბაზარზე გავიდნენ.

დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია იმ განუსაზღვრელი და გადაუჭრელი საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა, რაც გააჩნია მსო-ს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკურ სფეროში, რაც ეხება ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყლებზე და სხვა პროდუქციაზე  ემბარგოს მოხსნას.

რუსული სააგენტო იუწყება, რომ საქართველოსთვის რუსული ბაზარი, სავარაუდოდ, უკვე დაკარგულია. თუმცა ქართულ პროდუქციას ამ შემთხვევაშიც შეუძლია რუსულ ბაზარზე მოხვედრა ბელორუსიის და ყაზახეთის გავლით, რომლებიც რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირში შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი