ეკონომიკა

კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია ნავთობის ფასის დაცემის შედეგია და შიდა მიზეზები არ აქვს

26 იანვარი, 2016 • 1321
კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია ნავთობის ფასის დაცემის შედეგია და შიდა მიზეზები არ აქვს

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია.

“ის, რაც დღეს არის – დევალვაცია, ეს არის პირდაპირი შედეგი იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. არის პირდაპირი კავშირი ამ მოვლენებს შორის, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია. თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაწერილი ნაბიჯები,  თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ  გარე მოვლენების ეს ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაცირით,   რათა მინიმიზაცია მოხდეს ამ ეფექტების.  ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს 22 იანვარს გადააჭარბა  და  2.4694 შეადგინა.  27 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსით კი 1 აშშ დოლარი  2.4970  ლარი ღირს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

მანამდე  ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია, როცა  1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა, მაშინ ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ლარის გაუფასურება ბოლოს 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2014 წლის 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი. ამ დროიდან მოყოლებული ლარი 0.72 ლარით გაუფასურდა. 2016 წლის იანვარში კი, 10 თეთრით.

პრემიერის კომენტარი ლარის კურსზე„მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემით არის გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია. “ის რაც დღეს არის – დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე და შეუძლებელია რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე. თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Tuesday, January 26, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი