ეკონომიკა

ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება “მერკური 2011”

18 თებერვალი, 2011 • • 1523
ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება “მერკური 2011”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვალს აღნიშნულ უწყებაში საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების, “მერკური 2011”-ის  ჩატარების თაობაზე  ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება “მერკური 2011” საქართველოში პირველად ტარდება, მისი გენერალური სპონსორი კი “HSBC-ბანკი საქართველოა”.

საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება – “მერკური” 2011 აერთიანებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების დაარსება ქართული ბიზნესის წარმოჩენას, წახალისებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მინისტრის თქმით, “მერკურის” მფლობელი იქნება საქართველოს მოსახლეობის ფავორიტი, რაც გამოარჩევს ამ დაჯილდოებას სხვა მსგავსი ღონისძიებისაგან, რომელიც საქართველოში იმართება. ვერა ქობალიას განცხადებით,“მერკური” იქნება ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს-ჯილდო. „ამის თქმის საშუალებას მაძლევს გამარჯვებულის გამოვლენის რთული და, ამავე დროს, გამჭვირვალე სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ობიექტური შედეგის საფუძველია. ამავე დროს, ეროვნული ბიზნეს დაჯილდოებისას გამარჯვებულებმა უნდა იცოდნენ, რომ “მერკური” მხოლოდ საუკეთესოებს გადაეცემათ,” – განაცხადა ვერა ქობალიამ.

“HSBC ბანკი საქართველოს” გენერალური დირექტორის, გაი ლუისის განცხადებით, “ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების დაფუძნება შესანიშნავი ინიციატივაა და HSBC მისი აქტიური მხარდამჭერია. ასეთი ინიციატივები სტიმულირებას უწევს ინოვაციას და, ზოგადად, ბიზნესის განვითარებას. ბიზნესის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და საქართველოში HSBC-ს სტრატეგიის მთავარი ამოცანაა. HSBC-ის რეკომენდაციით, შარშან ქართულ კომპანიებს პირველად მიეცათ საშუალება, წარმოეჩინათ საკუთარი ქვეყანა პრესტიჟულ ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ 2011 წელსაც ქართული ბიზნესი შეძლებს წარმოაჩინოს ზრდის, ეთიკისა და ინოვაციის მაგალითები, როგორც ეროვნული, ასევე ევროპული მასშტაბით.”

პროექტის სპონსორები “კავკასუს ონლაინი” და “ზარაფხანა” არიან. ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები– “თელიანი ველი”, “რუსთავი 2”, “Outdoor.ge” და გაზეთი “Georgia Today”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების ფარგლებში ნებისმიერ კომპანიას საკუთარი კანდიდატურის რამდენიმე ნომინაციაში წარდგენის საშუალება აქვს. ნომინანტების წარდგენის უფლება ასევე გადაწყვეტილების მიმღებ 200 პირსა და ექსპერტთა ჯგუფებს აქვთ.

დაჯილდოების სააპლიკაციო ფორმების შევსება  ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ვებ გვერდზე www.mercuryaward.ge.  არის შესაძლებელი.

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული კომპანიების შერჩევის პროცესი  ორ ეტაპად წარიმართება.

პირველად, დაჯილდოების ფარგლებში შემოსულ აპლიკაციებს ექსპერტთა ჯგუფები განიხილავენ და თითოეულ ნომინაციაში 5 საუკეთესო ნომინანტს დაასახელებენ. ჯამში,  50 წარმატებული ნომინანტი შეირჩევა.

მეორე ეტაპზე, თითოეულ ნომინაციაში შერჩეულ ხუთ საუკეთესო ნომინანტს საშუალება მიეცემა, ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების კომისიის წინაშე წარსდგეს და საკუთარი ორგანიზაციის პრეზენტაცია  გააკეთოს. სწორედ ამის საფუძველზე მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას.

ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოებაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1. ფინანსური წარმატება;
2. ინოვაციური ხედვა;
3. განსაკუთრებული წვლილი დარგის განვითარებისათვის;

ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა რამოდენიმე ნომინაციაში, თუ იგი აკმაყოფილებს კონკრეტული ნომინაციის კრიტერიუმებს:

1. წლის აღმოჩენა

ნომინაციაში ის კომპანია ან ბრენდი (სავაჭრო/სასაქონლო ნიშანი) გაიმარჯვებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე  2010 წელს გამოჩნდა და ინოვაციური პროექტებისა და ინიციატივების ხარჯზე სწრაფად მიაღწია წარმატებას.

2. დარგის აღორძინება

ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელმაც 2010 წელს წარმატებას მიაღწია ადრე ტრადიციულ, მაგრამ ამჟამად დასუსტებულ დარგში.

3. წლის აგრობიზნესი

ნომინაციაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელმაც ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური პროდუქტების ან პროცესების დანერგვის გზით 2010 წლის შედეგებით აგრობიზნესში მიაღწია  წარმატებას.

4. მწვანე ბიზნესი

ნომინაციაში ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელმაც  მწვანე ტექნოლოგიების და პროდუქტების, ან პროცესების დანერგვის გზით 2010 წლის შედეგებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

5. წლის ტურისტული ბიზნესი

ნომინაციაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელმაც 2010 წლის შედეგებით ტურიზმის განვითარების კუთხით მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური პროდუქტების ან პროცესების დანერვის გზით.

6. წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი

(დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი-35 წელი) 
ნომინაციაში გაიმარჯვებს ახალგაზრდა მეწარმე, რომელმაც უკვე  2010 წელს ბიზნესის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

7. წლის მეწარმე ქალბატონი

ნომინაციაში გაიმარჯვებს 2010 წლის ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ქალბატონი ბიზნესის სფეროში.

8. ეკოლოგიურად სუფთა “ქართული პროდუქტი”

ნომინაციაში გაიმარჯვებს “ქართული პროდუქტი”, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან მზადდება, ან მის წარმოებაში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიები და პროცესები გამოიყენება, რომლებიც გარემოს ზარალს არ აყენებენ ან ამცირებენ ზარალს გარემოზე.

9. უცხოეთის ვარსკვლავი – ახალი წარმატებული საექსპორტო პროდუქტი

ნომინაციაში გაიმარჯვებს საქართველოში დამზადებული საექსპორტო პროდუქტი, რომელმაც შეძლო გარე ბაზარზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და წარწერა “დამზადებულია საქართველოში” პოპულარული გახადა.

10. “დამზადებულია საქართველოში”

ნომინაციაში გაიმარჯვებს ინოვაციური ან მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელმაც  საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ხარისხი აამაღლა და ბრენდს “დამზადებულია საქართველოში” მნიშვნელოვანი სტატუსი შესძინა.

11. წლის ბიზნესი

ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენისას ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოების მთავარი კრიტერიუმების პარალელურად ყურადღება კომპანიის სოციალურ პასუხისგებლობასაც მიექცევა.

12. წლის მცირე ბიზნესი

ნომინაციაში გაიმარჯვებს მცირე ბიზნესის გამორჩეული წარმომადგენელი. შეირჩევა წარმატების, ინიციატივისა და ინოვაციის ყველაზე გამორჩეული მაგალითი, რომელმაც 2010 წელს განსაკუთრებულ წარმატებას ერთი ან რამდენიმე მიმართულებით მიაღწია.

კატეგორიაში– ხალხის რჩეული, წარდგენილია 2 ნომინაცია:

1. წლის მეწარმე

აღნიშნულ ნომინაციაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და ექსპერტთა მიერ   10 გამორჩეული მეწარმე იქნება დასახელებული, რომელთაგან საუკეთესოს მოსახლეობა ვებ-გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით გამოავლენს.

2. წლის სასურველი დამსაქმებელი

(სად ვიმუშავებდი)

ამ ნომინაციაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენა  ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. ნომინაციაში გამარჯვებული  დაჯილდოების ვებ-გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება. ხმის მიცემა  ნებიმისერ პირს შეუძლია.

ხმის მიცემა დაიწყება 1 აპრილს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ვებგვერდზე: www.mercuryaward.ge  მოსახლეობას საშუალება მიეცემა 25 აპრილამდე დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი