ეკონომიკა

სად მალავს ქონებას ხოსნი მუბარაქი?

15 თებერვალი, 2011 • • 1401
სად მალავს ქონებას ხოსნი მუბარაქი?

ხოსნი მუბარაქი
ხოსნი მუბარაქი

პარიზი მზადაა, ქაიროს თხოვნით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ხოსნი მუბარაქის ფრანგული აქტივები გადაამოწმოს, იუწყება სააგენტო France Press ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინ ლაგარდის განცხადების საფუძველზე.

როგორც ლაგარდმა ჟურნალისტებს განუცხადა, საფრანგეთი მზადაა აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის დონეზე გადაწყდება.

მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წელიწადი მართავდა, გასულ პარასკევს 18 დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად  გადადგა. აღნიშნულ ფაქტს  წინ უძღოდა გართულებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, აგრეთვე, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მოშლა და დაძაბულობა.

სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ხოსნი მუბარაქის კუთვნილი მილიონობით ფუნტი სტერლინგის მოძიებას ბრიტანეთის მმართველობაც შეუდგა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ფულადი ქონება, შესაძლოა, ბრიტანეთის ბანკების საიდუმლო ანგარიშებზე იყოს განთავსებული, აგრეთვე, აღნიშნული თანხები, შესაძლოა, გაერთიანებული სამეფოს უძრავ ქონებაშიც იყოს ჩადებული.

გამომძიებლები კერძო საინვესტიციო კომპანიამ დააინტერესა, რომელიც ლონდონის ცენტრალურ რაიონში, ბელგრავიაშია, განთავსებული და მჭიდრო კავშირი აქვს მუბარაქის შვილებთან. ბრიტანელი ექსპერტების განმარტებით, ხოსნი მუბარაქის ვაჟმა, გამალ მუბარაქმა, ჯერ კიდევ 1996 წელს დააარსა ლონდონში საინვესტიციო კომპანია სახელწოდებით, „Medinvest Associates“.

ყოველკვირეული Sandy Times-ის ცნობით, მუბარაქის ოჯახის ქონება მინიმუმ, 2,4 მილიარდ დოლარს აღწევს, აღნიშნული თანხა განთავსებულია დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე, ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის უძრავ ქონებაში. ფინანსური ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მუბარაქსა და მის ახლობლებს ეგვიპტიდან ბრიტანეთის კუნძულებზე კაპიტალის გადატანაში დახმარება გაერთიანებული სამეფოს ბანკებმა გაუწიეს.

ეგვიპტის ლიდერის გადადგომისთანვე შვეიცარიის ბანკებმა მისი და მისი ახლობლების, აგრეთვე, მისი პარტიის ზოგიერთი ჩინოვნიკის ანგარიშები დაუყონებლივ გაყინეს.

„ფედერალური საბჭო-შვეიცარიის მმართველობამ გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაყინოს ყველა ანგარიში, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ხოსნი მუბარაქთან ან მის გარემოცვასთან“-ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში.

როგორც spb.rbc.ru იუწყება, ხოსნი მუბარაქი ბილ გეითსზე მდიდარი აღმოჩნდა.

სააგენტოს ცნობით, ხოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ ირკვევა, რომ ეგვიპტის ყოფილი ლიდერი მაიკროსოფტის დამფუძნებელზე, ბილ გეიტსზე მდიდარია. აშშ-ს უმდიდრესი ადამიანის ქონება 54 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ხოსნი მუბარაქის კაპიტალი კი 70 მილიარდ დოლარს აღწევს.

ეგვიპტის 80 –მილიონიანი მოსახლეობა, რომელთა ნახევარს დღეში მხოლოდ 2 დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ გამოიმუშავა მათმა პრეზიდენტმა მილიარდები, რომელსაც თვეში მარტოოდენ 808 დოლარის ოდენობის ჰონორარი ჰქონდა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მაღალ ეშელონებში არსებულმა კორუფციამ ხალხის აღშფოთება გამოიწვია და  იმ დემონსტრაციების ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რომელმაც საბოლოოდ არსებული რეჟიმი დაამხო.

ანტიკორუფციული კომისიის წინასწარი ვერსიით, რომელიც მუბარაქის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობებს იძიებს, ყოფილმა პრეზიდენტმა ქონება ოთხმოცდაათიან წლებში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების ფონზე გააყალბა.

„პრივატიზაცია გახდა უმსხვილესი კორუფციული აფიორა ეგვიპტის ისტორიაში ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან“,-განაცხადა ქვეყნის ერთ-ერთმა საქმიანმა გამოცემამ. თუმცა ეგვიპტის პოლიტიკური ელიტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ღია დებატები მხოლოდ და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

ხოსნი მუბარაქის ოჯახის ნაწილობრივი კეთილდღეობა იმანაც განაპირობა, რომ კლანის ბევრი წევრი იმ ორგანიზაციებში მუშაობდა, რომელსაც საინტერესო პროექტებთან და დიდ ფულთან ჰქონდათ შეხება. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ ხოსნი მუბარაქის უმცროსი შვილი, გამალ მუბარაქი, გარდა ლონდონში მდებარე საინვესტიციო კომპანიის დირექტორობისა, ეგვიპტის მმართველი პარტიის საკმაოდ გავლენიანი წევრიც გახლდათ.

როგორც უკვე აღინიშნა, ხოსნი მუბარაქის გადადგომისთანავე მუბარაქის და მისი ოჯახის წევრების მიერ შვეიცარიის ბანკებში  განთავსებული ყველა საბანკო ანგარიში, შვეიცარიის მთავრობის განკარგულებით, გაიყინა, გარდა ამისა, ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებსაც მიმართავენ, რომ მიბაძონ შვეიცარის მაგალითს, თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ მუბარაქის ყველა ანგარიშის დაბლოკვა, უმაღლესი ხარისხის კონსპირაციულობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი