ეკონომიკა

გამარტივებული რეგულაციები მცირე და მიკრო ბიზნესს

18 თებერვალი, 2011 •
გამარტივებული რეგულაციები მცირე და მიკრო ბიზნესს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა უწყებამ მიკრო და მცირე ბიზნესით დაკავებული გადამხდელებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა ახალი საგადასახადო კოდექსით მცირე და მიკრო ბიზნესს გამარტივებულ საგადასახადო რეგულაციებს სთავაზობს. ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუკი ის დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და მისი ბიზნესის წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, დარეგისტრირდება და მიიღებს მიკრობიზნესის სტატუსს, მისი ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი კი არ დაიბეგრება.

ახალი საგადასახადო კოდექსით შეღავათები მცირე ბიზნესით დაკავებული მეწარმე-ფიზიკური პირისთვისაც დადგინდა. მცირე ბიზნესის დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატები, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მათაც გადაეცემათ. თუკი მეწარმე ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში 100 000 ლარს არ აღემატება, კანონმდებლობით შესაძლებელია, აირჩიოს დაბეგვრის ხელსაყრელი პირობები – ბიზნესის წლიური ბრუნვის 5% ან ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დასაბეგვრი შემოსავალი-მხოლოდ 3%.

„მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე-ფიზიკური პირი იხდის ბრუნვის გადასახადს 5%-ის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ არ სურს დოკუმენტაციის წარმოება. დოკუმენტების წარმოების შემთხვევაში კი, ბრუნვის მხოლოდ 3%-ს. ამ შემთხვევაში, გადამხდელს საშუალება აქვს, აწარმოოს მარტივი ბუღალტერია, არ დაიქირავოს ბუღალტერი, არ გასწიოს ზედმეტი დანახარჯები და ბიზნესი აწარმოოს ძალიან მარტივად,“ – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურში 3444 განაცხადია შესული,  საიდანაც 2500 მიკრობიზნესის სტატუსის მიღებას ითხოვს.

„მთავარია, რომ მიკრობიზნესით დაკავებული ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს და ლეგალურად შეეძლოთ ბიზნესის წარმოება. მათ არ ექნებათ იმის შიში, რომ ვიღაც მოულოდნელად დააჯარიმებს, ასევე არ შეექმნებათ სირთულეები იმ მეწარმეებს, რომლებიც მიკრობიზნესით დაკავებული პირებისგან იბარებენ საქონელს, სხვადახვა სახის პროდუქციას და ა.შ. ეს კარგი შესაძლებლობაა, ბიზნესმა იმუშაოს  სუფთად და გაფართოების შემთხვევაში, ადვილად მოხდეს მისი დარეგისტრირება მცირე მეწარმედ,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ახალი კურსის“ შემადგენელი ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი