ეკონომიკა

9 კომერციული ბანკი 180 მილიონ ლარს მიიღებს

17 თებერვალი, 2011 • • 974
9 კომერციული ბანკი 180 მილიონ ლარს მიიღებს

2011 წლის 17 თებერვალს ეროვნული ბანკის 7-დღიან N7 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ცხრა კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.35%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.07%–ით განისაზღვრა.

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი. ამდენად, მას აქვს საშუალება, რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

2010 წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი- გარანტირებული რეფინანსირების სესხი. აღნიშნული ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ, მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე განისაზღვრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. დღეისათჳის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე 8 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი