ეკონომიკა

მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინი

11 თებერვალი, 2011 • • 1483
მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინი

Image 3240
Image 3240

საქართველოში ინფლაციური პროცესების სწრაფ დინამიკას უკვე ყველა აღიარებს. ფაქტია, რომ 2010  წლის დეკემბერის დასაწყისში 100 ლარად გაცილებით დიდი მოცულობის ჩანთის შევსება შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, ვიდრე მიმდინარე წლის იანვარში, 1998 წელს კი 100 ლარის პროდუქტების შესაძენად შეუდარებლად დიდი ჩანთა დაგვჭირდებოდა, როგორც 2010 წელთან, ისე მიმდინარე პერიოდთან შედარებით.

100 ლარის შენაძენებისათვის „ჩანთების“ ზომების დაპატარავება წლების მატებასთან ერთად სრულიად ლოგიკურია, თუმცა, ლოგიკა ზომიერებაში უნდა ჯდებოდეს. გარკვეული, ზომიერი ინფლაცია ყოველთვის, ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა, როდესაც „ზომიერება“ ქრება, ჩნდება ტერმინები– „სწრაფად მზარდი ინფლაცია“, ჰიპერინფლაცია…

საქართველოს მოსახლეობამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველა ტიპის ინფლაცია გამოსცადა. საინტერესოა, ახლა რასთან გვაქვს საქმე?

არსებულ რეალობას შეუძლებელია, ზომიერი ინფლაცია დაარქვა, თუმცა, ქვეყანაში არსებული ინფლაცია არც სწრაფად მზარდია და, მით უმეტეს, შორს ვართ ჰიპერინფლაციის სიტუაციიდან. სინამდვილეში, ამჟამად საქართველოში არსებულ ინფლაციას, რეალობიდან გამომდინარე, მეტნაკლებად ზომიერი, თუმცა სწრაფად მზარდისკენ „მიდრეკილი“ ეთქმის.

საქართველოში არსებული ინფლაციური ფონის შესახებ არაერთი დისკუსია შედგა, თუმცა ინფლაციის გამომწვევი ბევრი ფაქტორი კვლავ განუხილავი დარჩა. ქვეყანაში არსებული ინფლაციის მთავარ მიზეზად მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ძირითადად, მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ვითარებას, ანუ გაზრდილ ფასებს ასახელებენ, თუმცა რეალურად ინფლაციის გამომწვევი სხვა უამრავი ფაქტორი არსებობს.

ინფლაციის მასტიმულირებელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაკავშირებულია ტერმინთან „ინფლაციური მოლოდინი“. კერძოდ, ინფლაციური მოლოდინი არის სიტუაცია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანების მოლოდინს ფასების საერთო დონის მოსალოდნელ ცვლილებაზე.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ინფლაციური მოლოდინი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია მოკლევადიან პერიოდში პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ ინფლაციას მხოლოდ ინფლაციური მოლოდინი განაპირობებს, თუმცა არსებულ ვითარებაში, როდესაც მთელ რიგ შემთხვევებში ქვეყანაში ცალკეულ სამომხმარებლო პროდუქტზე დეფიციტი დაფიქსირდა, მოსახლეობაში კი  ფასების ზრდით გამოწვეული პანიკა შეინიშნებოდა, გვაფიქრებინებს, რომ ამოქმედებულია ინფლაციური მოლოდინის ფაქტორი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში საქართველოში არსებული ინფლაციის მასტიმულირებელ საშუალებად იქცა.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ინფლაციური მოლოდინი, როგორც ინფლაციის მასტიმულირებელი ფაქტორი, ამოქმედდა, არის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირება ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ.

გასული ორი თვის განმავლობაში ინფლაციური პროცესები განსაკუთრებულად საგრძნობი გახდა საქართველოს მოსახლეობისათვის. თუმცა სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ერთის მხრივ, არასაკმარისად განმარტავდნენ ინფლაციის მიზეზებს, ხოლო, მეორე მხრივ, საკმაოდ ბუნდოვან სამომავლო პროგნოზებზე საუბრობდნენ. ცხადია, არსებული ვითარება რიგით მოქალაქეებში საფუძვლიან დაბნეულობას იწვევს და არასტაბილურობის განცდას ამკვიდრებს.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, საშუალოვადიან პერიოდში კი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელსაც, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად. გამომდინარე აღნიშნულიდან, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2011-2013 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საქართველოში 6 პროცენტს შეადგენს. თუმცა მოცემული რეალობა ინფლაციის არსებულ დონესთან მიმართებაში სრულიად სხვაგვარია.

გამომდინარე არსებული რეალობიდან, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია, რომ სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან გაკეთდეს შესაბამისი გონივრული განმარტებები ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლებთან მიმართებაში. აღნიშნული განმარტებები, როგორც მინიმუმ, უზრუნველყოფს მოსახლეობაში არსებული ერთგვარი პანიკის, ანუ ინფლაციური მოლოდინის ანულირებას. ინფლაციური მოლოდინის განეიტრალებამ კი, თავის მხრივ, შესაძლებელია, მოკლევადიან პერიოდში მოსახლეობის მხრიდან სამომხმარებლო პროდუქტებზე ჭარბი მოთხოვნილების დასტაბილურება უზრუნველყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი