ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს არ ცვლის

10 მარტი, 2011 • • 904
ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს არ ცვლის

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციური ფონისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს არ ცვლის.

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში. 

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელთაც პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად. 2011-2013 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.

ინფლაციის 6– პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნულ ბანკს გასულ წელსაც ჰქონდა დაფიქსირებული, თუმცა, ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასული წლის ინფლაციის დონემ 11.2 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მზარდი ინფლაციით აღინიშნა მიმდინარე წლის იანვრის თვე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  თანახმად, 2011 წლის იანვარში 2010 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 12.3 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი