ეკონომიკა

შემოვლითი რკინიგზისთვის მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის 14 000 000 ლარია ანაზღაურებული

10 მარტი, 2011 • • 1073
შემოვლითი რკინიგზისთვის მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის 14 000 000 ლარია ანაზღაურებული

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის 14 000 000 ლარი უკვე ანაზღაურებულია. 860 ნაკვეთიდან – 630,  78 საცხოვრებელი სახლიდან  54 გამოსყიდულია, ხოლო 22 ბიზნესიდან კი 14 კომპენსირებულია.

რკინიგზის ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის ამოცანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისაგან თბილისის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლებაა. გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარ მიწაზე კი, ბიზნეს და გასართობი ცენტრების, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის განხორციელებისათვის 130 ჰექტარი მიწის რეგისტრაცია გახდა საჭირო, რომელიც  860 მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებსა და მცირე ბიზნესის ერთეულებს მოიცავს.

საქართველოს რკინიგზის განმარტებით, მესაკუთრეების ინტერესების დაცვის მიზნით, გამოსყიდვის კომპლექსური სამოქმედო გეგმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სოციალური პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის თანახმად, მიწის ობიექტურად შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რკინიგზამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ მოიწვია. მისმა ექსპერტებმა საერთაშორისო სტანდარტებისა და EBRD-ის მოთხოვნების შესაბამისად, თითოეული მესაკუთრისთვის ინდივიდუალური საკომპენსაციო პაკეტი შექმნეს.

გამოსყიდვის გარიგებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გადასახადი, საქართველოს რკინიგზის ცნობით, აღნიშნულმა უწყებამ საკუთარ თავზე აიღო.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობის მიზნებისათვის, საქართველოს რკინიგზა 230 გამოსასყიდი ნაკვეთის თითოეულ მფლობელს  ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს, ხოლო საკუთრებაში არსებული ფართის ორმაგი ოდენობით ანაზღაურებას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი