ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 მარტი, 2011 • • 1104
შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ჯაბა ებანოიძე ბიზნეს –ასოციაციის წევრებს წარუდგინა. ჯაბა ებანოიძე  ამ თანამდებობაზე ოფიციალურად გუშინ დაინიშნა. მინისტრის თქმით, ბიზნესმა ზუსტად  უნდა იცოდეს ის პრიორიტეტები და ამოცანები, რაც მუშაობის განმავლობაში  შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს ექნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ  „ახალი კურსის“ ფარგლებში, გიორგი ცხაკაიას ხელმძღვანელობით, უწყებაში ბევრი, მათ შორის, მტკივნეული რეფორმა გატარდა, თუმცა საჭიროა ახალი მიდგომები, ადმინისტრირების გამარტივება მისი შემდგომი ლიბერალიზაციის კუთხით.

შემოსავლების სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი ბიზნესსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთობის დახვეწა და გამარტივებაა. „შემუშავდება შიდა პროცედურები, შიდა სტანდარტები, სახელმძღვანელოები, რომლის მეშვეობით ბიზნესის თვალში ჩვენი თანამშრომლების საქმიანობა იქნება ბევრად უფრო სამართლიანი,“ – განმარტა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ორსაათიან შეხვედრაზე  ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ არსებული ვითარება  და ამ კუთხით ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები განიხილეს. აგრეთვე, მათ  იმ მექანიზმებზეც ისაუბრეს, რაც უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას.

გუშინვე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ცხაკაია  თბილისის ვიცე–მერად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი