ეკონომიკა

მთავრობის ცნობით, რძის მწარმოებელი კომპანია “ლაქტალისი” საქართველოში იწყებს მუშაობას

2 თებერვალი, 2016 • 1624
მთავრობის ცნობით, რძის მწარმოებელი კომპანია “ლაქტალისი” საქართველოში იწყებს მუშაობას

“სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი, მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია „ლაქტალისი” საქართველოში შემოვიდა”, – ამ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ბრენდი აქვს, „სანტესთან” პარტნიორობით ქართული პროდუქციის ბრენდირებას და როგორც რეგიონულ, ისე – მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა გამოყენებული იყოს ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად.

„ეს არის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 75 000-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მნიშვნელობის თითქმის ორი ათეული ქვებრენდი აქვს. მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ქვეყანაში შემოდის. მნიშვნელოვანია, რომ „ლაქტალისი” ინვესტიციას ახორციელებს ახლა, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მას ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე ინვესტორს აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვის მიმართულებით კონკრეტული გეგმები აქვს.

„ძალიან კარგია, რომ კომპანიამ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის წერტილად საქართველო აირჩია და საქართველოს მეშვეობით სურს, დაფაროს რეგიონული ბაზარი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე აცნობა, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პროექტები და პრიორიტეტები განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი