ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 21-23 თებერვალს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები კომპანია “რაკია ჯორჯია” და ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაცია იყვნენ. შეხვედრას ინდოეთის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრებმა ბიზნესმენებს საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. ბიზნეს-კონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა.
„საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალია ინტერესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენთა ნაწილი ამ შეხვედრამდეც იმყოფებოდა საქართველოში და გარკვეულწილად მოიპოვა ინფორმაცია, რა ხდება ადგილზე. ისინი დადებითად აფასებენ რეფორმებს, რაც ჩატარდა საქართველოში. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემო,“ – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ინდოეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების – სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაციის დელეგაცია ეწვევა. მის შემადგენლობაში წამყვანი ინდური კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან. აღნიშნული ვიზიტის დროს გაგრძელდება საქმიანი დიალოგი საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის ბიზნეს-წრეებს შორის კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.