ეკონომიკა

საფუტკრე მეურნეობა ალავერდში

22 თებერვალი, 2011 •
საფუტკრე მეურნეობა ალავერდში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საფუტკრე მეურნეობა ალავერდში მუშაობს. აღნიშნულმა პროექტმა  საქართველოს ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 49 995 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი 2009 წლის ნოემბერში მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც მოხდა თაფლის საწური ტექნოლოგიური ხაზის შეძენა საფრანგეთიდან.

მეურნეობის მფლობელის თანამონაწილეობით (63 140 აშშ დოლარი) კი, შეძენილ იქნა 150 ფუტკრის ოჯახი. 2011 წელს საწარმოს დაგეგმილი აქვს საკუთარი ძალებით ფუტკრის რაოდენობის  200 ოჯახამდე გაზრდა და 3 ტონა თაფლის წარმოება. თაფლი „თაფლიკაცის“ სახელით გაიყიდება. ამ ეტაპზე საწარმო 5 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, სამომავლოდ მომსახურე პერსონალის რაოდენობის ზრდა იგეგმება.

2007 წლიდან დღემდე, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, ჯამში 280 საგრანტო პროექტი დაფინანსდა, საერთო თანხით 15,8 მლნ. აშშ დოლარი და ამდენივე ინვესტიცია იქნა მოზიდული თანადაფინანსების სახით, რითიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციის ოდენობამ 32 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები თანადაფინანსების პრინციპით, პირველადი წარმოების, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების და უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის განვითარებისთვის საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. პროექტის ბიუჯეტია 20 მილიონი აშშ დოლარი, ხანგრძლივობა – 4.5 წელი.

ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინფორმაციით, აგრობიზნესის განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 2011 წლისთვის დაგეგმილია 300-მდე პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც სოფლად დაახლოებით 2,934 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და არაპირდაპირ სარგებელს 70,000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი