ეკონომიკა

შვედეთის ელჩი ქართულ სარეგისტრაციო სისტემას გაეცნო

23 თებერვალი, 2011 • • 1122
შვედეთის ელჩი ქართულ სარეგისტრაციო სისტემას გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვალს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჯაბა ებანოიძე და საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, სოსო წიქარიშვილი შვედეთის ელჩს, დიანა იანსეს შეხვდნენ და განხორციელებული რეფორმები, ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემა გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა  თბილისის სარეგისტრაციო სამსახური დაათვალიერა და გაეცნო ქართულ სარეგისტრაციო სისტემას, ერთი ფანჯრის პრინციპს, სარეგისტრაციო პროცედურებს, ვადებსა და ხარჯებს რეგისტრაციისათვის, სხვადასხვა სერვისებს, როგორებიცაა: ონლაინ კონსალტინგი, მობილური ოპერატორი, SMS სერვისი, ვებ-სერვისები და სხვა მომსახურებები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვამ და რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების, დროისა თუ დოკუმენტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა. შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგებში ამ მიმართულებით ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე დგას.

საჯარო რეესტრის ცნობით, აღნიშნულ წარმატებაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს დიდი დამსახურება აქვთ. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA),  სხვა დონორებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე 7  წელია, სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. ამჟამად მიმდინარე პროექტს „საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება“ შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის ადმინისტრაციული ორგანო – ლანტმატერიეტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, შვედი ექსპერტების მხარდაჭერით სააგენტოში მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მაგალითად, როგორებიცაა: საკადასტრო სტანდარტების შემუშავება, GPS ქსელის შექმნა, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სხვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი