ეკონომიკა

რა პრობლემები გააჩნია სოფლის მეურნეობას?

10 მარტი, 2011 • • 4785
რა პრობლემები გააჩნია სოფლის მეურნეობას?

10 მარტს თბილისი მერიოტში კონფერენცია – „სოფლის მეურნეობის დაზღვევა და დაკრედიტება საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა,
რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ასოციაცია „ელკანა“ და „ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“ მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების, ბანკებისა და
მიკროსაფინანასო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის ექსპერტები და ფერმერები. კონფერენცია გაიმართა “ოქსფამ დიდი ბრიტანეთის”
(OxfamGB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: “სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სადაზღვევო სისტემების განვითარება – დაინტერესებულ
მხარეთა დიალოგი.“
მისი მიზანი იყო დისკუსიის გამართვა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დაზღვევისა და დაკრედიტების სისტემის განვითარების სფეროში არსებული
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

კონფერენციაზე ასოციაცია „ელკანას“ იურისტი, ელენე შატბერაშვილი სიტყვით გამოვიდა თემაზე-„აგროდაზღვევა და აგროდაკრედიტება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ზოგად კონტექსტში“.  მან სოფლის მეურნეობის მნიშვნელობასა და პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროში  არსებული პრობლემები მიმოიხილა, კერძოდ, ფერმერების მხრიდან – შესაბამისი უნარ-ჩვევების არარსებობა; სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო ინსტიტუტების მხრიდან ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და კომპეტენციის ნაკლებობა. აგრეთვე, მისი თქმით, ბანკები, როგორც წესი, თავს იკავებენ აგრობიზნესის დაფინანსებისგან. აგრარულ სფეროში როგორც წარმოების, ასევე ბაზრის  პრობლემები იჩენენ თავს, ვინაიდან მცირე ფერმერების მარკეტინგულ პრობლემებს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, როგორებიცაა, მაგალითად, აგრარული ბაზრები და ფერმერთა მარკეტინგული კოოპერატივების განვითარება. ელენე შატბერაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში 2009 წელს ფერმერული მეურნეობების ზომისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზოგადი მონაცემები ასეთია: სოფლად 1,0456 მლნ. დასაქმებული, აქედან 0.863 მლნ თვითდასაქმებული, ხოლო 2004 წლის მონაცემებით, შინამეურნეობა 729 067 შეადგენს, სასოფლო მეურნეობა, რომელიც ფლობს მიწას- 691 577-ს. აქედან, ძირითადად, რეალიზაციისთვის აწარმოებს 129 498 მეურნეობა. მეურნეობის ტიპის 99% კი ოჯახური ხასიათისაა. ელენე შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი აქვს. მისი თქმით კი, მთავარი ექსტენციის ცენტრების ქსელის განვითარებაა,  სასურველია, რომ ექსტენციის ცენტრებმა ფერმერებს შესთავაზონ ინტეგრირებული დაცვის სისტემები სხვადასხვა კულტურასა და ჯიშზე, გამოცადონ ახალი ჯიშები და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები.

კონფერენციაზე „სასოფლო-სამეურნეო კრედიტები საქართველოში: რისკები და პერსპექტივები“ პროფესორმა, მიხეილ თოქმაზიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო სექტორი ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის – სექტორის წილი მთლიან საბანკო სესხებზე 1%-დან 2%-მდე მერყეობს, ამასთანავე, ძალიან მცირეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში – 2007 წელს – 0.8%, 2008 წელს – 0.5%, 2009 წელს – 1.2%. აღნიშნული საკითხი კი დაბალი უკეგებისა და მაღალი რისკის მაჩვენებელია, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კრედიტების მიღების რისკები და ბარიერები შემდეგია: მეურნეობების სიმცირე, ფისკალური პოლიტიკის შეუსაბამობა ფერმერთა საჭიროებებთან, გრძელვადიანი კრედიტების დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა, განუვითარებელი ინფრასტრუქტრა და არასტაბილური ლოგისტიკა. პროფესორმა რამდენიმე რჩევა მისცა ამ სფეროში დაინტერესებულებს და ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ფაქტორებზე: ფერმერების თანამშრომლობა, ბიზნეს-კლასტერების პარტნიორობა და ღირებულების ზრდის ჯაჭვის განვითარება,  საკრედიტო გარანტიების სისტემის შექმნა,  პარტნიორული სესხების მოდელი, მაღალი საპროცენტო განაკვეთის შემცირება, სასოფლო – სამეურნეო დაზღვევის სქემების დანერგვა და სასოფლო – სამეურნეო საფონდო ბირჟები.

საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებაზე საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენელმა, ივერი ახალბედაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ფერმერთა გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი რისკები, რომელთა დაზღვევასაც ისურვებენ, არის ცხოველთა ეპიდემიური დაავადებები მეცხოველეებისათვის, ხოლო სეტყვა, გვალვა და წყალიდიდობა– მემცენარეობის დარგებისათვის. ახალბედაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობის ინტერესსა და მიზანშეწონილობას სასოფლო – სამეურნეო დაზღვევის სქემებში რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისის მნიშვნელობა.  მან სასოფლო – სამეურნეო დაზღვევის განვითარების ბარიერებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე პრობლემა არსებობს: 1. სასოფლო მეურნეობების არასწორი მართვა, რომლის ძირითადი მიზეზებია ფერმერების ცოდნის შეზღუდულობა, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სისტემის გაუმართაობა და ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალების, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის საშუალების  ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა მაღალი ფასის გამო. 2. სასოფლო მეურნეობების მცირე ზომა, რომელიც ზრდის ხარჯებს საკრედიტო ორგანიზაციებისთვის და ადმინისტრირებას ართულებს. 3. სრულფასოვანი სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ, ზოგიერთი სახის ინფორმაცია საერთოდ არ გროვდება, ხოლო დანარჩენი მასალა მიმოფანტულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. 4. დაბალი სადაზღვევო კულტურა, შესაბამისად არასახარბიელო დაზღვევის პირობები ფერმერებისათვის და სასოფლო – სამეურნეო დაზღვევის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის არარსებობა. რაც შეეხება „ეროვნული სადაზღვევო პროგრამის პროექტს“, აგრარული კომიტეტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ სახელმწიფო სუბსიდირება რისკებს მოიცავს, რომელთა დაძლევაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. აღნიშნული სისტემა ეფუძნება თანამონაწილეობის პრინციპს, რაც, ახალბედაშვილის თქმით, მათ უნარჩუნებს ზარალის თავიდან აცილების ან შემცირების მოტივაციას. პროექტი მოიცავს ვაუჩერის გადაცემასაც, რომელიც განსაზღვრავს ფიქსირებული დაფარვის მოცულობას მეურნეობის მიწის ყოველ 1 კვ. მეტრზე, ან 1 სულ საქონელზე, აგრეთვე, საქონელი ქმნის ე.წ. სტაბილიზაციის ფონდს, სადაც პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები ყოველწლიურად გადარიცხავენ თითოეულ კულტურაზე მიღებული წლიური მოგების 10%-ს. ივანე ახალბედაშვილის განმარტებით, საქართველოს სავარაუდო სადაზღვევო პირობები ასეთია: პრემიის სავარაუდო განაკვეთი წლიურად 6.5 – 8 %–ია; ფრანჩიზა – 10%. სახელმწიფო აანაზღაურებს პრემიის 70%-ს, ხოლო დანარჩენი 30% კი ფერმერმა უნდა დაფაროს. აგრეთვე, სადაზღვევო თანხა ერთეული საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით განისაზღვრება, რაც შეეხება დაზღვევის პერიოდს, ის მუნიმუმ ერთ წელიწადს ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი