ეკონომიკა

მომხმარებელს გადაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნების უფლება ენიჭება

10 მარტი, 2011 • • 1260
მომხმარებელს გადაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნების უფლება ენიჭება

10 მარტს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პროექტი  პოლიგრაფიული საწარმოს შესახებ. აღნიშნული საწარმოსთვის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, პროდუქციაზე სამი ან მეტი დამცავი ნიშანი დაიტანოს, სავალდებულო ხდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მოპოვება. აღნიშნული დამატება “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში შედის.

ცვლილებები და დამატებები  ”საქართველოს საგადასახადო კოდექსშიც” შედის. კერძოდ, დაწესდება საგადასახადო სანქციის ახალი ფორმა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის სწავლებას გულისხმობს. ამ სანქციის გამოყენება  სალარო– აპარატის გამოყენების წესების ან სხვა წვრილმანი დარღვევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. პროექტის მიხედვით,  საერთაშორისო საავიაციო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად მისაწოდებელი საწვავი და საპოხი დღგ-ის, აქციზისა და იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება.

კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით  “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებელს პუნქტისგან ოპერაციის გაუქმებისა და  გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება ექნება. ამასთანავე,   პუნქტს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებელს ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს.  პროექტის თანახმად, პუნქტი ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას  განათავსოს. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა დააზუსტა, კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელი გაცვლილ ვალუტას უკან  მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პირობა დაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი