ეკონომიკა

საქსტატმა 1 წლის საქმიანობა შეაჯამა

23 თებერვალი, 2011 • • 1278
საქსტატმა 1 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ერთი წლის მუშაობა შეაჯამა. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს დაინერგა ინფორმაციის გავრცელების ახალი მეთოდები და ფორმები, ვებ-გვერდზე სხვადასხვა ინფორმაცია განთავსდა, კერძოდ,  ძირითადი მეთოდოლოგია და ფორუმი, შინამეურნეობებისა და სამომხმარებლო ფასების ბაზები, ანგარიშის სისტემა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამომწურავ ინფორმაციას იძლევა  არსებულ წყაროებზე.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო იტყობინება, სტატისტიკური  კვლევის მეთოდები უფრო დაიხვეწა და ოპერატიული გახდა. 2010 წლის ბოლოს საქსტატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2011 წლიდან შემცირდა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადები, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური მონაცემების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყოველკვარტალური მონაცემების გამოქვეყნება, ხოლო ბიზნეს-სტატისტიკის კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების ვადები 5 დღით შემცირდა და, შესაბამისად, ისინი მე-80-ე , 75-ე, 65-ე  დღეს გამოქვეყნდება, ხოლო ინფლაციის ყოველთვიური მონაცემების გამოქვეყნების ვადა 2 დღით შემცირდა და ყოველი თვის 3 რიცხვში გამოქვეყნდება.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში საქართველოს სტატისტიკურმა ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო თანამშრომლობა გააღრმავა. მსოფლიო ბანკის 2010 წლის შესაძლებლობის ინდექსის მონაცემებით, 2010 წელს საქსტატის მუშაობა  100-დან 94 ქულით შეფასდა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMG) SDDS-ში გაწევრიანდა, აგრეთვე, ის OECD PARIS21 მმართველი საბჭოს წევრი გახდა.

მილენიუმის განვითარების პროგრამის დაფინანსებით, ორი პროექტი განხორციელდა, კერძოდ, საერთაშორისო შედარებების პროგრამაში საქართველოს გაწევრიანებაზე და IT ერთიანი საინფორმაციო უზრუნველყოფის პროექტი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შვედეთის სტატისტიკის სამსახურთან სამწლიანი თანამშრომლობა ერთობლივი პროექტის ფარგლებში იწყება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქსტატის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარება და მეთოდოლოგიური გაუმჯობესება.

მუშაობის ერთი წლის ანგარიში  ჰოლანდიის სტატისტიკის სამსახურთან ერთად ერთობლივ პროექტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც საქსტატს დახმარებას გაუწევენ IT-ს, შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის, სოციალური სტატისტიკისa და დემოგრაფიის მიმართულებით;

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით, ამავე სფეროს  კვლევის მონიტორინგი განხორციელდა.

2010 წლის ფარგლებში სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა და ინერგება მონიტორინგის, კონტროლის და შიდა აუდიტის სისტემა. შეიქმნა მონიტორინგის ახალი სამმართველო, რომლის საშუალებითაც, საქსტატის ინფორმაციით,  შესაძლებელია ეფექტურად გადახალისდეს ინტერვიუერების ქსელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი